Mini to expand lineup to ten with three new versions by decade's end
24 იანვარი
„ბეემვეს“ ხელში, „მინი“ განუხრელად ძლიერდება და გაყიდვებსაც სულ უფრო ზრდის. ამ პატარა ავტომობილის ბაზაზე, ბავარიელებმა მთელი ოჯახი შექმნეს, რომელიც ამჟამად უკვე ექვს წევრს მოიცავს და მალე მათი რიცხვი შვიდამდე გაიზრდება.
„პატარების“ ოჯახის მეშვიდე წევრი სპორტული ქროსოვერი გახდება, რომელიც კონცეპტუალური „პეისმენის“ სახით, დეტროიტის შარშანდელ მოტორ შოუზე ვიხილეთ და რომლის სერიულ ვერსიასაც ალბათ „ქანთრიმენ კუპეს“ დაარქმევენ. მაგრამ „მინის“ მარკეტოლოგთა ფანტაზიები და წარმოსახვის უნარი ამით არ ამოიწურება. მათი მონდომების შედეგია ის, რომ „მინი“ თავისი სამდელო გამის ათამდე გაზრდას აპირებს.
მაგრამ სანამ ეს მოხდება, „მინი“ თავისი ავტომობილების გადახალისებას და განახლებას იწყებს: 2014 წელს ბაზარზე ახალი ჰეჩბეკი „მინი კუპერი“ გამოჩნდება, რასაც აბსოლუტურად ყველა არსებული მოდელის განახლება მოჰყვება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი სამი ახალი ავტომობილის გამოჩენაა მოსალოდნელი.
დღეისათვის „მინის“ სამოდელო გამაში შემდეგი ავტომობილები შედის: სტანდარტული ჰეჩბეკი „კუპერი“, „მინი კონვერტაიბლი“, კუპე, როდსტერი, უნივერსალი „კლაბმენი“ და ქროსოვერი „ქანთრიმენი“. მალე მათ „ქანთრიმენ კუპე“ დაემატება.
რა ტიპის ავტომობილი იქნება შემდეგი სამი, ამაზე ჯერ მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება. ვთქვათ, ერთი მინივენი იყოს, მეორე კი – ღია ქროსოვერი, როგორიცაა კონცეპტუალური „ბიჩქომბერი“ (ფოტოზე), რომელიც პირველად ორი წლის წინ, ჟენევის მოტორ შოუზე გამოჩნდა. მესამე თითქოს ჯუჯა „მინი“ უნდა ყოფილიყო, დაახლოებით ისეთი, როგორიც შარშან, ჟენევაში ნაჩვენები კონცეპტუალური „როკეტმენია“.
მაგრამ ახლახანს ბრიტანულმა გამოცემა „ქარ–მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „მინიმ“ (უფრო სწორედ, ბეემვემ) ამ პატარა ავტომობილის წარმოებისგან თავის შეკავება ამჯობინა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ავტომობილის წარმოებისთვის მომზადება მეტისმეტად ძვირი ჯდება და შესაბამისად, ავტომობილიც ძვირი ეღირება. სავარაუდოდ, მესამე ელექტრომობილი იქნება, რომელსაც ჰეჩბეკის ბაზაზე დაამზადებენ.
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, „მინის“ სპეციალისტების ფანტაზიებს ვენდოთ – აქამდე მათ ერთხელაც არ გავუწბილებივართ…
No comments:
Post a Comment