Monday, November 21, 2011

„ფოლკსვაგენი“ ჩინეთში ელექტრომობილებს გამოუშვებს

Volkswagen aims to make EVs in China in 2013
21 ნოემბერი
„ფოლკსვაგენი“ ჩინეთში 2013 წელს ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს. „ფოლკსვაგენ ჩაინას“ შეფ კარლ–თომას ნოიმანის განცხადებით, მისი კომპანია ამ ავტომობილებს, ჩინელ პარტნიორებთან ერთად გამოუშვებს. ეს გადაწყვეტილება ვოლფსბურგელებმა მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში, ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნის გამო მიიღეს. ნოიმანის თქმით, ორი ელექტრომობილის წარმოება იგეგმება, რომელთა სვლის სიშორეც (ერთ დამუხტვაზე), 100–დან 200 კილომეტრამდე იქნება.
ამჟამად, „ფოლკსვაგენს“ ჩინეთში ერთობლივი საწარმოები აქვს SAIC–თან და „ჩაინა FAW“ ჯგუფთან. ორივესთან ერთად შექმნილ ერთობლივ კომპანიას უკვე მომზადებული აქვს ელექტრომობილის პროტოტიპი, რომელთა ბაზაზეც, სატესტო ავტომობილებს მომავალ წელს დაამზადებენ. ტესტების დროს, მათ დახვეწავენ და წარმოებისთვის მოამზადებენ.
„ჩინეთის და ევროპის ქვეყნების მთავრობებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ელექტრომობილები ძალიან მალე შეცვლიან შიდაწვისძრავიან ავტომობილებს. ჯერ არ ვიცით, ჩინეთში რა კანონები იმოქმედებს ელექტრომობილებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ესაა“, – გუანჩჟოუს ავტო შოუზე დასწრებისას განაცხადა ნოიმანმა.
„ფოლკსვაგენს“ მიზნად აქვს დასახული, რომ 2018 წელს მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი უნდა გახდეს. ამისათვის კი ისეთი სერიოზული კონკურენტების ჩამოტოვება მოუწევს, როგორებიც „ჯენერალ მოტორსი“ და „ტოიოტაა“. ამ მიზნის მისაღწევად კი ჩინურ ბაზარზე აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს უკვე მსოფიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარია.
შარშან გერმანული კომპანიის ჯგუფმა მთელს მსოფლიოში 7.14 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. გენერლების შედგი 8.39 მილიონი გაყიდული ავტომობილი იყო, „ტოიოტამ“ კი 8.42 მილიონით მსოფლიო ლიდერობა შეინარჩუნა. უახლოეს ხუთ წელიწადში, „ფოლკსვაგენი“ ჩინეთში 10.6 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს, რაც წარმოების გაორმაგების საშუალებას მისცემს. ცისქვეშეთში წარმოებული ავტომობილებს, ჩინეთის გარდა, განვითარებად ქვეყნებშიც გაიტანენ.
მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში, გერმანულმა კომპანიამ ჩინურ ბაზარზე უკვე 1.9 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. სულ კი, წელს 2 მილიონზე მეტი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. სხვათა შორის, ჩინეთში „ფოლკსვაგენის“ გაყიდვები უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ამ ქვეყნის საავტომობილო ბაზარი. შედარებისთვის, ჩინურ ბაზარზე თუ გაყიდვების მხოლოდ 5–პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი (შარშან 34 პროცენტით გაიზარდა), გერმანული კომპანიის ზრდს მაჩვენბელი მინიმუმ 9.4 პროცენტი იქნება.

No comments:

Post a Comment