Ferrari revolution leads to 'crisis' – Surer
15 მარტი
ბოლო რამდენიმე სეზონში, „ფერარის“ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მისი მანქანები რადიკალური კონსტრუქციული გადაწყვეტებით ვერ დაიტრაბახებდა. ამას იტალიური გუნდიდან რამდნიმე ინჟინრის, მათ შორის, ალდო კოსტას გაშვებაც კი მოჰყვა.
შედეგად, ახალი მანქანა, რომლითაც „სკუდერია“ წლევანდელ ჩემპიონატში იასპარეზებს, სწორედ რადიკალური, თამამი გადაწყვეტებით გამოირჩევა და ამან ახალი პრობლემები წარმოქმნა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, შვეიცარიელი მარკ ზურერი, ვინც ამჟამად გერმანულ ტელევიზია „სკაისა“ და გაზეთ „დი ველტში“ მუშაობს.
ზურერი თვლის, რომ „ფერარი“ შეცდა, როცა გასული სეზონის შუაში, უარი თქვა შარშანდელი მანქანის სრულყოფის გაგრძელებაზე და ჯერ შტატის რესტრუქტურიზაცია წამოიწყო, შემდეგ კი სრულიად ახალი მანქანის შემუშავება დაიწყო.
და აი, ტესტებზე გამოჩნდა, რომ F2012 არც საიმედოა და არც კონკურენტუნარიანი. ამის გამო, ბევრი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მარანელოელები არათუ „რედ ბულთან“ და „მაკლარენთან“ კონკურენციას შეძლებენ, არამედ „მერსედესსა“ და „ლოტუსსაც“ ვერ გაუმკლავდებიან და ვინძლო, „ზაუბერთან“, „ფორს ინდიასთან“ და „ტორო როსოსთან“ ბრძოლამაც მოუწიოთ. და ეს ნამდვილი კრახი იქნება...
„მათ აგრესიული მანქანის შექმნა სურდათ, მაგრამ მეტისმეტი მოუვიდათ. ძალიან ბევრი რამ შეცვალეს. ისეთიც, რაც არ იყო შესაცვლელი. ტესტების შემდეგ გააცნობიერეს, რომ მანქანა უხეიროდ მუშაობს. მოკლედ, გუნდს სერიოზული კრიზისი აქვს. ძალიან გაუმართლებთ, თუ კონსტრუქტორთა პირველობას მეოტხეზე დაასრულებენ“, - ამბობს ზურერი.
ჯერჯერობით ოპტიმისტურადაა განწყობილი ფერნანდო ალონსო: „სეზონის წინა ტესტებზე ხშირად ხდება ხოლმე, რომ გუნდი სწრაფია, მაგრამ პირველივე რბოლაში ეს სისწრაფე იკარგება. შესაძლოა, ჩვენ ვერ მივაღწიეთ მიზნებს, რომლებიც ადვილად მიღწევადი გვეგონა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვებზე ნელი მანქანა გვაქვს“...
No comments:
Post a Comment