Kamui Kobayashi fastest as first Barcelona F1 test ends
24 თებერვალი
სანამ ფორმულა ერთის ტოპ გუნდები და მათი პილოტები თავიანთი ტექნიკის ტესტირებით არიან გართულნი, ბარსელონაში მათი მდევრები ლაღობენ და ხან ვინ მოექცევა ცხრილს სათავეში და ხან - ვინ. საშუალოების და აუტსაიდერების მიზანი ერთადერთია - იქნებ, კარგი შედეგების ჩვენებით, დამატებითი სპონსორების მოზიდვა შეძლონ...
ამჯერად „ზაუბერის“ იაპონელი კამუი კობაიაშის ჯერ დადგა... ბარსელონას ტესტების მეოთხე დღეს, სწორედ ის მოექცა ცხრილს სათავეში. სხვათა შორის, შვეიცარიულ გუნდს ამჟამად სპონსორები ჰაერივით ესაჭიროება. და იაპონელმა, რომელსაც ერთ დროს, პერსპექტივაში მამამისის სუშის რესტორნის მენეჯერობა ჰქონდა, სპონსორების მოსაზიდად შესანიშნავი სვლა შეასრულა. ოღონდ ეს „ზაუბერს“რა შედგს მოუტანს, ძნელი სათქმელია.
რაც მთავარია, კობაიაშიმ ბარსელონას ტესტების ოთხი დღის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - 1:22.312 და ეს რბილი საბურავებით შეძლო. ეს დილის სესიაზე მოხდა, როდესაც უფრო თბილოდა და შედეგებიც უკეთესი იყო. მეორე სესიაზე კი, თითქმის ყველა რბოლის სიმულაციაზე გადავიდა და ამ დროს, კარგ შედეგებზე არავინ ზრუნავს. ისიც საინტერესოა, რომ ორი სესიის განმავლობაში, ყველაზე მეტი, 145 წრე იმავე კობაიაშიმ გაიარა, ეს კი ორი რბოლის დისტანციაა. მოკლედ, კობამ და „ზაუბერმა“ ხეირიანად ივარჯიშეს.
პასტორ მალდონადოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შესაშური სტაბილურობა გამოავლინა და ამჯერადაც ახლოს იყო პირველობასთან. მანაც ტრასის გარშემო ბევრი იტრიალა (134 წრე) და ერთ-ერთ შემოვლაზე, იაპონელის საუკეთესო შედეგამდე, სულ რარაც, 0.249 წამი დააკლდა. სხვათა შორის, წრე წუთსა და 23 წამზე ნაკლებში მხოლოდ ამ ორმა მრბოლმა განვლო.
კიდევ ორი პილოტი, რომლებიც დღის გმირს წამზე ნაკლებით ჩამორჩა, ბრიტანელები - პოლ დი რესტა და ჯენსონ ბატონია. თანაც, დი რესტამ ეს მეორე სესიის მიწურულს შეძლო, როდესაც სუპერ რბილი საბურავი დააყენა. ის ერთადერთი პილოტია, ვინც მეორე სესიაზე ადგილი გაიუმჯობესა. მისგან განსხვავებით, თავისი საუკეთესო დრო ბატონმა დილის სესიაზე, მყარი საბურავებით დააფიქსირა.
ბარსელონა. მე-4 დღე
1. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:22.312 (145 წრე)
2. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:22.561 (+0.249, 134 წრე)
3. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:23.119 (+0.807, 101 წრე)
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.200 (+0.888, 115 წრე)
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:23.563 (+1.251, 103 წრე)
6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:23.774 (+1.462, 85 წრე)
7. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:23.792 (+1.480, 92 წრე)
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:23.843 (+1.531, 139 წრე)
9. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:26.968 (+4.656, 70 წრე)
No comments:
Post a Comment