გუნდებმა გორდიას კვანძი გადაჭრეს
Formula 1
19 ივნისი
გუშინ, ”რენოს” ენსტოუნის ბაზაზე, გვიან დასრულდა მოლაპარაკება ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციის (FOTA) წევრი რვა საჯინიბოს ხელმძღვანელობას შორის, რომლის შემდეგაც გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელი ხდება ფ1-ის ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზება.
დღეს მთავრდება ბოლო ვადა იმ გუნდებისთვის, რომლებსაც ჯერ მტკიცედ ვერ გადაუწყვეტიათ, აპირებენ მომავალი სეზონის ჩემპიონატზე ასპარეზობას, თუ - არა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გუნდებს შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, როგორც ჩანს, ეს უკანასკნელნი დათმობას არ აპირებენ.
”მას შემდეგ, რაც შარშან FOTA ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ თანამშრომლობა FIA-სა და ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელსაც (იგულისხმება ბერნი ეკლსტოუნი) შევთავაზეთ, რისი მიზანიც, ჩვენი სპორტის განვითარება იყო. არნახულმა ფინანსურმა კრიზისმა, ფორმულა 1-ს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მაგრამ FOTA-მ უმოკლეს ვადაში მოახერხა ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.
საქარხნო გუნდები კერძო გუნდებს დაეხმარნენ. ზოგიერთი მათგანი ახლა ჩვენს სპორტში არ იქნებოდა, FOTA-ს რომ არ ეაქტიურა. გუნდებმა ხარჯების ნებაყოფლობით შემცირებაზე მოილაპარაკეს, რითაც შემდგომ პროგრესს ჩაეყარა საფუძველი. ამ ძალისხმევის შემდეგ, გუნდებმა FIA-ს და კომერციულ უფლებათა მფლობელს ჩემპიონატში 2012 წლამდე დარჩენის სურვილი დაუდასტურეს.
ამის პასუხად, FIA-მ და კომერციულ უფლებათა მფლობელმა ჩაატარეს კამპანია, რომლის მიზანიც FOTA-ს დაქსაქსვა იყო. გუნდების უმრავლესობის სურვილები არავის გაუთვალისინებია, კომერციულ უფლებათა მფლობელი მათ მილიონობით საპრიზო დოლარის გაცემას უგვიანებს. არადა, გუნდებს გულწრფლად სჯეროდათ, რომ კომპრომისი შესაძლებელი იყო.
მაგრამ როცა სასწორზე სპორტის ფუნდამენტური ფასეულობები დევს, გუნდებს კომპრომისზე წასვლა მიუღებლად მიაჩნიათ და 2010 წლის ჩემპიონატისთვის განაცხადების წარდგენისას წამოყენებულ პირობებზე უარს არ ამბობენ. სხვა ალტერნატივა აღარ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ახალი ჩემპიონატი მოვამზადოთ. ამ ჩემპიონატს ეყოლება გამჭვირვალე მმართველობა, ექნება ყველასათვის საერთო და მისაღები რეგლამენტი, ის მიესალმება ახალი გუნდების გამოჩენას, გაითვალისწინებს გულშემატკივართა სურვილებს, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, ბილეთების ფასის შემცირებასაც ითვალისწინებს.
საუკეთესო მრბოლები, ვარსკვლავები, ბრენდები, სპონსორები და კომპანიები, რომლბიც ისტორიულად არიან დაკავშირებულნი ავტოსპორტის უმაღლეს დონესთან, ახალი ჩემპიონატის უშუალო მონაწილენი გახდებიან”, - ნათქვამია FOTA-ს ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ”ბეემვე ზაუბერი”, ”ბრაუნ GP”, ”სკუდერია ფერარი”, ”მაკლარენ მერსედესი”, ”რედ ბულ რეისინგი”, ”რენო”, ”სკუდერია ტორო როსო” და ”ტოიოტა”.
როგორც ჩანს, გუნდებსა და ფედფერაციას შორის ჩატეხილი ხიდის გამთელება ძალიან გაძნელდება. დღეს სილვერსტოუნზე მორიგი მოლაპარაკება იგეგმება, რომელშიც ალბათ მონაწილეობას FIA-ს პრეზიდენტი მაქს მოსლიც მიიღებს. ახლა მისი პასუხის ჯერია, პასუხში კი შეიძლება ამოვიკითხოთ, რომ მერმის ჩემპიონატში რვა ახალ გუნდს ვიხილავთ...
No comments:
Post a Comment