Average age of U.S. light vehicles reaches record high, Polk says
24 იანვარი
საავტომობილო კვლევებზე სპეციალიზებულმა ამერიკულმა კომპანია „პოლკმა“ გამოაქვეყნა საკუთარი კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში არსებული ავტომობილების საშუალო ასაკი 10.8 წლამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ექსპერტები თვლიან, რომ ეს კარგი ინფორმაციაა ახალი ავტომობილებით მოვაჭრე დლერებისთვის, ასევე ავტომობილების სერვისზე სპეციალიზებული და სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე კომპანიებისთვის.
„პოლკის“ მიერ ჩატარებული ანალიზი უჩვენებს, რომ 1995 წლის შემდეგ, ამერიკაში ავტომობილების საშუალო ასაკი განუხრელად იზრდება, ეს პროცესი კი განსაკუთრებით ინტენსიური ბოლო ხუთ წელიწადში გახდა. თუ მსუბუქი ავტომობილების საშუალო ასაკი 2010 წელს 11 წელი იყო, შარშან ეს მაჩვენებელი 11.1 წლამდე გაიზარდა. პიკაპებისა და უგზოობის ავტომობილების კლასში, საშუალო ასაკის შესაბამისი მაჩვენებლებია 10.1 და 10.4 წელი.
ყოველივე კი კარგი სიგნალია დლერებისთვის, რადგან ავტომფლობელები ინტენსიურად დაიწყებენ ახალი ავტომობილების შესყიდვას, რაც შესაბამისად, მათზე მოთხოვნას გაზრდის. ეს პროცესი კი განსაკუთრებით ინტენსიური მას შემდეგ გახდება, რაც ეკონომიკური კრიზისი გადაივლის.
რა თქმა უნდა, ავტომობილის მოძველების კვალობაზე, იზრდება მისი დაზიანების ალბათობა, რაც რემონტის საჭიროებას ზრდის. ამგვარად, ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს საქმე ემატებათ. იზრდება სათადარიგო ნაწილების საჭიროებაც. მაგრამ ავტომობილების საშუალო ასაკი რაც უფრო უახლოვდება პიკს, მით უფრო იზრდება იმის შანსი, რომ ავტომფლობელები ინტენსიურად დაიწყებენ ახალი ავტომობილების შესყიდვას. „პოლკის“ ანალიზი აჩვენებს, რომ ამჟამად ამერიკელები ერთსადაიმავე ავტომობილს (ახალსაც და ძველსაც) საშუალოდ 53 თვის განმავლობაში იტოვებენ. ეს კი 18 თვით მეტია 2001 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მაგრამ, როგორც კი ავტომფლობელები ახალი ავტომობილების შეძენას დაიწყებენ, მეორე ხელის ავტომობილებზე ფასები დაეცემა. ასევე შემცირდება მოთხოვნა ტექნიკურ მომსახურებასა და სათადარიგო ნაწილებზეც. სხვათა შორის, ამერიკაში ახალი ავტომობილების გაყიდვების ზრდის პროცესი უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, ეს ტრენდი რამდენიმე წელი შენარჩუნდება.
საავტომობილო დილერთა ეროვნული ასოციაციის მთავარი ეკონომისტი პოლ ტეილორი ვარაუდობს, რომ წელს ახალი ავტომობილების ბაზარი კიდევ უფრო კონკურენტული გახდება, რადგან „ტოიოტა“, „ჰონდა“, „ნისანი“ და „სუბარუ“ სრულფასოვნად შეძლებენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც შარშან იაპონიაში მოხდარმა კატასტროფებმა და ტაილანდის წყალდიდობამ განაპირობა. ახალი ავტომობილების ბაზარზე კონკურენციის ზრდას კი შედეგად, ავტომობილების საშუალო ასაკის კლება მოჰყვება.
ტეილორი ვარაუდობს, რომ წელს ამერიკაში 13.9 მილიონი ავტომობილი გაიყიდება. ბევრი ანალიტიკოსი კი უფრო დიდი რიცხვებსაც კი ასახელებს. მტავარი კი ისაა, რომ ყველა გაყიდვების ზრდას ვარაუდობს. ცნობისათვის, შარშან მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებმა ამერიკაში 12.8 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია.
No comments:
Post a Comment