VW plans to start EV production in China in 2014, exec says
18 თებერვალი
„ფოლკსვაგენის“ ორი ჩინური ერთობლივი საწარმო, 2014 ელექტრომობილების მცირესერიულ წარმოებას დაიწყებს, ოთხ წელწიადში კი მასობრივ წარმოებაზე გადავა. ამის შესახებ, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს“ გერმანული კომპანიის ჩინური შტოს მთავარმა აღმასრულებელმა კარლ-თომას ნოიმანმა განუცხადა.
„შანჰაი ფოლკსვაგენი“ და „FAW ფოლკსვაგენი“ თავიდან წლიურად რამდენიმე ათასი ელექტრომობილის წარმოებით დაიწყებენ, დროთა განმავლობაში კი თითოეული წლიურად 100 000 ელექტრომობილს გამოუშვებს. მართალია, ჯერჯერობით ელექტრომობილების ფასები იკბინება, მაგრამ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი სიძვირეა, რასაც აკუმულატორების მაღალი ფასი განაპირობებს. მეორე კი ელექტრომობილების საკმაოდ შეუხედავი დიზაინია. თუმცა ამათგან პირველი უფრო სერიოზული პრობლემაა, რადგან აკუმულატორების მაღალ ფასს მათი მცირესერიული წარმოება განაპირობებს და სანამ წარმოება გაიზრდება, ფასიც მაღალი დარჩება. ძვირი ავტომობილების გაყიდვა კი ძნელია.
მაგრამ ნოიმანი თვლის, რომ ჩინეთში ელექტრომობილებზე სოლიდური მოთხოვნა იქნება, რაც მის კომპანიას ამ ჩაკეტილი წრის გარღვევის საშუალებას მისცემს. ჩინეთში ელექტრომობილების (პლაგ-ინ ჰიბრიდული) გაყიდვას „ფოლკსვაგენის“ ორივე ერთობლივი საწარმო თითქმის ერთდროულად დაიწყებს. ამასთან, ისინი საკუთარ ელექტრომობილებს თავადვე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიმუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობამ, ელექტრომობილების წარმოება მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. ამ საქმისთვის, ცისქვეშეთელები შემდეგი ათი წლის განმავლობაში, წლიურად 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. ეს კი ამ ქვეყანას, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მოწინავე მწარმოებლად აქცევს. ამასთან, მთავრობას დასახელებული აქვს ქვეყნის 25 დიდი ქალაქი (მათ შორის პეკინი, შანჰაი, შენჟენი და სხვა), სადაც ელექტრომობილებზე განსაკუთრებული შეღავათები დაწესდება.
No comments:
Post a Comment