Friday, November 18, 2011

„ფოლკსვაგენ sT!“ – ელექტრონული ვენი გერმანიის ფოსტისთვის

Volkswagen Looks Into the Transporter's Future with New eT! Concept Van
18 ნოემბერი
60 წელიწდზე მეტია, „ფოლკსვაგენი“ კომერციულ ვენებს აწარმოებს. ეს ისტორია 1950 წელს დაიწყო, როდესაც გერმანულმა კომპანიამ „ხოჭოს“ ბაზაზე კომერციული ფურგონები T1 და T2 (კომბი და მიკრობუსი) გამოუშვა. შემდეგ, ამ ტიპის ვოლფსბურგულ ავტომობილებს „ტრანსპორტერი“ დაარქვეს. სახალხო ავტომობილების მწარმოებელი ამ ავტომობილის წარმოებას ისევ აპირებს და შესაძლოა, ის ბაზარზე ელექტრომობილის სახით გამოუშვას.
ყოველ შემთხვევაში, ასეთი ვარაუდის საბაბს იძლევა ის ფაქტი, რომ ახლახანს, „ფოლკსვაგენმა“ პოტსდამში კონცეპტუალური ფურგონი sT! წარმოადგინა, ავტომობილი, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა გერმანიის ფოსტის ოფისმა და ქალაქ ბრაუნშვაიგის ხელოვნების უნივერსიტეტმა მიიღეს. ცნობილია, რომ გერმანიის ფოსტა მსუბუქი კომერციული ვენების ერთ–ერთი უდიდესი მომხმარებელია მსოფლიოში.
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფის კვლევითი დივიზიონის დირექტორ იურგენ ლეოჰოლდის თქმით, პროექტზე მუშაობისას, გაითვალისწინეს გერმანიის ფოსტის მოთხოვნები და საჭიროებები. ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, თუ როგორი უნდა იყოს ახლო მომავლის კომერციული ფურგონი, რომელიც დიდხანს დარჩება ბაზარზე. აქცენტი გაკეთდა ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ძალურ დანადგარებზე მანევრულობაზე, რასაც ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში მოძრაობისას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ინჟინრებმა შეიმუშავეს სისტემები, რომლებმაც ასეთი ავტომობილის ექსპლუატაცია უნდა გაამარტივოს. ავტომობილი ასევე აღიჭურვა მომავლის საკომუნიკაციო სისტემების გამოყენებაზე.
sT! ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ბორბლებში განალაგეს. ამგვარად დაიზოგა ინტერიერის თავისუფალი ადგილი. პრეზენტაციისას არ ყოფილა ლაპარაკი ძრავის და ელემენტების ბლოკის მახასიათებლებზე. სამაგიეროდ ითქვა, რომ ავტომობილი აღჭურვილია მართვის ექსპერიმენტული სისტემით (დრაივ სტიკ), რომელიც ავტომობილის მგზავრის ადგილიდან მართვის საშუალებას იძლევა. ამასთან, გარკვეულ სიტუაციებში, ავტომობილის ნახევრად ავტომატურ რეჟიმში მართვაც შეიძლება. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს ორი რეჟიმი (მომყევი და ჩემთან მოდი), რომლებიც ხმოვან ბრძანებებს ასრულებს. პირველ შემთხვევაში, ბრძანების მიღების შემდეგ, მანქანა უკან გამოგყვებათ. მეორე შემთხვევაში კი, იქ მოვა (ახლო მანძილზე), სადაც უბრძანებთ.
sT!–ს მგზავრის მხარეს ორსეგმენტიანი კარი აქვს, რომელსაც ელექტრონიკა მართავს და აღებს/ხურავს. ჯერ მგზავრის კარი იღება და თუ უკანა (საბარგო) სექციაში გაქვთ საქმე, მაშინ მგზავრის კარს საბარგულისაც მიჰყვება. უკანა, საბარგო კარი კი სამსეგმენტიანია. მათგან ერთი ზედა სეგმენტია, რომელიც გაღებისას, იმ ადგილს გადაეფარება, სადაც მტვირთავს დგომა უწევს და ამგვარად, მას ნალექისგან იცავს.
გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ეს კონცეპცია მოკლე ხანში ბაზარზე ვერ მოხვდბა, ის ექსპერიმენტული ავტომობილია, რომელიც „ფოლკსვაგენის“ სპეციალისტებს, მსგავსი ავტომობილის რეალურად წარმოების დაგეგმარების საშუალებას მისცემს. გამოითქვა ვარაუდ, რომ ასეთი ავტომობილის წარმოება შესაძლოა, მიმდინარე დეკადის მეორე ნახევარში დაიწყება.

No comments:

Post a Comment