Reactive ride banned because FIA believed it gave an aerodynamic benefit
23 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ეგრეთ წოდებული რეაქტიული საკიდარის აკრძალვის მიზეზი გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მოწყობილობის გამოყენება, ავტომობილის აეროდინამიკურ მახასიათებლებს აუმჯობესებს, ეს კი რეგლამენტის დარღვევა იქნება.
მოწყობილობა ჰიდრავლიკურ სისტემას მოჰყავს მოქმედებაში, რომელსაც სამუხრუჭე სისტემას ააქტიურებს, როდესაც პილოტი მუხრუჭებს იყენებს. ეს სისტემა პირველმა „ლოტუსმა“ შეიმუშავა და თავის ავტომობილზე, გასული სეზონის ბოლოს, ახალგზარდა პილოტების ტესტებისას გამოიყენა. ამასთან, მსგავსი სისტემა უკვე შემუშავებული აქვს „ფერარისაც“.
თავიდან FIA–მ სისტემა ლეგალურად მიიჩნია, რადგან ჩათვალა, რომ ის მხოლოდ საკიდართანაა დაკავშირებული და მისი მუშაობის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება. რეაქტიული საკიდარის მთავარ სარგებლად ის ფაქტი ჩაითვალა, რომ მისი მეშვეობით, ავტომობილი გზის საფარისგან დაშორებას თითქმის უცვლელად ინარჩუნებს, რისი წყალობითაც, ის მოსახვევებს უკეთესად გადის.
მაგრამ გუნდების დაჟინებული მოთხოვნით, FIA–ს ტექნიკურმა კომისიამ, სისტემის უფრო დაწვრილებით შესწავლა გადაწყვიტა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ყველაზე მეტ მოგებას, ის ავტომობილის აეროდინამიკურ მახასიათებლებს ანიჭებს. სისტემის შესწავლისას დადგინდა, რომ მისი ამოქმედებისას, საკიდარის ერთ–ერთი ელემენტის სიგრძე იცვლება, მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედება განსხვავებულად ხდება (განმარტებული არაა, როგორ). ეს კი არღვევს რეგლამენტის 3.15 პუნქტს, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ მოძრავი აეროდინამიკური ელემენტების გამოყენება აკრძალულია.
კერძოდ, 3.15 პუნქტში ნათქვამია, რომ ნებისმიერი დეტალი, რომელიც ავტომობილის აეროდინამიკურ მახასიათებლებზე გავლენას ახდენს, ავტომობილის დარესორებულ ნაწილთან მტკიცედ უნდა იყოს დაკავშირებული და არ უნდა ჰქონდეს თავისუფლების არანაირი ხარისხი. ასეთი დეტალები, ავტომობილის დარესორებულ ნაწილთან მიმართებაში, აბსოლუტურად უძრავი უნდა იყოს.
გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი (ამის გამოკვლევა აღარ ჩატარდა, რადგან სისტემის აკრძალვისთვის, ერთი დარღვევაც საკმარისია), რეაქტიული საკიდარის სისტემა, საკიდართან დაკავშირებულ რეგლამენტსაც (10.2.1 და 10.2.3) არღვევს. ამ პუნქტებიდან პირველი საჭის მექანიზმის და საკიდარის ურთიერთკავშირს არეგულირებს, მეორე კი განმარტავს, რომ ავტომობილის მოძრაობისას, მისი აეროდინამიკური ელემენტების რეგულირება არ შეიძლება.
საინტერესოა, რომ FIA გუნდებს რეაქტიული საკიდარის ტესტებზე გამოყენებას არ უკრძალავს. ამასთან, ფედერაცია მიიჩნევს, რომ გუნდებს მისი გამოყენება სეზონის პირველ ეტაპზე – ავსტრალიის დიდ პრიზზეც შეუძლიათ, რადგან ასეთ დროს, ინოვაციების რეგლამენტთან შესაბამისობის საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ რბოლის სტიუარდები ღებულობენ, რომლებმაც შესაძლოა, რეაქტიული საკიდარი რეგლამენტის დარღვევად არ მიიჩნიონ. თუმცა, ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ აზრით, ამგვარი სცენარი პრაქტიკულად გამორიცხულია.
No comments:
Post a Comment