Friday, November 25, 2011

„სუბარუმ“ უსწრაფესი „იმპრეზა“ – S206 დაამზადა

Subaru Unleashes Crown Jewel of JDM Impreza STi Series with New S206
25 ნოემბერი
თავის თაყვანისმცემლებს „სუბარუმ“ შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა – პოპულარულ სპორტულ სედან „იმპრეზა STI–ს“ გაუმჯობესებული და უფრო მძლავრი ვერსია, S206 შეიმუშავა, რომელსაც მხოლოდ 300 ცალს დაამზადებს და მხოლოდ იაპონიაში გაჰყიდის.

ახალ ავტომობილს იაპონურმა კომპანიამ „STI მომართული მანქანების გვირგვინი“ უწოდა. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელების ნყოფი, რომელიც „სუბარუმ“ ბაზარზე S–სერიის ავტომობილების (S203, S204, S205) გამოშვებით დაიწყო. რა თქმა უნდა, ახალ ავტომობილში „სუბარუმ“ რიგი სიახლეები გამოიყენა. ესაა „ბილშტაინის“ ამორტიზატორები, STi–ს ზამბარები, ასევე წინ საკიდარის ამორტიზატორების დამაკავშირებელი ღერძული მოქნილი ტიხარი, რომელიც მოსახვევების გავლისას, ავტომობილის მდგრადობას აუმჯობესებს.
S206 კომპანია BBS–ის წარმოების 19–დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც სპეციალურად ამ მოდელისთვის შეიმუშავეს. ბორბლები „მიშლენის“ სპორტული საბურავებით (პაილოტ სუპერ სპორტ) არის შემოსილი.
ყველაზე მთავარი სიახლე კი კაპოტის ქვეშაა. აქ ისევ ოთხცილინდრიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური ტურბოძრავი დგას, რომელსაც ცილინდრების წონების უფრო ოპტიმიზებული ბალანსი გამოარჩევს. შეიცვალა მუხლა ლილვისა და ბარბაცების კომპლექტი, რამაც ინჟინრებს ძრავის ბრუნთა რიცხვის გაზრდის საშუალება მისცა.
გარდა ამისა, ახალი პროგრამა შეიმუშავეს ძრავის მართვის ბლოკისთვის, დააყენეს უფრო მძლავრი, ეგრეთწოდებული წყვილგრაგნილიანი ტურბო დამჭირხნი და დაბალი წნევის გამოსაბოლქვი. ყოველივეს შედეგად, ძრავი უკვე 320 ცხენის ძალას და 431 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან, „სუბარუ“ აცხადებს, რომ ძრავი უფრო სწრაფად რეაგირებს აქსელერატორით მანიპულაციებზე, დაბალ და საშუალო ბრუნთა რიცხვებზე კი უფრო მეტ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ყველაფერი კი მანქანის შესანიშნავ აჩქარებას უზრუნველყოფს.
შეცვლილია ავტომობილის გარეგნობაც. ცვლილება შეეხო წინა ქვედა სპოილერს, რადიატორის ბადეს, ზღურბლებს, ახალია უკანა სპოილერიც, რომელიც საბარგულის კუდშია განლაგებული. სალონში „რეკაროს“ სპორტული, ღრმა სავარძლები დააყენეს, საჭეზე ძვირფასი ტყავია გადაკრული, ძრავის გაშვება კი სპეციალური ღილაკით ხდება.
იმ 300 ცალიდან, რომლებსაც „სუბარუ“ დაამზადებს, 100 ცალი S206 სპეციალური, „NBR ჩელინჯ“ პაკეტით აღიჭურვება, რომელიც „სუბარუმ“ ნურბურგრინგის წლვანდელ 24–საათიან რბოლაში, თავის კლასში გამარჯვებას მიუძღვნა. ამ კომპლექტში შედის კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული სახურავი და ზორბა უკანა სპოილერი. როგორც „სუბარუ“ აცხადბს, ამ ას ვერსიაზე უკვე მიღებული აქვს შეკვეთები. ანუ, ასეთი ავტომობილების შეძენა უკვე შეუძლებელია...

No comments:

Post a Comment