New Owner Plans to Resurrect Studebaker with a Hybrid Twist in the 21st Century
18 თებერვალი
45 წელია, ეს სახელი საავტომობილო სამყაროდან გაქრა. მაგრამ ახლახანს, ამერიკელმა ბიზნესმენმა რიკ რიდმა სახელ და ბრენდ „სტუდებეკერის“ გამოყენების უფლება გამოისყიდა და როგორც „ფოქს ნიუსი“ იტყობინება, ავტომობილების წარმოებაც აქვს განზრახული. დენვერელი მულტიმილიონერი, ვისაც ეკუთვნის კომპანია „ბიგ კაჰუნა“, ისეთი სახელების გაცოცხლებასაც აპირებს, როგორებიცაა „ლარკი“, „პრეზიდენტი“ და „ჰოკი“. ამ სახელებით ერთ დროს ავტომობილებს „სტუდებეკერი“ აწარმოებდა და რიდს სურვილი აქვს, რომ ამ მარკის ავტომობილები ისევ ძველი სახელებით აწარმოოს.
„როგორც „სტუდებეკერის“ ხელმძღვანელს, მსურს, რომ გამოვუშვათ მანქანები, რომლებიც თავიანთი სახელებით, კლასიკურ „სტუდებეკერებს“ მოგაგონებთ, მაგრამ იმავდროულად, 21-ე საუკუნის შესაფერისები იქნება. და რა თქმა უნდა, მსურს, რომ „სტუდებეკერი“ კვლავ ამერიკული ცხოვრების ნაწილი გახდეს. ასევე ჩემი ოცნებაა, რომ შევქმნა ახალი და აღვადგინო ძველი ქარხნები, სადაც ამერიკელები იმუშავებენ. და რაც მთავარია, გამოვუშვა ავტომობილები, რომლებიც მთელს მსოფლიოში სამაგალითო იქნება“, - საკუთარ ვებგვერდზე წერს რიდი.
ბიზნესმენი დასძენს, რომ ის აქცენტს ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე გააკეთებს, რადგან მიაჩნია, რომ ელექტრომობილების დამკვიდრებას დრო უნდა. რიდს სურს, რომ მის მიერ აღდგენილმა კომპანიამ მოწყობილობა „ჰიდრისტორი“ გამოიყენოს, რომელიც კომპანია „დე ლორეანისთვის“ ცნობილმა კონსტრუქტორმა ტომ კასნერმა შეიმუშავა. „ჰიდრისტორი“ არის ჰიდრავლიკური ტრანზისტორი, რომელიც თავის ეფექტურობას უსაფეხურო ვარიატორებში ავლენს.
რიდი ამბობს, რომ სანამ „სტუდებეკერის“ მარკით ავტომობილების წარმოებას შეუდგებოდეს, სხვა კომპანიასთან ერთად (რომელიც არ დაუსახელებია), შეზღუდული რაოდენობით, პიკაპის გამოშვებას აპირებს, რომელიც 70 000 დოლარი ეღირება და რომლის გაყიდვებით მიღებულ მოგებასაც, ახალი მოდელების ათვისებისთვის გამოიყენებს. ამასთან, მას იმედი აქვს, რომ ასე ინვესტორების მოზიდვასაც შეძლებს.
„სტუდებეკერი“ 1852 წელს დაარსდა და თავიდან სამხედრო დანიშნულების ვაგონებს აწარმოებდა. შემდგ საფერმერო და საშახტო ვაგონების წარმოებაც დაიწყო. ამ კომპანიის პირველი ავტომობილი ელექტრომობილი იყო და ის 1902 წელს შეიქმნა. „სტუდებეკერი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც მონობლოკური ძრავი გამოიყენა (1913 წელს). 1929 წელს, მის სამოდელო გამაში 50 ავტომობილი შედიოდა. მაგრამ იმავე წელს, დიდი დეპრესია დაიწყო, რაც „სტუდებეკერის“ გაყიდვებზეც აისახა. თუმცა, მალე კომპანია ისევ მომგებიანი გახდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მისი საქმე ცუდად წავიდა - პატარა კომპანია დიდი ამერიკული სამეულისგან კონკურენციას ვეღარ უძლებდა. შემდეგ ის „პაკარდს“ შეუერთდა, მაგრამ ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული შეცდომების გამო, გაყიდვები კიდევ უფრო დაეცა და მალე ქარხნების დახურვა გახდა აუცილებელი. ბოლოს კი, 1966 წლის 16 მარტს, კომპანიამ არსებობა შეწყვიტა.
No comments:
Post a Comment