Ferrari Chairman Luca di Montezemolo to Run for Italian Presidency in 2013
21 დეკემბერი
„ფერარის“ პრეზიდნტი ლუკა დი მონტეძემოლო იტალიის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ, მან ლიბერალ–ცენტრისტულ პოლიტიკურ მოძრაობა „იტალიაფუტურას“ ღია წერილით აცნობა, რომელიც ორი წლის წინ თავადვე ჩამოაყალიბა.
„იტალიაფუტურა თავისი 40 000 წევრით, 2012 წლის არჩევნებში აქტიურად იბრძოლებს, რათა იტალიაში პოლიტიკური ატმოსფერო შეცვალოს. მეორე რესპუბლიკა ჩავარდა. და როდესაც იტალიელი ამომრჩევლები საარჩევნო ყუთებთან მივლენ, მათ ახალი იდეები და ახალი ლიდერები უნდა შევთავაზოთ, რაც მათ იმაში დაეხმარება, რომ ზურგს შეაქცევენ იტალიურ პოლიტიკაში წარმოქმნილ ტოტალური ჩავარდნის პერიოდს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც „გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.
გარდა იმისა, რომ „ფერარის“ ხელმძღვანელია, დი მონტეძემოლო ასევე სათავეში უდგას იტალიის მრეწველობის ასოციაცია „კონფინდუსტრიას“. უკვე რამდენიმე წელია, პერიოდულად ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. აქამდე ის ყოველთვის უარყოფდა ამას. თუმცა, როდესაც მოძრაობა „იტალიაფუტურა“ ჩამოაყალიბა, ნათელი გახდა, რომ ადრე თუ გვიან, ის პოლიტიკაში აუცილებლად მოვიდოდა.
ლუკა კორდერო დი მონტეძემოლო 64 წლისაა. მის კარიერაში ყველაზე გამორჩეული ადგილი ავტოსპორტს, ფორმულა ერთს უკავია. ყველაფერი კი „ლანჩას“ მანქანით რალის რბოლებში მონაწილეობით დაიწყო. მოტომრბოლის კარიერა დიდხანს არ გაუგრძელებია, მალე მუშაობა „ფიატ–ში“ დაიწყო, 1973 წელს „ფერარიში“ გადავიდა, სადაც ენცო ფერარის ასისტენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ, ის „ფიატ–ის“ სარბოლი შტოს ხელმძღვანელი გახდა. იქიდან მოყოლებული, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.
1990 წელს დი მონტეძემოლომ ფიფა–ს მსოფლიო თასის (რომელიც იტალიაში ჩატარდა) საორგანიზაციო კომიტეტს უხელმძღვანელა, რის შემდეგაც, „ფიატ–ის“ მფლობელმა ჯანი ანიელიმ „ფერარის“ პრეზიდენტად მიიწვია. ამ პოსტის დაკავებისთანავე, მისი მთავარი მიზანი, საგზაო ავტომობილების ხარისხის და მანევრულობის გაუმჯობესება გახდა. ცნობილია სიტყვები, რომლებიც მან „ფერარის“ ერთ–ერთ თანამშრომელს უთხრა: „ნუ მატყუებ, მე „ფერარის“ მფლობელი ვარ, მე კარგად ვერკვევი მანქანებში“.
მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს შედარებით ადვილი საქმე იყო. ყველაზე რთული კი, კრიზისში მყოფი ფორმულა ერთის გუნდის მოწინავეთა რიგებში დაბრუნება იყო. ლუკა რომ „სკუდერიას“ სათავეში ჩაუდგა, გუნდი მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვერაფრით ახერხებდა. მარანელოელებს ბოლო ტიტული 1979 წელს, სამხრეთაფრიკელ ჯოდი შექტერთან ერთად ჰქონდათ მოპოვებული.
დი მონტეძემოლოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან დასახულ ამოცანას ბრწყინვალედ გაართვა თავი. პირველ რიგში, მან გუნდში გამორჩეული ხალხი მოიყვანა. „პეჟო სპორტიდან“ გადმოიბირა ფრანგი ჟან ტოდტი (ამჟამად საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტია), „ბენეტონიდან“ კი ბრიტანელი ინჟინერი და მენეჯერი როს ბრაუნი და ფ1–ის ერთ–ერთი საუკეთესო ინჟინერი რორი ბირნი მოიყვანა. ყველაზე მთავარი კი გუნდში (იმ დროისთვის) მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, გერმანელი მიხაელ შუმახერის მოყვანა იყო.
ყოველივეს შედეგი ბრწყინვალე იყო: გუნდმა კონსტრუქტორთა 8 თასი მოიპოვა (2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2007, 2008 წლებში), შუმახერი კი ზედიზედ ხუთჯერ (2000, 2001, 2002, 2003, 2004 წლებში) გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ამასთან, „ფერარისა“ და შუმახერის ტანდემმა სტატისტიკის არაერთი რეკორდიც გააუმჯობესა.
დი მონტეძემოლოს პერიოდში, „ფერარი“ არასაიმედო, ძნელად სამართავი „მდიდართა სათამაშოების“ მწარმოებლიდან, უძვირფასესი, ყველანაირად დახვეწილი ავტომობილების მწარმოებლად გარდაიქმნა, რომელიც უხვად ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს. და დღეს ეს კომპანია ყველასათვის მისაბაძი მაგალითი გახდა.
დღეს კი, როდესაც იტალია ეკონომიკურ კრიზისშია და ხშირად, აწ უკვე ყოფილ პრემიერ მინისტრ სილვიო ბერლუსკონის გარშემო ატეხილი სკანდალების კონტექსტში მოიხსენიება, დი მონტეძემოლომ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა და ამისათვის მეტად ხელსაყრელი დრო შეარჩია.
ის ამბობს, რომ მომავალი არჩევნები ისტორიაში შევა. ის ამბობს, რომ ივნისამდე უნდა დასრულდეს „იტალიაფუტურას“ ძალიან ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ქსელის შექმნა. ამასთან, მოძრაობა შეიმუშავებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის მოგვარების რეალურ გეგმებს.
დღეს იტალიაში არსებული პოლიტიკური ძალების რეიტინგი ძალიან დაბალია. ამ დროს, „ფერარი“ ქვეყნის ეროვნული სიამაყის სიმბოლოდ იქცა, რაც დი მონტეძემოლოს საარჩევნო კამპანიისთვის კარგი საწყისი პლატფორმაა. ეს კი ნიშნავს, რომ „ფერარის“ პრეზიდენტს და მის მოძრაობას, არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ექნებათ და თუ ასე მოხდა, „ფერარის“ შეფი იტალიის პრემიერის სავარძელსაც მოირგებს...
No comments:
Post a Comment