Hyundai Still Thinking About Making Genesis a Separate Luxury Brand
19 თებერვალი
ბოლო ათ წელიწადში კორეული საავტომობილო კომპანიები სწრაფი ტემპით ვითარდებიან. ადრე მათს პროდუქციას ისინი ყიდულობდნენ, ვისაც ახალი მანქანა სურდა, მაგრამ პირადი ბიუჯეტი ბევრის დახარჯვის საშუალებას არ აძლევდა. მაგრამ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და დღეს „ჰიუნდაი“ და „კია“ უკვე თითქმის ყველა სეგმენტში არიან წარმოდგენილნი და რაც მთავარია, კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ.
რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მათი ავტომობილების ხარისხი. ასე განსაჯეთ, თვით „ფოლკსვაგენის“ შეფმა მარტინ ვინტერკორნმაც კი საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მისი კომპანიის ავტომობილების რიგი კონსტრუქციული ელემენტები, ხარისხით და შესრულების დონით, კორეული კომპანიებისას ვერ შეედრება.
მაგრამ ხშირად, როდესაც მყიდველი სასურველ ავტომობილს არჩევს, ხარისხსაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნლობა. ბევრისთვის მთავარი ისაა, თუ რა ემბლემა ამშვენებს ავტომობილს, რომლის შეძენასაც აპირებს. ანუ, წინა პლანზე გამოდის კომპანიის იმიჯი. და ამ მხრივ, კორეელები გერმანელ კონკურენტებს ჯერაც ჩამორჩებიან. ამ კუთხით, სიტუაციას ვერც ხარისხი შველის, ვერც „აიპედი“, ვერც 10-საფეხურიანი ტრანსმისია...
მაგრამ თუ ამ კატეგორიის პოტენციურ მყიდველს ვერაფრით შეცვლი, მაშინ ისღა დაგრჩენია, მარკა შეცვალო. თავის დროზე, სწორედ ასე მოიქცნენ „ტოიოტა“, „ნისანი“ და „ჰონდა“, როდესაც „ლექსუსი“, „ინფინიტი“ და „აკურა“ ჩამოაყალიბეს. ამან კარგად იმუშავა, ყველაზე უკეთ, ამერიკის ბაზარზე. და ახლა იგივე ნაბიჯის გადადგმაზე „ჰიუნდაიში“ ფიქრობენ. რატომაც არა, თუკი მყიდველი „L-ით“, სამქიმიან და ლურჯ-თეთრი პროპელერით დამშვენებულ ავტომობილებს ამჯობინებს მხოლოდ იმიტომ, რომ „ჰიუნდაის“ ემბლემიანი პრემიუმ ავტომობილის შეძენა არ სურს?
„დღეს ჩვენს კომპანიაში ხშირად სვამენ კითხვას: „ჰიუნდაის“ მარკით უფრო მეტ პრემიუმ ავტომობილს გავყიდით, თუ ეს მარკა გაყიდვების გაზრდაში ხელს გვიშლის?“ - აღიარებს „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი დეივ ცუხოვსკი.
ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა დღეს ძალიან ძნელია, რადგან „ჰიუნდაის“ გაყიდვები განუხრელად იზრდება. წარმოების პირველ წელს, კორეულმა კომპანიამ მხოლოდ 3 193 ცალი ახალი სედანი „ეკუუსი“ (რომელიც 60 000 დოლარი ღირს) გაყიდა, ეს კი მოსალოდნელზე 893-ით მეტია. სედან და კუპე „ჯენეზისის“ გაყიდვები კი შარშან 13 პროცენტით გაიზარდა. მაგრამ ცუხოვსკი დარწმუნებულია, რომ ზრდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ამ ავტომობილების კაპოტს „ჰიუნდაის“ ნაცვლად, „ჯენეზისის“ ემბლემა რომ ამშვენებდეს.
თუ კორეული კომპანია თავისი პრემიუმ ავტომობილებისთვის სახელ „ჯენეზისს“ მართლაც ამჯობინებს, მალე მისი ფრთებშემართული ლოგო იმ ავტომობილებს დაამშვენებს, რომლებსაც წამყვანი უკანა ბორბლები აქვს. ამ შემთხვევაში, ავტომობილების სახელებს ალფანუმერაციული აბრევიატურები შეცვლის. თუმცა, „ლექსუსისგან“ და „ინფინიტისგან“ განსხვავებით, ახალი ბრენდით წარმოებული ავტომობილების გასაყიდად, კორეული კომპანია ახალ სადილერო ქსელს არ განავითარებს და ამ ავტომობილებს ისევ „ჰიუნდაის“ დილერებს გააყიდინებს.
ცუხოვსკი ამბობს, რომ „ჰიუნდაის“ ამ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. და თუ პროექტს სეულში მწვანე შუქს აუნთებენ, ახალი ბრენდის პრეზენტაციას აუცილებლად ბაზარზე ახალი „ჯენეზისის“, ან „ეკუუსის“ გამოსვლას დაამთხვევენ. ეს კი მერმისს არის მოსალოდნელი.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სვლა თავის დროზე „მაზდას“ ჩაუფლავდა: იაპონურმა კომპანიამ 1992 წელს გადაწყვიტა, რომ ლუქს დივიზიონი „ამატი“ შეექმნა, ევროპაში კი „მაზდა6“ „ქსედოსის“ სახელით გაეყიდა. მაგრამ პირველი გეგმა არც აუმოქმედებია, მეორემ კი რ გაამართლა. „მერსედესმა“ კი, „როლს როისთან“ და „ბენტლისთან“ საკონკურენციოდ, სახელი „მაიბახი“ გააცოცხლა, მაგრამ ახლახანს ეს ბრენდი ისტორიას ჩააბარა...
No comments:
Post a Comment