Sunday, April 15, 2012

როსბერგ 1! მერსედეს 1!

Rosberg takes first win in China
15 აპრილი
ნიკო როსბერგის გამარჯვებით დასრულდა ჩინეთის დიდი პრიზი. ტრასაზე, სადაც მისმა ლეგენდარულმა თანაგუნდელმა მიხაელ შუყმახერმა თავისი (ჯერჯერობით) ბოლო, 91-ე გამარჯვება მოიპოვა, როსბერგმა კარიერაში პირველი რბოლა მოიგო. ეს მისი 111-ე სტარტია, რომელიც (ასევე) კარიერაში პირველად, პოულიდან დაიწყო. ეს ფორმულა ერთში დაბრუნების შემდეგ, ასევე პირველი გამარჯვებაა „მერსედესისთვისაც“, რომელმაც დიდი პრიზების არენა 1955 წლის სეზონის შემდეგ დატოვა და 2010 წელს დაბრუნდა.


დაკიდევ, როსბერგი მესამე პილოტია, ვინც მამის ტრადცია გააგრძელა და ფ1-ში გამარჯვება მოიპოვა. აქამდე მამა-შვილი გამარჯვებულების ელიტურ კლუბს მხოლოდ ორი ოჯახური წყვილი ჰყავდა - ბრიტანელების, გრემ და დეიმონ ჰილის, ასევე კანადელების, ჟილ და ჟაკ ვილნევის. შეგახსენებთ, რომ ნიკოს მამას, ფინელ კეიო (კეკე) როსბერგს, 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული.
როსბერგმა ფინიშთან 20 წამით მიასწრო ჯენსონ ბატონს, მესამემ კი რბოლა ისევ ლუის ჰამილტონმა დაასრულა, ვინც ჩემპიონატს სათავეში მოექცა. ამ სამიდან როსბერგმა მხოლოდ ორჯერ შეცვალა საბურავი და ორივე შემთხვევაში, საშუალო სიმყარის რეზინი დააყენა, „მაკლარენის“ პილოტებს კი განსხვავებული სტრატეგია ჰქონდათ - ისინი 3-3-ჯერ იყვნენ ბოქსში, ამასთან პირველად რბილები დააყენეს, მეორე და მესამე ვიზიტზე კი - საშუალოები. სამ სტოპიანი სტრატეგია ჰქონდა მეოთხეზე გასულ მარკ უებერსაც, ოღონდ ავსტრალიელმა სამივე შემთხვევაში საშუალო რეზინი გამოიყენა.
ჰამილტონმა რაიკონენს
პიტსტოპზე გაასწრო
საბურავებზე ყურადღება იმის გამო გავამახვილეთ, რომ როსბერგის ორსტოპიანი ტაქტიკა რისკიანი იყო - რბოლის მიწურულს მას შეიძლება მანქანის მართვასთან დაკავშირებით პრობლემები შექმნოდა. თუმცა, მეტოქეთა ბოლო პიტსტოპების შემდეგ, მას იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომ ბატონმა და ჰამილტონმა მიახლოებაც კი ვეღარ მოახერხეს. ოღონდ, ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბატონს ბოლო პიტზე რამდენიმე წამი დააკარგვინეს - უკანა მარცხენა ბორბლის დაყენება დაუგვიანეს. ეს რომ არა, ტრასაზე დაბრუნებული, ტრეფიკის უკან არ აღმოჩნდებოდა და დროსაც არ დაკარგავდა. ბრიტანელმა ნარბოლევს სწორედ ეს განაცხადა - ბოქსში შეფერხებით, გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი დავკარგეო. თუმცა, ისიც აღიარა, რომ როსბერგმა შესანიშნავად ირბოლა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
როსბერგის პირველი გამარჯვება
„დაუჯერებელი გრძნობაა, ძალიან ბედნიერი და ნასიამოვნები ვარ. ამ მომენტს ძალიან დიდხანს ველოდი. არ გვეგონა, თუ ასეთი სწრაფები ვიქნებოდით. ვიცოდი, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი მქონდა, მაგრამ ასე სწრაფი თუ ვიქნებოდი, ვერ ვიფიქრებდი. მადლობელი ვარ გუნდის, რომ ასეთი კარგი მანქანა მომიმზადა. პირველ ორ რბოლაში სისწრაფე მაკლდა, აქ კი ყველაფერი პირიქით იყო“, - განაცხადა როსბერგმა, ვინც ფ1-ის ისტორიაში 102-ე გამარჯვებულია. ამასთან, ის მეშვიდე გერმანელია, დიდი პრიზის მოგება რომ შეძლო. დაკიდევ, 2009 წლის სეზონის შემდეგ, როსბერგი პირველი „ახალი“ გამარჯვებულია.
„ვფიქრობ, ამ სეზონში ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რბოლა იყო. ბევრი გასწრების გარდა, რამდენიმე მანქანას ერთნაირი ტემპი ჰქონდა. ეს წარმოუდგენელი იყო, მაგარი დღეა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ფორმულა ერთში მოსვლამდე, როსბერგის თანაგუნდელიც იყო და მასთან მეგობრობს კიდეც.
თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელის გამარჯვებას ბოქსებიდან ადევნა თვალი მიხაელ შუმახერმა, რომელსაც პირველ პიტ სტოპზე წინა მარჯვენა ბორბალი ცუდად დაუმაგრეს და ამის გამო, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა რბოლა მე-13 წრეზე, ტრასის მღმა დაასრულა. არადა, შუმახერს მინიმუმ კვარცხლბეკის რეალური შანსი ჰქონდა. მას თავისი 91-ე და ჯერჯერობით ბოლო გამარჯვება სწორედ შანჰაიში (2006 წელს) აქვს მოპოვებული.
ისევ კვარცხლბეკის მიღმა...
„ვიცი, რასაც განიცდის ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელი, მაგრამ რას ვიზამთ, რბოლებში ასეც ხდება ხოლმე. იმ მომენტში არ ვიცოდი რა მოხდა. წინა ბორბალმა თამაში დაიწყო და მივხვდი, რომ გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა“, - განაცხადა შუმახერმა.
მერსედესის შეფი
ნორბერტ  ჰაუგი
კარგა ხანს მეორე ადგილზე იყო კიმი რაიკონენი, მაგრამ რბოლის მიწურულს, მისი საბურავები ძალიან გაცვდა (ორჯერ შეცვალა და როსბერგივით, ორივეჯერ საშუალოები დააყენა), რამაც შეცდომა დააშვებინა. ოღონდ, სანამ შეცდებოდა, კიმიმ ფეტელის შეტევას ვერ გაუძლო. მერე კი ჯერ ბატონმა გაუარა, მერე უებერი და ჰამილტონიც დაეწიენ. ავსტრალიელის პირველი შეტევა უშედეგო გამოდგა, რითაც კარგად ისარგებლა ჰამილტონმა და ჯერ მას, მერე კი რაიკონენსაც გაუარა. როგორც ჩანს, ფინელის საბურავები იმდენად გაცვეთილი იყო, რომ მას მოგვიანებით კიდევ რამდენიმე მეტოქემ გაასწრო.
მერე ბატონმა ფეტელს გაასწრო. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონიც ორპიტსტოპიან სტრატეგიაზე იყო და მასაც საბურავები გაცვეთილი ჰქონდა. ამიტომ, მოგვიანებით ვერც ჰამილტონის და უებერის შეტევებს გაუძლო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა, რითაც საკმაოდ კმაყოფილიც დარჩა. ვერც დასძრახავ - სტარტიდან ფინიშამდე, პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა.
დაბოლოს, ამჯერად მხოლოდ მე-9 ადგილს დასჯერდა წინა რბოლის გამარჯვებული ფერნანდო ალონსო, ვინც ჩინეთში ჩემპიონატის ლიდერის რანგში იასპარეზა. თუმცა, ამჯერად ის იმ ალონსოს აჩრდილიღა იყო, რომელმაც მალაიზიაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

