Santa, Your Ride has Arrived: Hennessey's 2013 HPE800 Twin Turbo Jeep Grand Cherokee SRT8
22 დეკემბერი
რაში სჭირდება უგზოობის ავტომობილს 800 ცხენის ძალა? ალბათ არაფერში. მაგრამ თუ მისი სრულყოფა კომპანია „ჰენესიმ“ გადაწყვიტა, მაშინ გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. ან იქნებ, ტექსასური კომპანიის ინჟინრები, როდესაც მორიგ „სათამაშოს“ ქმნიდნენ, სანტა კლაუსზე და მისი მარხილის გამწევ ირმებზე ფიქრობდნენ, რომლებიც ალბათ ძალიან დაიღალნენ... და იქნებ, სანტას გადაადგილება ახლა სხვა გამწევ ძალას მიანდონ. მაგალითად, „ჯიპ გრანდ ჩეროკი SRT8–ს“?..
ამ ავტომობილს 6.4–ლიტრიანი „ჰემი“ V8 ძრავი მიერეკება, რომელიც 465 ცხენის ძალას და 630 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ძრავით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 4.8 წამში შეუძლია, მეოთხედ მილს (დაახლოებით 402 მეტრი) კი დაახლოებით 13 წამში გადის. მოკლედ, „გრანდ ჩეროკი SRT8“ თავის კლასში ერთ–ერთი უსწრაფესი ავტომობილია.
მაგრამ „ჰენესიში“ ჩათვალეს, რომ ეს საკმარისი არაა. ეს კომპანია „გრანდ ჩეროკის“ ტუნინგს ადრეც უტარებდა, მაგრამ ასეთ შედეგს პირველად მიაღწია. პირველ რიგში, ძრავის კუბატურა 7.0 ლიტრამდე გაიზარდა. მეორეც, ის წყვილი ტურბოკომპრესორით აღჭურვეს. რა თქმა უნდა, შეიცვალა ძრავი ელექტრონული მართვის სისტემა. შედეგად, ძრავის სიმძლავრემ 805 ცხენის ძალას, მაქსიმალურმა მაბრუნმა მომენტმა კი 1125 ნიუტონმეტრს მიაღწია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.1 წამში აკრიფოს, მეოთხედ მილს 10.9 წამში ფარავს და თანაც, მის ბოლოს სიჩქარე 209 კმ/სთ–ს აღწევს. მოკლედ, დრეგსტერობამდე ბევრი არაფერი უკლია...
მაინც, რა საჭირო იყო ასეთი მონსტრის დამზადება, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად, საგრძნობლად დადაბლებულია, იმდენად, რომ მას უგზოობის ავტომობილს ვეღარ უწოდებთ? ამაზე კომპანია „ჰენესი პერფორმენს ენჯინეარინგის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი ჯონ ჰენესიავად გიამბობთ:
„გასულ ხუთ წელიწადში, ჩვენ არაერთი „გრანდ ჩეროკი“ გადავაკეთეთ და მათი სიმძლავრე 600 ცხენის ძალამდე გავზარდეთ. მაგრამ ყოველთვის იყვნენ ისეთები, ვისაც მეტი უნდოდა. ასე რომ, ჩვენ ასეთი ავტომობილის პოტენციური კლიენტების ბაზა თავიდანვე გვქონდა და მათ „გრანდ ჩეროკის“ სპეციალური ვერსია მოვუმზადეთ. ეს ავტომობილი ასპენში მცხოვრები ადამიანისთვისაა, ვისაც სურს, რომ ნებისმიერ პირობებში, მისი ავტომობილი უსწრაფესი იყოს“.
ძრავის გარდა, „ჰენესიმ“ საბაზო მოდელს ტრანსმისია და მუხრუჭებიც გამოუცვალა. მუხრუჭები „ბრემბოს“ წარმოებისაა და ოთხივე ბორბალზე, ისინი 37.8 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე დისკოებს ეყრდნობა. შეიცვალა საკიდარის სიხისტე, რაც ავტომობილს მოსახვევების უფრო სწრაფად გავლის საშუალებას მისცემს. ბორბლები 20–დუიმიანია და ისინი ალუმინის შენადნობისგანაა ჩამოსხმული. რაც შეეხება ინტერიერს, აქ ტყავი ბატონობს, რომელსაც მყიდველი შეკვეთისას ირჩევს.
ყველაფერი კარგი, მაგრამ ტუნინგის ამ თავბრუდამხვევ შედევრს ფასიც გიჟური აქვს – 235 000 დოლარი. სამაგიეროდ, ასეთ გამორჩეული ავტომობილის ყიდვას მთელს მსოფლიოში მხოლოდ 24 ადამიანი შეძლებს. თანაც, ამ მონსტრით ხომ თავისუფლად შეგიძლიათ, „ფერარიზე“ ამხედრებულებს მტვერი აყლაპოთ...
მოკლედ, ვისაც ექსკლუზივზე ჭკუა ეკეტება, მსუქანი ჯიბეც უნდა ჰქონდეს...
No comments:
Post a Comment