Mercedes F1 team's rear wing concept deemed legal by FIA
15 მარტი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ დღით ადრე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურმა კომისიამ, „მერსედესის“ უკანა ფრთა ლეგალურად სცნო. საქმე ისაა, რომ ბარსელონას ბოლო ტესტებზე, გერმანულმა გუნდმა ახალი უკანა ფრთა გამოიყენა, რომელიც სისტემა F-ჰაერსადინარითაა აღჭურვილი. ასეთი სადინარი კი ორი წლის წინ აიკრძალა, რადგან ის მოქმედებაში პილოტს მოჰყავდა.
ამჯერად, მეტოქე გუნდებმა ჩათვალეს, რომ ახალი სისტემა უკანა რეგულირებად ფრთასთანაა (DRS) დაკავშირებული და მისი სარქველიც, ფრთის გააქტიურებისას, იხსნება, ან იხურება. F-ჰაერსადინარის მოქმედების პრინციპი მარტივია - სწორზე მოძრაობისას, ის ჰაერის ნაკადს ფრთის ძირითად ნაწილს არიდებს და ტორსული ფირფიტების ჭრილში გზავნის. ამგვარად, ფრთის წინააღმდეგობა მცირდება და შესაბამისად, სიჩქარეც იზრდება. გაირკვა ისიც, რომ F-ჰაერსადინარის სისტემა დაკავშირებულია DRS-თან, ოღონდ როგორ, ეს მხოლოდ სამქიმიანებმა იციან.
ამგვარად, F-ჰაერსადინარის გააქტიურება, არაპირდაპირ მაინც პილოტის მიერ ხდება, თუმცა FIA-ს ტექნიკური დეპარტამენტის შეფი ჩარლი უაიტინგი ამბობს, რომ ყველაფერი რეგლამენტის ფარგლებში ხდება:
„ზოგიერთმა გუნდმა საფუძვლიანი კითხვა დაგვისვა ამ სისტემის ლეგალურობასთან დაკავშირებით, რადგან ისინი თვლიან, რომ F-ჰაერსადინარი აკრძალულია. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ F-ჰაერსადინარი აკრძალული არაა. იმ სისტემას, რომელიც ავკრძალეთ, პილოტი მართავდა. ჩვენ მაშინ მის მართვაში პილოტის მონაწილეობა ავკრძალეთ. გასული სეზონის დასაწყისში, ზოგმა განსხვავებული კონსტრუქცია სცადა და ეს სისტემა საკიდარს დაუკავშირა. მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ მივეცით და განვმარტეთ, რომ ეს საკიდარის პირდაპირი დანიშნულება არაა. საკიდარის დანიშნულება, გზის უსწორმასწორობათაგან მანქანის დაცვაა. როგორც ჩანს, მაშინ ზოგმა ჩათვალა, რომ F-ჰაერსადინარის გამოყენება შეუძლებელი იყო. მაგრამ ასე არ არის“.
უაიტინგმა იცის „მერსედესის“ F-ჰაერსადინარის კონსტრუქციული თავისებურება და ამბობს, რომ ის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, ის კონკრეტულად არ იტყვის, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.
„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, შემდგომშია: როცა DRS მოქმედებაშია, ამ დროს ჰაერის ნაკადის ნაწილი F-ჰაერსადინარში ხვდება. შეიძლება მიხვდეთ, როგორ მოქმედებს ეს სისტემა. რა თქმა უნდა, სხვა გუნდებიც მიხვდებიან. მე ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სისტემა სრულიად პასიურია. მას არც მოძრავი ნაწილები აქვს, ის საკიდართან კავშირში არაა, არც საჭესთან. არაფერთან. და მე ვერ ვხედავ წესს, რომელიც მის გამოყენებას აკრძალავს“.
No comments:
Post a Comment