Lamborghini Admits that SUV Concept will Debut at Beijing Auto Show in April
24 თებერვალი
„ლამბორგინიმ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მალე უგზოობის სუპერ ავტომობილის გამოშვებას დაიწყებს, რომლის კონცეპტუალურ ვერსიასაც პირველად აპრილში, პეკინის ავტო შოუზე წარადგენს. რატომ პეკინში და არა ჟენევაში, სადაც მალე მთელი პლანეტის ავტოსამყარო შეიკრიბება?
ამ კითხვაზე სანტ’აგატა ბოლონეზეში პრაგმატული პასუხი აქვთ: „ჩინელებს დიდი მანქანები მოსწონთ და ჩინელებისთვის ყველა კომპანია განსხვავებულ მოდელებს ქმნის“, - ბლუმბერგთან საუბრისას, თავი ასე „იმართლა“ იტალიური კომპანიის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მთავარმა მენეჯერმა კრისტიან მასტრომ.
სხვათა შორის, უგზოობის ავტომობილების წარმოება ასევე გადაწყვეტილი აქვს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალ კიდევ ერთ ლუქს ბრენდს - ბრიტანულ „ბენტლის“, რომელმაც ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის სადებიუტოდ ჟენევა ამჯობინა.
მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჩინური ფილიალის დირექტორის მოადგილე ჯულიანო ნოჩი ამბობს, რომ ჩინელებს ევროპული ავტოკომპანიების ისტორიებზე ზერელე წარმოდგენა აქვთ და შესაბამისად, არც მათს ტრადიციებს იცნობენ. ამიტომ, მათ სულაც არ გაუკვირდებათ, თუ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „ლამბორგინი“ და „ბენტლი“, ერთ მშვენიერ დღეს, შოურუმებში უგზოობის მოდელებსაც დაახვედრებენ. უფრო მეტიც, ჩინელები ამბობენ, რომ ამ ბრენდებისთვის ასეთი ავტომობილების წარმოება ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს...
სხვა თუ არაფერი, ამ სტრატეგიამ „პორშესთვის“ შესანიშნავად იმუშავა - ცუფენჰაუზენელებმა 2002 წელს „კაიენის“ წარმოება დაიწყეს და ამით უზარმაზარი მოგება მიიღეს. არადა, სანამ ეს მოხდებოდა, პრესაში მათ უჩვეულო ნაბიჯისთვის ბევრი აკრიტიკებდა. დღეს „პორშეს“ გაყიდვების დაახლოებით ნახევარი სწორედ „კაიენზე“ მოდის, ჩინეთში კი ამ ავტომობილზე ერთწლიანი რიგები დგას.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ მალე ჩინეთში იმაზე თითქმის სამჯერ მეტი ლუქსის კლასის უგზოობის ავტომობილი გაიყიდება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. თუნდაც მხოლოდ ეს ვარაუდი კმარა იმისათვის, რომ „ლამბორგინიმ“ და „ბენტლიმ“, ასევე მათმა კონკურენტებმა (განსაკუთრებით ეს ფერარის ეხება), ტრადიცია დაარღვიონ და მათთვის უცხო სეგმენტში გაშინაურდნენ...
No comments:
Post a Comment