Sauber unveils its 2012 F1 car at Jerez
6 თებერვალი
მეექვსე გუნდი, რომელმაც ახალი მანქანა წარმოადგინა, „ზაუბერია“. პრეზენტაცია ხერესის ავტოდრომზე ჩატარდა. მასზე შვეიცარიულმა გუნდმა გამოაცხადა, რომ მიუხედავად ტექნიკურ დირექტორ ჯეიმს კეის წასვლისა, გუნდი ყოველ რბოლაში ქულებისთვის ბრძოლას აპირებს.
ახალი მანქანა, ინდექსით C31, სწორედ კეის ხელმძღვანელობით შეიქმნა. თავად კეი სამუშაოდ ბრიტანეთში გადასულა, ოღონდ სად, „ზაუბერს“ არ დაუკონკრეტებია. ხერესულ პრეზენტაციაზე, მანქანას საბურველი გუნდის პილოტებმა – იაპონელმა კამუი კობაიაშიმ და მექსიკელმა სერხიო პერესმა ჩამოხსნეს.
„ჯეიმსი კარგი პიროვნებაა და მას გუნდისთვის მნიშვნელოვანი როლი ებარა, მაგრამ მისი წასვლა ჩვენს კონკურენტუნარიანობაზე ვერ იმოქმედბს, რადგან კარგად შეკრული გუნდი ვართ, რომელშიც თითოეული თავის საქმეს კარგად უძღვება“, – პრეზენტაციაზე განაცხადა პერესმა.
„ზაუბერის“ უფროსმა აღმასრულებელმა მონიშა კალტენბორნმა კი განაცხადა, რომ კეის წასვლის მიზეზი, მასა და გუნდს შორის ურთიერთობის დაძაბვას მოჰყვა. „ახლა კი მთელი სტრუქტურა შეთანხმებულად მუშაობს და ვფიქრობ, ეს გუნდის შედეგებზეც დადებითად აისახება“, – ამბობს კალტენბორნი და დასძენს, რომ ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც „ზაუბერის“ მტავარი პრობლემა, ფინანსების ნაკლებობაა.
გასული სეზონი „ზაუბერმა“ მე–7 ადგილზე დაასრულა. შვეიცარიულმა გუნდმა მხოლოდ სამი ქულით აჯობა „ტორო როსოს“. მისი პილოტებიდან, კობაიაშიმ 30 ქულა დააგროვა, პერესის ანგარიშზე კი 14 ქულა იყო.
გუნდის მეპატრინე პეტერ ზაუბერიც მთავარ მიზნად ქულების სტაბილურად დაგროვებას მიიჩნევს. ამასთან, ის თვლის, რომ მისმა პილოტებმა, კვალიფიკაციებში მოწინავე ათეულში შესასვლელად ბრძოლაც უნდა შესძლონ. საერთო ჯამში კი, კონსტრუქტორთა პირველობაზე წინ წაწევაა დაგეგმილი.
ისევე როგორც სხვა გუნდების მანქანების უმეტესობას, C31–საც კეხიანი ცხვირი აქვს. ოღონდ, მათგან იმით განსხვავდება, რომ მისი ცხვირი ძალიან გრძელია. გუნდის მთავარი ინჟინერი მეტ მორისი ამბობს, რომ C31 ერთდროულად ევოლუციურიცაა და რევოლუციურიც. რევოლუციურს ის მანქანის უკანა ნაწილს უწოდებს, ევოლუციური კი იმიტომ, რომ წინა მანქანიდან ბევრი ის ელემენტი გადმოიტანეს, რომლებმაც გასულ სეზონში კარგად იმუშავა. „ჩვენ C30–ის სისუსტეები გამოვასწორეთ და იმავდროულად, ამ მანქანის შესაძლებლობათა გამოყენებაზეც არ გვითქვამს უარი“, – ამბობს მორისი.
„ზაუბერი“ კვლავ სპონსორების ნაკლებობას განიცდის, თუმცა კალტენბორნმა იმედი გამოთქვა, რომ სეზონის დაწყებამდე, მანქანის ტანზე ცარიელი სარეკლამო ადგილები შეივსება.
დაბოლოს, ისევე როგორც წინა სეზონებში, „ზაუბერC31“ „ფერარის“ წარმოების ძრავით და ტრანსმისიითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, იტალიური გუნდისგანვე მიიღო უკანა საკიდარიც, რომელიც კომპაქტურიცაა და ეფექტურიც. ამასთან, წინა საკიდარი შვეიცარიულმა გუნდმა თავად შეიმუშავა.
No comments:
Post a Comment