ჩინეთის დიდი პრიზი
შანჰაი. დისტანცია 305.066 კმ (5.451 კმ - 56 წრე)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:36:26.929
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 +00:20.626
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            00:26.012
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო)              00:27.924
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               00:30.483
6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   00:31.491
7. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                          00:34.597
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         00:35.643
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   00:37.256
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                        00:38.720
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          00:41.066
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              00:42.273
13. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           00:42.779
14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        00:50.573
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          00:51.213
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            00:51.756
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      01:03.156
18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი)                  1 წრე
19. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1 წრე
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1 წრე
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1 წრე
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               2 წრე
23. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              3 წრე
გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 44 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: კამუი კობაიაში - 1:39.960, მ-40 წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 45 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 43; 3. ფერნანდო ალონსო - 37; 4. მარკ უებერი - 36; 5. სებასტიან ფეტელი - 28; 6. ნიკო როსბერგი - 25; 7. სერხიო პერესი - 22; 8. კიმი რაიკონენი - 16; 9. ბრუნო სენა - 14; 10. კამუი კობაიაში - 9; 11. რომენ გროჟანი - 8; 12. პოლ დი რესტა - 7; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 14. პასტორ მალდონადო - 4; 15. დანიელ რიკიარდო - 2; 16. ნიკო ჰულკენბერგი - 2; 17. მიხაელ შუმახერი - 1



კონსტრუქტორთა პირველობა
1. მაკლარენ-მერსედესი - 88 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 64; 3. ფერარი - 37; 4. ზაუბერ-ფერარი - 31; 5. მერსედესი - 26; 6. ლოტუს-რენო - 24; 7. უილიამს-რენო - 18; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 9; 9. ტორო როსო-ფერარი - 6;

No comments:

Post a Comment