Saturday, November 26, 2011

„ბრაბუსის“ მონსტრი ესენის მოტორ შოუზე

Brabus Unleashes a 611HP Hair Blower at the Essen Motor Show
26 ნოემბერი
„ბრაბუსმა“ უმძლავრესი ავტომობილების ტრფიალთ კიდევ ერთი შედევრი მოუმზადა. ესაა „მერსედეს ბენც SLS AMG როუდსტერის“ მისეული ვერსია, რომელიც პირველმა, ევროპული ტუნინგის ყველაზე დიდმა ფორუმმა – ესენის მოტორ შოუს დამთვალიერებელმა იხილა.

რა თქმა უნდა, ამ ავტომობილში ყველაზე საინტერესო, მისი გაძიერებული ძრავია. შეიცვალა მისი მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამა, რომელიც ანთების და შეფრქვევის ფაზებს ახლებურად ანაწილებს. ახალია გამოსაბოლქვი სისტემაც, რომელსაც ტიტანისგან დამზადებული მილები და ოთხი გამოსაბოლქვი აქვს. ეს სისტემა იმითაა გამორჩეული, რომ ჩვეულებრივ გამოსაბოლქვზე დაახლოებით 40 პროცენტით ნაკლებს იწონის. ყოველივეს შედეგად, ძრავის სიმძლავრე, 571–დან 611 ცხენის ძალამდე გაიზარდა.
შეიცვალა დაკიდების სისტემაც. ამიერიდან, ის რეგულირებადია. მისი მახასიათებლების შეცვლა სალონიდან, სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით შეიძლება. მოძრაობის დროსვე შესაძლებელია კლირენსის შეცვლაც. რეგულირების დიაპაზონი 40 მილიმეტრს აღწევს. ამორტიზატორებს მუშაობის ორი რეჟიმი აქვს – სპორტული და კომფორტული.
შეკვეთით შესაძლებელია სპეციალური სისტემის დაყენება, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილს 50 მილიმეტრით მაღლა სწევს, როდესაც სპეციალურ ღილაკს დააწვებით. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მანქანის სადგომის შემაღლებულ ნაწილზე დაყენებისას, მისი ძირი ბორდიურს არ მოედოს. ეს სისტემა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ავტომობილის სიჩქარე 30 კმ/სთ–ზე მეტი არაა. ამ ლიმიტის გადალახვის შემდეგ, ავტომობილი ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.
ახალი ჰიპერ ავტომობილის წინა ნაწილი 20–დუიმიან, უკანა კი 21–დუიმიან ბორბლებზე დგას. შესაბამისად, მათზე 275/30 ZR 20 და 295/25 ZR 21 ზომის საბურავებია ჩაცმული. ბორბლები საკუთრივ „ბრაბუსმა“ დაამზადა, რეზინი კი „მიშლენის“ წარმოებისაა.
ტუნინგგამოვლილი ავტომობილი იმავე აეროდინამიკური პაკეტით (რომლის ელემენტებიც კარბონის კომპოზიტით დამზადდა) აღჭურვეს, რომელიც „ბრაბუსმა“ ამავე ავტომობილის კუპესძარიანი ვერსიისთვის შეიმუშავა. ამ პაკეტში შედის წინა სპოილერი, რადიატორის ორივე მხარეს განლაგებული ჰაერის ამღები, გვერდითა ჰაერის ამღებები, რომლებზეც კომპანიის ლოგოა დასმული, სხვა ფორმის საწვავის ჩასასხმელის ხუფი, ახალი უკანა ბამპერი და მის ქვეშ განლაგებული დიფუზორი.
შეცვლილია სალონის გაფორმებაც, სადაც უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ დეტალებს შეხვდებით, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სპიდომეტრის დანაყოფი 400 კმ/სთ–ს უჩვენებს. თუმცა, რამდენად შეესაბამება ეს მაჩვენებელი რეალობას, ამას „ბრაბუსი“ ჯერ არ გვიმხელს – ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია.

No comments:

Post a Comment