Red Bull Racing reveals its 2012 F1 challenger
6 თებერვალი
„რედ ბულის“ ახალი ბოლიდის პრეზენტაციას ყველა მოუთმენლად ელოდა – ამ გუნდში ხომ ყველაზე ძლიერი და წარმატებული ინჟინერი, ედრიან ნიუი მუშაობს. და აი, ეს დღეც დადგა და ჩემპიონებმაც ის მანქანა, RB8 გვიჩვენეს, რომლითაც ზედზედ მესამე ტიტულ(ებ)ის მოპოვებას ეცდებიან. და, ისევე როგორც წინა ექვსიდან ხუთი მანქანა, ესეც კეხიანი ცხვირითაა. რას იზამ, ეს ახალი ტექნიკური რეგლამენტისთვის გადახდილი ხარკია. ვინ იცის, იქნებ „მაკლარენში“ მალე ინანონ, რომ მათაც ზევით არ ასწიეს ცხვირი... ან იქნებ, პირიქითაც მოხდეს...
სხვათა შორის, ახალი რეგლამენტით ნიუი უკმაყოფილოა. და არა იმიტომ, რომ მასთან შეგუება გაუჭირდა. უბრალოდ, ენანება ის ტექნიკური ინოვაცია, რომელიც მის გუნდს ყველაზე უკეთ გამოუვიდა და რომელმაც ორი ტიტული მოაპოვებინა. მისი თქმით, წესების შეცვლამ მას და მის გუნდს ბევრი შესაძლებლობა მოუსპო.
„გამონაბოლქვის ეფექტურად გამოყენების წყალობით, ჩვენ გადამწყვეტ უპირატესობას მივაღწიეთ. მაგრამ ახლა, როცა რეგლამენტმა ეს ტექნოლოგიები აკრძალა, ბევრი რამის შეცვლამ მოგვიწია. ამით ჩვენ უფრო დავზარალდებით, თუ სხვები, ამას მოგვიანებით გავიგებთ. RB7 სწორედ ჩასაბერი დიფუზორის საფუძველზე შევიმუშავეთ. ეს გზა მხოლოდ ჩვენ ავირჩიეთ. დანარჩენებმა ასეთი სისტემა არსებულ მანქანებს მიუსადაგეს. სწორედ ამის წყალობით მივიღეთ უპირატესობა. ასე რომ, თავისუფლად შემიძლია ვთქვა – ჩვენ მეტი დავკარგეთ, ვიდრე სხვებმა. ამას დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ნიუიმ.
ნიუი დასძენს, რომ წესების შეცვლის გამო, RB8 ძლიერ განსხვავდება RB7–სგან. ახალ მანქანაზე გამოსაბოლქვს მკაცრად განსაზღვრული პოზიცია უკავია და მანქანის ძირისადმი გარკვეული დახრა აქვს. ყოველივე კი მის ეფექტურად გამოყენებას შეუძლებელს ხდის. ამის გამო, შემცირდა მანქანის უკანა ნაწილის სიმაღლე. მოკლედ, ყველაზე მეტად, მანქანის უკანა ნაწილი შეიცვალა. რაც შეეხება ცხვირს, აქაც სერიოზული ცვლილებაა, თუმცა არა სტრუქტურული. თუმცა, სხვა მსგავსი კეხიანებისგან განსხვავება აქაცაა – კეხის ფორმა რთულია და მას გარკვეული აეროდინამიკური დანიშნულებაც აქვს. როგორც ჩანს, მას ნიუიმ ერთდროულად, ჰაერმჭრელის და ელერონის ფუნქცია მიანიჭა. პირველის წყალობით, კეხის უკან ჰაერის ნაკადს მცირე გაუხშოება ექნება და ამგვარად, პილოტის უზარმაზარი მუზარადი ნაკლებ წინააღმდეგობას შექმნის. ელერონი კი ჰარის ნაკადის ნაწილს იჭერს და მას სწორედ პილოტის მუზარადისკენ მიმართავს, რათა იქ სრული გაუხშოება არ იყოს. ამგვარად, ჰაერი ამ არეში უფრო მოწესრიგებულია და ნაკლები „შეშფოთებები“ წარმოიქმნება. ორივე ფაქტორი, ავტომობილის აეროდინამიკურ მახასიათებლებს აუმჯობესებს.
სხვათა შორის, ნიუისგან განსხვავებით, ძალიან კმაყოფილია გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი, რომელმაც ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ RB8 წარმოუდგენლად მოკლე დროში შეიქმნა. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ პირველი ეტსტებისთვის მანქანა მზად ყოფილიყო და ეს შევძელითო. ის გუნდს მთლიანობაში აქებს და ხაზს უსვამს, რომ ეს ფაქტორბრივად ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის ცალკეულ ნაწილებსაც ერთმანეთისა უსიტყვოდ ესმით.
„სეზონს კარგად მომზადებულები ვხვდებით. რა თქმა უნდა, გარანტირებული არაფერია. ჩვენი მეტოქეების შესაძლებლობებიც გასათვალისწინებელია. მაგრამ სეზონისთვის ისეთი განწყობა გვაქვს, რომ ორივე ტიტული შევინარჩუნოთ“, – ამბობს ჰორნერი.
რაც შეეხება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფეტელს, მისი ასაკისთვის შეუფერებლად პრაგმატული და მობილიზებულია და რაც მთავარია, სიტუაციას საღად აფასებს: „რა ტქმა უნდა, გასული სეზონი განსაკუთრებული იყო, მაგრამ ახალი სეზონის დასაწყისში, იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ მსგავსი სეზონი გვექნება. ძალიან ძნელი იქნება დასაწყისშივე დიდი უპირატესობის მოპოვება. სხვათა შორის, არც წინა სეზონის წინ ვფიქრობდით, რომ ასეთ უპირატესობას მოვიპოვებდით. ასე რომ, ახლაც ასე იქნება“, – ამბობს ფეტელი.
ის დარწმუნებულია, რომ ჩასაბერი დიფუზორის აკრძალვის გამო, ყველა გუნდს ძალიან გაუჭირდება სოლიდური უპირატესობის მოპოვება და ამიტომ, ტრასაზე უშეღავათო ბრძოლებია მოსალოდნელი:
„თუ ახალ მანქანებს დააკვირდებით, ახალი წესების გამო, ძალიან ძნელია რაღაც ისეთის მოფიქრება, რაც სხვებთან უპირატესობას მოგიტანს. ამ რეგლამენტის გამო, ორი ისეთი სისტემა დავკარგეთ, რომელთა წყალობითაც, სხვებს ვჯობდით – ორმაგი დიფუზორი და სისტემა მის ირგვლივ. ასე რომ, ახლა უფრო ძნელი იქნება სხვების ჯობნა. რბოლების დროს, დროებს შორის სხვაობა კიდევ უფრო შემცირდება. ვფიქრობ, ძალიან ძალიან ძნელი რბოლები გველის და სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ“.
No comments:
Post a Comment