Saturday, November 26, 2011

ფეტელმა პოულების რეკორდი დაამყარა

Vettel takes record pole in Brazil
26 ნოემბერი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, გერმანელმა სებასტიან ფეტელმა ბრაზილიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მოიგო და ერთ სეზონში მოპოვებული პოულების რეკორდი დაამყარა. მის ანგარიშზე ამ სეზონში ეს უკვე მე–15 პოულია, ერთით მეტი, ვიდრე ნაიჯელ მენსელმა 1992 წლის სეზონში მოიპოვა.
ფეტელი ერთადერთი პილოტია, ვინც ინტერლაგუშის ერთი წრე წუთსა და 12 წამზე ნაკლებში გაიარა. მას მცირედით ჩამორჩა ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ უებერი, მესამე შედეგი კი „მაკლარენის“ ბრიტანელ ჯენსონ ბატონს აქვს. მხოლოდ მეოთხე შედეგს დასჯერდა აბუ დაბის ეტაპის გამარჯვებული ლუის ჰამილტონი.
„ფინიშის ხაზი რომ გადავკვეთე, ერთბაშად მომაწვა ემოციები, რადგან ვიცოდი, რომ ყველაფერი გავიღე ამ პოულისთვის. ამ პოულს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ფეტელმა, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ზედეზედ მეორე ტიტული, სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე გაინაღდა. ბრაზილიაში მოპოვებული პოული კი 30–ეა მის კარიერაში.
სხვათა შორის, მენსელმა თავისი 14 პოულ პოზიცია 16 რბოლაში მოიპოვა, ფეტელს კი თავისი 15–სთვის 19 რბოლა დასჭირდა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – რეკორდი მის ხელში გადავიდა. რბოლის შემდეგ უებერმა განაცხადა, მენსელის დახმარება მინდოდა, მაგრამ ვერაფერს გავხდიო. ავსტრალიელს ამ სეზონში ჯერ მოგება არ აქვს, თუმცა განვლილ რბოლებში, მის ანგარიშზე ყველაზე მეტი უსწრაფესი წრეა.
რაც შეეხება ბატონს, მესამე ადგილი ბრაზილიაში მისი საუკეთესო შედეგია ბოლო ექვს სეზონში. და ბუნებრივია, ამით კმაყოფილია. სხვათა შორის, შარშან, კვალიფიკაციის შემდეგ, ბატონს შეიარაღევული ყაჩაღები დაესხნენ თავს. და ახლა, ხუმრობით, რა იცი, რა ხდებაო, თავის თანაგუნდელებს, სეზონის განმავლობაში გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა.
ამგვარად, ამ სეზონში „რედ ბულის“ საკვალიფიკაციო დომინაცია დაგვირგვინდა. ავსტრიული გუნდის მრბოლებს, განვლილ 19 რბოლაში 18 პული აქვთ მოპოვებული. ერთადერთ შემთხვევაში, მათ ჰამილტონმა არ მისცა მოწინავე პოზიციის დაკავების საშუალება.



ბრაზილიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:11.918
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:12.099
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:12.283
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:12.480
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:12.591
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:13.050
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:13.068
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:13.298
9. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                  1:13.761
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:13.584
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:13.801
13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:13.804
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:13.919
15. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:14.053
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:14.129
17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:14.182
- - - - - - - - - -
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:14.625
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:15.068
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:15.358
21. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:16.631
22. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:16.890
23. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:17.019
24. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:17.060

No comments:

Post a Comment