Hyundai America Nabs BMW Designer Christopher Chapman
22 დეკემბერი
ერთ–ერთი მიზეზთაგანი, რომელიც კორეულ კომპანიებს – „ჰიუნდაის“ და „კიას“ წარმატებებში ეხმარება, მათი ავტომობილების დახვეწილი დიზაინია. ორივე კომპანიაში გაცნობირებული აქვთ, რომ ავტომობილის პოპულარობას ხშირად მისი მომხიბვლელობა განაპირობებს. ამიტომ, ორივე დიდი მონდომებით ცდილობს საკუთარი ავტომობილების გარეგნობის გაუმჯობესებას.
რა თქმა უნდა, ამ საქმეს გამოცდილი სპეციალისტები სჭირდება და რამდენიმე წლის წინ, „კია“ სწორედ ასე მოიქცა, როდესაც „აუდიდან“ პეტერ შრაიერი გადაიბირა. ამის ხელი კი უმალ დაეტყო კორეული კომპანიის ავტომობილებს, რომლებიც არცთუ დიდი ხნის წინ, შეუხედაობით გამოირჩეოდნენ, დღეს კი ელეგანტურობაც არ აკლიათ.
ახლახანს კი „ჰიუნდაის“ ამერიკულმა შტომ, „ბეემვეს“ ყოფილ დიზაინერ კრისტოფერ ჩეპმენთან გააფორმა ხელშეკრულება. ჩეპმენი „ჰიუნდაის“ ამერიკული დიზაინის ცენტრის (ირვინი, კალიფორნია) ხელმძღვანელად დაინიშნა. ის ამ ცენტრში „ჰიუნდაის“ ახალი ავტომობილების და კონცეპტუალური მოდელების შემუშავებას უხელმძღვანელებს.
„კრისს ავტოინდუსტრიაში მუშაობის 22 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ჩვენი დიზაინის გამრავალფეროვნების და დახვეწის უნარი შესწევს. აღფრთოვანებულები ვართ „ჰიუნდაის“ დიზაინის შეფად მისი დანიშვნით და ვფიქრობთ, ის ჩვენი მანქანების გარეგნობის კიდევ უფრო დახვეწას შეუწყობს ხელს“, – ამბობს „ჰიუნდაის“ დიზაინის განყოფილების უფროსი, „ჰიუნდაის“ დიზაინ ცენტრის უფროსი აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი სუკგეონ ო.
ჩეპმენმა თავისი კარიერა 1989 წელს დაიწყო, როცა „ისუძუს“ ამერიკის ტექნიკურ ცენტრში (კერიტოსი, კალიფორნია) მიიღეს. მოგვიანებით, მას საჩვენებელ მოდელ XU–1–ის ექსტერიერის დიზაინის დამუშავება დაევალა, რასაც შესანიშნავად გაართვა თავი. ასე განსაჯეთ, ამ პროექტმა, ტოკიოს 1993 წლის მოტორ შოუს საუკეთესო კონცეპტუალური ავტომობილის წოდებაც კი დაიმსახურა.
1994 წელს ჩეპმენი „ბეემვეში“ გადავიდა, სადაც კომპანიის კალიფორნიულ დიზაინ ცენტრში დაიწყო მუშაობა. აქ მან „X5 სპორტ ექტივიტის“ და კონცეპტუალური X კუპეს (ფოტოზე) ექსტერიერზე იმუშავა, რის შემდეგაც გერმანიაში გადაიყვანეს. მონაწილეობა მიიღო კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ CS1–ის შემუშავებაში. მოგვიანებით კი 1–ლი სერიის კუპეს დიზაინის შემუშავებაშიც მონაწილეობდა.
2002 წელს ჩეპმენი ბავარიული კომპანიის საავტომობილო დიზაინის დირექტორად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე კონცეპტუალური და სერიული ავტომობილის სტილი შემუშავდა. მათ შორის იყო X5, X3, Z4 და პირველი სერიის „ბეემვე“.
No comments:
Post a Comment