Trulli says Caterham is ready to score its maiden F1 points finish in 2012
23 დეკემბერი
იარნო ტრული დარწმუნებულია, რომ „კატერჰემს“ აუტსადერობიდან, პელოტონის შუაში გადასვლა შეუძლია და რომ მომავალ სეზონში, აუცილებლად იბრძოლებს პირველი ქულებისთვის. ამასთან, ის „110 პროცენტითაა მოტივიტრბული, იმისათვის თავის გუნდს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს“.
გასულ სეზონში გუნდს, რომელიც ჯერ კიდევ „ლოტუსად“ მოიხსენიებოდა, სერიოზული პრობლემები ჰქონდა – მანქანა ძნელად სამართავი იყო. კონკრეტულად კი, საჭის მექანიზმის გამაძლიერებელი გამართულად არ მუშაობდა. რა თქმა უნდა, ეს პილოტებს პრობლემებს უქმნიდა, რამაც წარმოშვა აზრი, რომ მომავალ სეზონში ტრული იქ არ დარჩებოდა.
მაგრამ იტალიელი, ვის ანგარიშზეც ფ1–ში ჩატარებული 252 რბოლაა, ამბობს, რომ ყველაზე ძნელ მომენტებშიც კი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ გუნდს ამ პრობლემების მოგვარებაში და მესამე სეზონისთვის უკეთ მომზადებაში დახმარებოდა. ის ამბობს, რომ „კატერჰემის“ ტექნიკურ პერსონალში მომხდარი ცვლილებები და მანქანაზე კერს–ის პირველად დაყენება, გუნდს ქულებისთვის ბრძოლაში დაეხმარება.
„ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც იმედს გვინერგავს. სხვა თუ არაფერი, მომავალ სეზონში კერს–ით ვიასპარეზებთ, რაც სერიოზული წინსვლაა. მახსოვს, „ტოიოტაში“ რომ ვიყავი, ამ სისტემის გარეშე მანქანა სულ სხვა იყო. გაუმჯობესდა ჩვენი გუნდის ტექნიკური სტრუქტურაც. რა ტქმა უნდა, არ ვიტყვი, რომ რბოლების მოგებას შევძლებთ, მაგრამ იმის ამბიცია კი გვაქვს, რომ ახალბედების ჯგუფი საბოლოოდ დავტოვოთ და პელოტონის შუაში გადავინაცვლოთ და ეს მიუღწევადი სულაც არაა. ყოველ შემთხვევაში, ქულებისთვის ბრძოლას ვეცდებით“, – ამბობს ტრული.
ის დასძენს, რომ თავიდანვე დარწმუნებული იყო იმაში, რომ ტექნიკური პერსონალი მისი ცუდი გამოსვლის მიზეზებს დაადგენდა, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა: „ვერ ვიტყვი, რომ მანქანა მთლიანობაში უვარგისი იყო. პრობლემებს საჭის გამაძლიერებელი მიქმნიდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, მსგავსი პრობლემები მომავალ სეზონში აღარ გვექნება. გუნდში ყველამ თავიდანვე იცოდა პრობლემის არსი. ამას ტელემეტრიაც ადასტურებდა. ჰეიკი (კოვალაინენი) ასე თუ ისე, ახერხებდა ამ პრობლემასთან შეგუებას. მას ამის საშუალებას მისი მართვის სტილი აძლევდა. მაგრამ საბოლოოდ, ორი მე–13 ადგილი, რომლებმაც ჩვენი გუნდი კონსტრუქტორთა თასზე მეათე ადგილზე გაიყვანა, სწორედ ჩემს ანგარიშზეა. ეს კი გუნდს ბლომად ფულს მოუტანს“, – ამბობს ტრული და დასძენს, რომ გამოცდილება ის კოზირია, რომელსაც ნებისმიერი, თუნდაც აუტსაიდერი გუნდისთვის გადამხდელ პილოტებზე მეტი ხეირის მოტანა შეუძლია.
ამის მაგალითად კი მას „რენო“ მოჰყავს, რომელსაც აშკარად იმაზე უკეთესი მანქანა ჰყავდა, ვიდრე ჩემპიონატში ადგილი დაიკავა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვიტალი პეტროვს და ბრუნო სენას სპონსორები უმაგრებენ ზურგს და არა მათი შესაძლებლობები. თავისი სიტყვების დასადასტურებლად, ტრული იხსენებს, რომ ნიკ ჰაიდფელდმა რამდენიმე რბოლაში თითქმის იმდენივე ქულის მოპოვება შეძლო, რამდენსაც მთელს სეზონში პეტროვმა მოუყარა თავი.
No comments:
Post a Comment