Automakers make up 10% of Forbes list of 100 largest companies
22 აპრილი
გამოცემა „ფორბსმა“ მსოფლიოს 100 უდიდესი კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომელშიც 10 ავტომწარმოებელი კომპანია შევიდა. ეს სია იმითაა საინტერესო, რომ მასში შეყვანილი კომპანიების სიმდიდრე გაყიდვების, აქტივების, მოგების და საბაზრო ღირებულების კომბინირებული მაჩვენებლით დგინდება.
საავტომობილო კომპანიებს შორის მოწინავე პოზიცია „ფოლკსვაგენს“ უკავია, რომელსაც ასეულში მე-17 ადგილი ერგო. მისმა გაყიდვების მოცულობამ 221 მილიარდი, მოგებამ კი 21.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. გერმანულ ჯგუფს მცირედით ჩამორჩა „ტოიოტა“, რომელმაც სიაში 25-ე ადგილი მიიღო. მისი გაყიდვების მაჩვენებელი 228.5 მილიარდ დოლარს მისწვდა.
ავტომწარმოებლებს შორის მესამე, საერთო სიაში კი 37-ე ადგილი უკავია „დაიმლერს“, რომლის აქტივების ღირებულებაც 188.7 მილიარდი დოლარია, საბზრო კაპიტალიზაცია კი - 66.3 მილიარდი დოლარი. 44-ე ადგილი უკავია „ფორდს“, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 47.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. შემდეგია „ჰონდა“, რომელიც ავტომობილების გარდა, მოტოციკლებსა და გენერატორებსაც აწარმოებს. მისმა აქტივებმა 137.7 მილიარდს მიაღწია.
ავტოკომპანიების მოწინავე ხუთეულის შემდეგ ადგილები ასე განაწილდა: მე-6 ადგილი „ბეემევს“ უკავია, რომელიც დიდ სიაში 61-ე ადგილზეა, მას მოჰყვება „ჯენერალ მოტორსი“ (63-ე), „ნისანი“ (85-ე), „მიცუბიში“ (95-ე), „ჰიუნდაი“ (96-ე). „მიცუბიში“ ასეულში შესვლას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ეს გიგანტი ელექტრონიკასაც აწარმოებს.
რაც შეეხება „ფორბსის“ ტოპ ათეულს, სადაც ვერცერთი ავტოკომპანია ვერ შევიდა, იქ ნავთობკომპანიები დომინირებენ. პირველი „ექსონია“, მოწინავე 12-ეულში სულ ხუთი ნავთობკომპანია შევიდა. სხვათა შორის, მათი ფინანსური სიძლიერე ნაწილობრივ სწორედ ავტომწარმოებლების ბიზნესის შედეგია.
No comments:
Post a Comment