Volkswagen Introduces Five-Door Version of its Up! City Car
23 იანვარი
„ფოლკსვაგენმა“ თავის მინი ავტომობილ Up!–ის ხუთკარიანი ვერსიის ფოტოები და მცირე ინფორმაცია გაავრცელა. ავტომობილი, რომლის კოდური სახელწოდებაც „ნიუ სმოლ ფემილია“, მის სამკარიან ვერსიაზე 475 ევროთი ძვირი ეღირება. მას გერმანული კომპანია პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს და შეკვეთების მიღებასაც შოუს დასრულებისთანავე შეუდგება, თუმცა ავტომობილი ევროპელი დილერების შურუმებში მხოლოდ ზაფხულში გამოჩნდება.
ხუთკარიანი ჰეჩბეკის ბორბლებს შორის ბაზა სამკარიანისას ემთხვევა და მისი სიგრძე 2.42 მეტრია. ასევე უცვლელია საბარგულის მოცულობაც – 251 ლიტრი. უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში, ის 951 ლიტრამდე იზრდება. უცვლელია ასევე მანძილი უკანა სავარძლის ბალიშიდან სახურავამდე – 0.947 მეტრი (წინასი – 0.993 მეტრი). ამასთან, უკანა სავარძლებზე მსხდომი მგზავრების ფეხებისთვის სივრცის სიგრძე 0.789 მეტრია.
სამ და ხუთკარიან ჰეჩბეკები ერთიდაიგივე ძრავებითაც აღიჭურვება. ესაა ბენზინის სამცილინდრიანი 1.0–ლიტრიანი ძრავი, რომლის ერთი ვერსია 60, მეორე კი 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ძრავების ხარჯი 100 კილომეტრზე, თუ ავტომობილი სისტემა „ბლიუმოუშნითაა“ აღჭურვილი, მხოლოდ 4.2 და 4.3 ლიტრია. ერთნაირია ავტომობილების ეკიპირებაც (თეიქ აპ, მუვ აპ, ჰაი აპ, ბლექ აპ და უაით აპ).
გერმანული კომპანია ვარაუდობს, რომ Up!–ის მყიდველთა ნახევარი სწორედ ხუთკარიანი ვერსიის შეძენას ამჯობინებს. ამასთან, ახლო მომავალში, მინი ავტომობილის ხუთკარიან ვერსიებს „სეატი“ და „შკოდაც“ გამოუშვებენ.
No comments:
Post a Comment