Toro Rosso nurture talent for Red Bull
6 თებერვალი
ყველამ კარგად იცის, რომ „ტორო როსოს“ დანიშნულება ერთადერთია – „რედ ბულისთვის“ ახალი ტალანტების ძიება. ერთხელ იტალიურ გუნდს ამ მიმართულებით ძალიან გაუმართლა – 2008 წელს მისი პილოტი თვით სებასტიან ფეტელი იყო, ვინც ფ1–ში თავისი პირველი გამარჯვება სწორედ „წითელი ხარების“ უმცროსი გუნდის მანქანით მოიპოვა.
სწორედ ეს „მისია“ მოიმიზეზა იტალიური საჯინიბოს ხელმძღვანელობამ, როდსაც ორივე პილოტი გამოცვალა. ახალ სეზონში, მისი მანქანებით ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო და ფრანგი ჟან–ერიკ ვერნი იასპარეზებენ. ბუნებრივია, ორ ახალბედას (რეალურად, რიკიარდო ახალბედად ვერ ჩაითვლება, თუმცა მას ფ1–ში სრული სეზონი არ ჩაუტარებია) განსაკუთრებულ ვერავინ მოსთვოვს. მითუმეტეს, იმ გუნდის ხელმძღვანელობა, რომელიც ყოველთვის მაჩანჩალებს შორისაა (ტორო როსოს წინაპარი მინარდია).
მაგრამ მათ თავის გამოჩენის საშუალება მაინც ექნებათ (ფეტელის მაგალითი გაიხსენეთ) – თუ დაამტკიცებენ, რომ რამის უნარი შესწევთ, დიდი შანსია იმისა, რომ ერთი სეზონის შემდეგ, მათგან ერთმა თვით „რედ ბულში“ ამოჰყოს თავი. ასე რომ, ისინი მაქსიმალურად გაირჯებიან იმისათვის, რომ ავსტრიულ გუნდს თავი მოაწონონ.
„ჩვენი გუნდი „რედ ბულისთვის“ ტალანტებს ეძებს. ეს ჩვენი მისიაა და ამ საქმეს ჩვენ კარგად ვაკეთებთ. ვიმედოვნებ, რომ ეს ორი პილოტი მომავალში „რედ ბულის“ რიგებში ჩაირიცხება. ისინი ფორმულა ერთში იმისთვის მოვიდნენ, რომ თავიანთი შესაძლებლობანი სრულად გამოავლინონ. მათ რეალური შანსი მიეცათ და ახლა ყველაფერი მათზევეა დამოკიდებული“, – განაცხადა „ტორო როსოს“ შეფმა ფრანც როსტმა.
უნდა ითქვას, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ვერნი და რიკიარდო „რენო 2.0 ჯუნიორის“ სერიაში თანაგუნდელები იყვნენ. ორივემ გასული სეზონის ბოლოს „რედ ბულის“ ბოლიდებით ტესტებში მიიღო მონაწილეობა. ავსტრალიელის დებიუტი კი მაჩანჩალა „ისპანიაში“ შედგა.
იტალიური საჯინიბოს მოკრძალებული მისიის მიუხედავად, ტოსტი იმედოვენბს, რომ გასული სეზონის მერვე ადგილი „ტორო როსოსთვის“ მაქსიმუმი არაა და რომ ახალი მანქანა გუნდს წინ წაწევის საშუალებას მისცემს. ის გვახსენებს, რომ SRT7 მესამე მანქანაა, რომელიც იტალიურმა გუნდმა თავისი ძალებით შეიმუშავა. მისი თქმით, გუნდმა საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დიდი თანხა დახარჯა. ეს კი უფრო მაღალი ადგილების დაკავებისთვის საუკეთესო ბაზისია. ტოსტი ამბობს, რომ მეშვიდე ადგილი კარგი შედეგი იქნება, თუმცა არც უფრო მეტზე იტყოდა უარს.
დაბოლოს, ლაპარაკიც აღარ ღირს იმაზე, რომ SRT7–საც „გატეხილი“ ცხვირი აქვს. გუნდის ტექნიკური დირექტორი ამბობს, რომ ახალი მანქანა ძველის ევოლუციური ვერსიაა. ამასთან, გამოსაბოლქვის ახალი სისტემა კარგად მიასადაგება SRT6–ს, რის გამოც, გუნდმა მანქანის ძირეულად შეცვლას თავი აარიდა და არსებული ტექნიკის სრულყოფაზე შეაჩერა არჩევანი. დაიხვეწა მუხრუჭები, რაც გასულ სეზონში „ტორო როსოს“ ერთ–ერთი მთავარი პრობლემა იყო.
No comments:
Post a Comment