Friday, November 18, 2011

„ვოლვო“ უგზოობის XC90–ის ახალ სტილს არჩევს

C&D Nabs Official 2014 Volvo XC90 Design Proposals
18 ნოემბერი
„ვოლვო“ აღიარებს, რომ უგზოობის ავტომობილების ბაზარზე შესვლა ძალიან დააგვიანა, როცა XC90–ის წარმოება 2002 წელს დაიწყო. იმ დროისთვის, „მერსედესს“ M–კლასის წარმოება ხუთი წლის დაწყებული ჰქონდა, „ბეემვემ“ კი, X5–ის წარმოება სამი წლით ადრე დაიწყო.
თუმცა, შვედური კომპანია იმასაც აღიარებს, რომ XC90–მა მალევე მოიპოვა პოპულარობა და ის მალე ყველაზე ღირებული საექსპორტო პროდუქტი გახდა. 2005 წელს, სულ 85 000 ცალი XC90 გაიყიდა, რამაც შემოსვლის სახით, „ვოლვოს“ 6.2 მილიარდი დოლარი მოუტანა. ამ ავტომობილისთვის ყველაზე მიმზიდველი ბაზარი კი, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 2004 წელს ის 38 800 ცალი, შემდეგ წელს კი – 36 200 ცალი გაიყიდა.
მაგრამ ცხრა წელი ბაზარზე უცვლელად ყოფნა, სუპერ ავტომობილებისთვისაც კი მძიმე ტვირთია და შვედური უგზოობის ავტომობილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მართალია, ამ ცხრა წლის განმავლობაში, ის სამჯერ განაახლეს, მაგრამ კონკურენტული გარემო ინდენად მომთხოვნია, რომ ეს საქმეს ვერ შველის. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში, „ვოლვომ“ მფლობელი გამოიცვალა – „ფორდისგან“ ის ჩინურმა „ჯილიმ“ გამოისყიდა. და XC90–ის შეცვლაც სწორედ ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა.
რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის მეორე თაობასაც ძალიან უგვიანდება ბაზარზე გამოსვლა, თუმცა „ვოლვო“ ყველანაირად ცდილობს, რომ ისიც ისეთივე წარმატებული გახდეს, როგორიც პირველი იყო. ახალი ავტომობილის შემუშავება საწყის ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ის 2014 წელზე ადრე ვერ გამოჩნდება.
ლოს ანჯელესის ავტო შოუს გახსნამდე, სადაც შვედურმა კომპანიამ უკვე მოძველებული კონცეპტუალური „იუ“ წარადგინა, გამოცემა „ქარ ენდ დრაივერის“ ჟურნალისტები „ვოლვოს“ კალიფორნიულ დიზაინ ცენტრს ესტუმრნენ და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. იმავე ცენტრში, მათ ახალი XC90–ის რამდენიმე ესკიზი მოიპოვეს, რომლებზეც ახალი ავტომობილის რამდენიმე განსხვავებული დიზაინია ასახული. ამ ესკიზებიდან, მხოლოდ ერთზე ჩანს ავტომობილის წინა ნაწილი, რომელშიც „იუ–ს“ სტილთან მსგავსება შეინიშნება. დანარჩენ სამ ესკიზზე კი ავტომობილის უკანა ნაწილის სამი განსხვავებული ვერსიაა. ძირითადი განსხვავებები უკანა შუქფარებსა და საყრდენების დახრის კუთხეებშია.
დიზაინ ცენტრში „ქარ ენდ დრაივერის“ ჟურნალისტებისთვის არ დაუკონკრეტებიათ, ამ სამიდან რომელზეა მათი არჩევანი შეჩერებული. სამაგიეროდ, მათ განაცხადეს, რომ ახალი XC90 მათი პირველი ავტომოილი გახდება, რომელიც სრულიად ახალ, მოდულურ პლატფორმაზე აიგება. ამასთან, ამ ავტომობილის ძრავების გამაში მხოლოდ ოთხცილინდრიანი ძრავები შევა. გარდა ამისა, ავტომობილი კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემითაც აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment