Ferrari CEO Confirms V12 Hybrid, Says Six-Cylinder Engines are Also on the Table
28 მარტი
ავტოინდუსტრიის ისტორიაში V12 ძრავები დიდი იშვიათობაა, მაგრამ არის ერთი კომპანია, რომლისთვისაც ასეთი აგრეგატები საწარმოო პროგრამის აუცილებელი ნაწილი, უბრალოდ, პრესტიჟია. რა თქმა უნდა, ამ კომპანიის სახელია „ფერარი“. თავად განსაჯეთ, მარანელოელთა პირველივე (1947 წელი, მოდელი 125S) ავტომობილი სწორედ V12 ძრავით იყო აღჭურვილი. თანაც, მისი მუშა მოცულობა მხოლოდ 1.5 ლიტრს შეადგენდა.
ეს ძრავი V12 აგრეგატების ლეგენდარულმა სპეციალისტმა ჯოაკინო კოლომბომ შექმნა და იქიდან მოყოლებული, 1980-იან წლებამდე, სანამ ის მარანელოში მუშაობდა, „კვიცების“ საწარმოო პროგრამაში ამ ტიპის ძრავები ყოველთვის შედიოდა. უფრო მეტიც, იტალიური კომპანია ფორმულა ერთშიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს რჩებოდა V12 ძრავების ერთგული. 1996 წელს გუნდმა V10 ძრავი იმ მარტივი მიზეზის გამო შეიმუშავა, რომ ის უკეთეს მახასიათებლებს იძლეოდა. ამამდ კი კომპანია ფ1-ში V8 აგრეგატებს იმის გამო იყენებს, რომ ამას ფ1-ის ტექნიკური რეგლამენტი ავალდებულებს.
ახლახანს, მარანელოელებმა თავიანთი ახალი შედევრი, „ფერარის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი და როგორც თავად ირწმუნებიან, ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი, „F12 ბერლინეტა“ გაგვაცნეს, რომლის V12 730 ცხენის ძალას იძლევა. ამ ავტომობილის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ეს ძრავი არის V12-ების ახალი თაობის პირველი მერცხალი. შემდეგი ავტომობილი, რომელიც იგივე არქიტექტურას გამოიყენებს, „ენცოს“ შემცვლელია.
მაგრამ არის ერთი სიახლე, რომელსაც ამ ავტომობილთან ერთად ვიხილავთ. ესაა V12 ძრავის და კინეტიკური ენერგიის რეგენერაციის სისტემის (კერს) შეწყვილება. ეს კი პირველი შემთხვევა იქნება ავტოინდუსტრიის ისტორიაში, როცა ამ ტიპის ძრავი ჰიბრიდულ სისტემაში გაერთიანდება. ამასთან, „ფერარის“ მთავარი აღმასრულებელი ამედეო ფელისა ამბობს, რომ გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაზე დაწესებული უმკაცრესი სტანდარტების მიუხედავად, კერს-ის და სხვა სისტემების წყალობით, V12 აგრეგატები მისი კომპანიის საწარმოო პროგრამაში კიდევ დიდხანს დარჩება.
რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ, „ფერარიმ“ ჰიბრიდული გზა აირჩია. ამის დასტური ჟენევის შარშანდელ გამოფენაზე, მოდელ 599-ზე ბაზირებული კონცეპტუალური HY-KERS-ის (ფოტოებზე) სახით ვნახეთ. ამ ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში შევიდა ელექტროძრავი, რომელიც გადაცემათა კოლოფს შეუწყვილდა. ამ სისტემის მეშვეობით, ავტომობილის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 35 პროცენტით შემცირდა. იმავდროულად, ავტომობილს 100 ცხენის ძალაც მოემატა. როგორც ფელისა ამბობს, ჩვენი ჰიბრიდული სისტემა არამხოლოდ დამატებით სიმძლავრეს იძლევა, არამედ ენერგიის დაზოგვაშიც გვეხმარებაო. მისი თქმით, ეს სისტემა ჯერჯერობით ძალიან ძვირია, თუმცა მალე ის „ფერარის“ ძალური დანადგარების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი გახდება.
ამედეო ფელისა |
დაბოლოს, ფელისა მომავალში არც ექვსცილინდრიანი V-ძრავების გამოყენებას გამორიცხავს. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ასეთი ძრავები შორეული მომავლის საქმეა. სხვათა შორის, მარანელოელები V6 ძრავებს მალე ფ1-ში გამოიყენებენ და ესეც ტექნიკური რეგლამენტით დაკისრებული ვალდებულება იქნება. დიდი პრიზების ცირკში მიღებულ გამოცდილებას კი ისინი საგზაო ავტომობილებშიც გამოიყენებენ.
სხვათა შორის, „ფერარის“ ისტორიაში პირველი შუაძრავიანი ავტომობილი - „206 დინო“ (1966 წელი), სწორედ V6 ძრავით იყო აღჭურვილი. ასე რომ, ამ ტიპის ძრავებზე გადასვლაც, მარანელოელი კვიცებისთვის ტრადიციის დარღვევა არ იქნება...
No comments:
Post a Comment