Monday, November 21, 2011

„ფერარი“ თავისი ავტომობილების კოლექციონერთა კლუბს ქმნის

Ferrari plans new club to help loyal owners buy limited edition cars
21 ნოემბერი
„ფერარი“ მის მიერ წარმოებული ავტომობილების კოლექციონერთა კლუბს ქმნის, რომლის წევრებსაც შანსი ექნებათ, პირველებმა შეიძინონ ის ავტომობილები, რომლებსაც მარანელოელები ძალიან შეზღუდული რაოდენობით აწარმოებენ. კლუბში გაწევრიანებას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომელთა ფარეხშიც, სხვადასხვა წლებში გამოშვებული მინიმუმ ხუთი „ფერარი“ დგას. იტალიური კომპანიის ვარაუდით, მთელს მსოფლიოში სულ 300 ადამიანია, ვინც ხუთ, ან მეტ „ფერარის“ ფლობს.
„არ მინდა, რომ ჩვენს ერთგულ მყიდველს არ ჰქონდეს ჩვენს მიერ წარმოებული სპეციალური მოდელების შეძენის საშუალება“, – გამოცემა „აუტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა „ფერარის“ მთავარმა აღმასრულებელმა ლუკა კორდერო დი მონტეძემოლომ, რომელიც კლუბის სახელით, მისი კომპანიის მიერ გამოშვებულ სპეციალურ მოდელებს, პირველ რიგში, ამ კლუბის წევრებს შესთავაზებს.
კლუბის შექმნის იდეა დი მონტეძემოლოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოდელ 599 GTB–ს ღია ვერსია „ფერარი SA აპერტას“ (ფოტოზე) შეძენის ბევრმა მსურველმა, მისი ყიდვა ვერ შეძლო. იტალიურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილს მხოლოდ 80 ცალს დაამზადებს.
„აპერტას“ პრეზენტაცია შარშან, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე ჩატარდა. მისი ფასი ევროპაში 400 000 ევროა. მხოლოდ 80 ცალის დამზადება კი იმის გამო გადაწყდა, რომ ეს მანქანა „ფერარის“ პარტნიორ „პინინფარინას“ დაარსებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. „პინინფარინა“„ფერარის“ ისტორიის განუყოფელი ნაწილია – სწორედ ამ ატელიეს შემუშავებულია მარანელოელთა თითქმის ყველა საგზაო სუპერ ავტომობილი.
„ფერარის“ კოლექციონერთა კლუბი გაცილებით ექსკლუზიური ორგანიზაცია იქნება, ვიდრე ამჟამად მოქმედი (ფერარის მფლობელთა) კლუბებია, რომლებიც 30–ზე მეტ ქვეყანაში არსებობს და რომლებშიც საერთო ჯამში, დაახლოებით 13 000 ადამიანია გაერთიანებული. ამ კლუბების წევრები ხშირად მონაწილეობენ ეგრეთ წოდებული სატრეკო დღეების რბოლებში, ელეგანტურობის კონკურსებში და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში.
ექსკლუზიური კლუბის წევრებისთვის, „ფერარი“ ყოველწლიურად ჩაატარებს სპეციალურ ღონისძიებებს, სახელად „ფერარი კავალკადე“, რომლის დროსაც, მისი მონაწილეები, იტალიის სხვადასხვა რეგიონს თავიანთი მანქანებით (რა თქმა უნდა, ფერარით) ეწვევიან და აუცილებლად შეივლიან ფიორანოს (ფერარის კუთვნილ) სატესტო ტრეკზე, მუჯელოს სარბოლ ტრეკსა (ესეც ფერარის კუთვნილებაა) და მარანელოში, „ფერარის“ შტაბ–ბინაში. პირველი „ფერარი კავალკადე“ მერმისს, გაზაფხულზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას 120 მანქანა მიიღებს.

No comments:

Post a Comment