Pirelli promises more exciting races in 2012 Formula 1 season
28 იანვარი
„პირელი“ ფორმულა 1–ის ფანებს პირდება, რომ მისი საბურავების წყალობით, მომავალ სეზონში რბოლები კიდევ უფრო საინტერესო გახდება. ამას კი, იტალიური კომპანია სხვადასხვა ტიპისს აბურავების შემდაგენლობის შერჩევისას, უფრო აგრესიული მიდგომით მიაღწევს.
კერძოდ, რეზინის სხვადასხვა შემადგენლობებს შორის განსხვავება შემცირდება და ამგვარად, გუნდებს უფრო მეტი ფიქრი მოუწევთ, სანამ საბურავებს შეარჩევენ. ამასთან, მათ ლავირების მეტი საშუალებაც ექნებათ. ყველა ტიპის რეზინი უფრო დარბილდება, რაც მათ უფრო კონკურენტულს გახდის. ამასთან, მათი ცვეთა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა გახდეს. რაც მთავარია, საბურავის გვერდითა ტორსიდან სამუშაო ზედაპირზე გადასვლა უფრო მკვეთრი იქნება, რის გამოც, საბურავებს კვადრატული პროფილი ექნება.
„პირელი“ აცხადებს, რომ ახალი საბურავების შემუშავებისას, მისმა სპეციალისტებმა, გუნდებთან კონსულტაციები გაიარეს. ამის მიზანი კი ისაა, რომ რბოლები არაპროგნოზირებადი იყოს. ასეთ პირობებში, რბოლების დროს, გუნდები ორ და სამ პიტსტოპიან სტრატეგიას აირჩევენ. აღსანიშნავია, რომ თუ ადრე სხვადასხვა ტიპის რეზინით რბოლისას, წრეზე დროებს შორის სხვაობა საშუალოდ 1.5 წამი იყო, ახლა ეს განსხვავება წამზე ნაკლები იქნება. უცვლელი დარჩება სუპერ სოფტის შემადგენლობა. სამაგიეროდ, დანარჩენი მარკების რეზინები უფრო დარბილდება.
უფრო შესამჩნევი იქნება რეზინის მარკირებაც. ჯერ ერთი, შრიფტების ზომა გაიზრდება. მეორეც, მათ უფრო მკვეთრი საღებავებით დაიტანენ. ისევე როგორც წინა სეზონში, ამჯერადაც სლიკის ოთხი მარკა დარჩება. ესენია სუპერ სოფტი (ზერბილი – წითელი), სოფტი (რბილი – ყვითელი), მედიუმი (საშუალო – თეთრი) და ჰარდი (მაგარი – ვერცხლისფერი). საშუალო წვიმის საბურავის შეფერილობა ლურჯის ნაცვლად მწვანე გახდება, ძლიერი წვიმისა კი – ფორთოხლისფერის ნაცვლად, ლურჯი.
ამასთან, „პირელიმ“ სპეციალური კომპიუტერული პროგრამა შეიმუშავა, რომელიც საბურავს, მისი დამზადებიდან (თურქეთის ქალაქ იზმიტში აწარმოებენ) მოყოლებული, სრულად გააკონტროლებს. ანუ, კომპიუტერი საბურავის მუშაობის ყოველ წუთს ჩაიწერს. ეს მონაცემები კი ხელმისაწვდომი იქნება არამხოლოდ „პირელის“ სპეციალისტებისთვის, არამედ ფორმულა ერთის მენეჯმენტისთვისაც (FOM).
No comments:
Post a Comment