Buemi eyes Le Mans and Webber's 2013 race seat
6 იანვარი
ახლახანს სებასტიან ბუემი „რედ ბულ რეისინგის“ სარეზერვო პილოტი გახდა. შვეიცარიელი მრბოლი იმედოვნებს, რომ 2013 წელს, როცა სავარაუდოდ, ავსტრიულ გუნდს მარ უებერი დატოვებს, მის ადგილს თავად დაიკავებს. მანამდე კი რეზერვისტის როლს არ სჯერდება და ლე მანის რბოლაში აპირებს მონაწილეობას.
ბუემი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მას ფ1–ში უკვე სამი სეზონი აქვს გატარებული. „ტორო როსოდან“ მის გაშვებას ბევრი არ ელოდა, თუმცა იტალიურმა გუნდმა, რომლის მთავარი დანიშნულებაც, „რედ ბულისთვის“ ნიჭიერი მრბოლების მომზადებაა (სებასტიან ფეტელმა პირველად სწორედ ტორო როსოს მანქანით გამოიჩინა თავი), ბუემის გაშვების მიზეზად ახალი ტალანტების ძიების აუცილებლობა დაასახელა.
„რა თქმა უნდა, „ტორო როსოს“ გადაწყვეტილებამ ძალიან გამაკვირვა, თუმცა თითქმის მაშინვე, „რედ ბულმა“ კონტრაქტი შემომთავაზა. ცოტა ფიქრის შემდეგ დავთანხმდი. მათთან ყოფნას ჩემთვის ის მნიშვნელობა აქვს, რომ ასე ამ გუნდის საპრიზო პილოტობის შანსი იზრდება. პარალელურად, რამდენადაც ფ1–ში ტესტები შეზღუდულია, ჩვევების შესანარჩუნებლად, სხვა სერიებში გამოსვლა სასურველია. ასეთად ლე მანის 24–საათიანი რბოლა მიმაჩნია. ლე მანის უიკენდზე, ფ1–ში რბოლა არ იმართება. ამიტომ, სარტეს ტრასაზე ასპარეზობის საშუალება მექნება. მალე ლე მანის მონაწილე ტოპ გუნდები თავიანთი მანქანების ტესტირებას დაიწყებენ და მათში მონაწილეობა დიდად გამომადგება“, – ამბობს ბუემი.
შვეიცარიელი თვლის, რომ უმჯობესია, ჩემპიონ გუნდში მესამე პილოტი იყოს, ვიდრე მაჩანჩალაში იასპარეზოს. ამის მიუხედავად, სანამ „რედ ბული“ სარეზერვო პილოტობას შესთავაზებდა, მას რამდენიმე გუნდთან ჰქონდა მოლაპარაკება. ავსტრიულ გუნდთან მას მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს, რის შემდეგაც ის ფ1–ში სრულფასოვნად დაბრუნებას აპირებს. რა ტქმა უნდა, მისთვის საუკეთესო ვარიანტი „რედ ბულში“ დარჩენაა, ოღონდ არა რეზერვისტად, არამედ საპრიზო პილოტად. ამის შანსი კი იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ გუნდს უებერი დატოვებს.
No comments:
Post a Comment