Zhejiang Youngman Lotus Automobile Co
23 დეკემბერი
მართალია, „ჯენერალ მოტორსმა“ ჩინურ საავტომობილო კომპანია „ჟეძიან იონმან ლოტუსს“ „სააბის“ შეძენის უფლება არ მისცა, მერე კი შვედურმა კომპანიამ სასამართლოში გაკოტრებაზე შეიტანა განცხადება, მაგრამ ჩინელები მაინც იმედს არ კარგავენ, რომ სასურველ ლუკმას ხელში ჩაიგდებენ.
ამ ლუკმის პირველი ნაჭერი კი არის კონცეპტუალურ მოდელ „ფინიქსის“ პლატფორმა, ავტომობილისა, რომელიც „სააბმა“ ჟენევის მოტორ შოუზე წელს წარადგინა. გამოცემა „ავტომოტივ ნიუს ჩაინას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „იონმანმა“ ამ პლატფორმის გამოყენების უფლება უკვე შეიძინა და მასზე თავისი მოდელების დამყნობას აპირებს.
„იონმანის“ წარმომადგენელმა რეიჩელ პანმა „ავტომოტივ ნიუს ჩაინას“ განუცხადა, რომ მისმა კომპანიამ შვედეთში შვილობილი კომპანია ჩამოაყალიბა, რომელიც „ფინიქსის“ პლატფორმაზე ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. თუმცა, მას „იონმანის“ ინვესტიციის მოცულობაზე და ახალი მოდელების შესახებ არაფერი უთქვამს. არც ის დაუსუზტებია, აპირებს თუ არა მისი კომპანია სახელ „სააბის“ შეძენას.
სამაგიეროდ, პანმა განაცხადა, რომ „ფინიქსი“ თავიდან ბოლომდე „სააბის“ ინჟინრების მიერაა შემშავებული და მასში „ჯენერალ მოტორსის“ ტექნოლოგიები არ გამოუყენებიათ. ამგვარად, ამერიკულ კომპანიას აღნიშნული გარიგების დაბლოკვა არ შეუძლია.
გადარჩენის შემთხვევაში, „სააბი“ კონცეპტუალური „ფინიქსის“ პლატფორმის (რომელსაც მოდულური კონსტრუქცია აქვს, რაც სხვადასხვა კლასის ავტომობილებში მის გამოყენებას აადვილებს) გამოყენებას რამდენიმე მოდელისთვის აპირებდა. პირველ რიგში, მის ბაზაზე მომდევნო თაობის 9–3–ის გამოშვება იგეგმებოდა, შემდეგ კი, მოდერნიზებულ პლატფორმაზე ჯერ 9–2–ს და 9–7–ს შეიმუშავებდნენ.
No comments:
Post a Comment