Sunday, April 22, 2012

მეოთხე რბოლა - მეოთხე გამარჯვებული

ფეტელი ისევ მწვერვალზეა
Vettel back on top with Bahrain victory
22 აპრილი
მოდით, მარჩიელობით დავიწყოთ, რადგან სებასტიან ფეტელის გამარჯვებამ ალბათ არ გაგაკვირვათ: მიმდინარე სეზონში უკვე ოთხი რბოლა ჩატარდა და ოთხივეს სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს. ალბათ 2010 წლის სეზონი გაგახსენდათ... მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადგან პელოტონში კიდევ ხუთი მრბოლია, რომელსაც გამარჯვების რეალური შესაძლებლობა აქვს და ამაში მანქანაც უწყობს ხელს. ვინ არიან ესენი? მიხაელ შუმახერი, კიმი რაიკონენი, ლუის ჰამილტიონი, მარკ უებერი და რომენ გროჟანი! ნუ გაიკვირვებთ, ეს ფრანგი ძალიან სწრაფია და სეზონის ბოლოსკენ, როცა გამოცდილებასაც დააგროვებს, გამარჯვებისთვის ბრძოლასაც შეძლებს. დანარჩენებზე ალბათ არავინ იკამათებს... ამ ყველაფრის თქმა კი იმისთვის დაგვჭირდა, რომ ძალიან საინტერესო სეზონის და რბოლების მომსწრენი ვართ!


ფეტელს რომ გამარჯვება დაუგვიანდა, ალბათ არც ესაა სადაო. წინა სამ ეტაპზე მან მხოლოდ ერთხელ შესძლო კვარცხლბეკზე ასვლა და სასტარტო მოწინავე რიგში ადგილიც ვერცერთხელ ვერ დაიკავა. ბაჰრეინში კი კვალიფიკაციაც მოიგო და რბოლაც! მართალია, ბოლოს კიმი რაიკონენი დაეწია და ერთი-ორჯერ შეუტია კიდეც, მაგრამ შემდეგ ფინელის ტემპი დაეცა და ფეტელმაც ფინიშის ხაზი კომფორტული ლიდერობით გადაკვეთა.
ბაჰრეინული რბოლა, გარდა იმისა, რომ ცარიელი ტრიბუნებით და უამრავი გასწრებით დაგვამახსოვრა თავი, იმითაც იყო საინტერესო, რომ მის კვარცხლბეკზე „ლოტუსის“ ერთდროულად ორი პილოტი ავიდა. შესანიშნავად იასპარეზა ახალგაზრდა რომენ გროჟანმა, რომელმაც სტარტი მე-7 პოზიციიდან კი აიღო, მაგრამ ფინიშთან მესამე მივიდა. მანამდე კი, განსაკუთრებით რბოლის დასაწყისში, ისეთი ტემპი განავითარა, ფეტელთანაც კი ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა საბურავების მეორე კომპლექტის დაყენების შემდეგ, ფრანგის ტემპი დაეცა. ან უფრო მისი თანაგუნდელმა გაზარდა ტემპი - რაიკონენს მისი გასწრება არ გასჭირვებია...
რაიკონენმა რბოლის მეორე ნახევარში მოუმატა და როცა ბევრს ეგონა, რომ ფეტელსაც ჩამოიტოვებდა, სწორედ მაშინ დაეცა მისი ტემპი. როგორც მოგვიანებით განაცხადა, ეს საბურავების გამო მომხდარა - რეზინმა თვისებები მალე დაკარგა და სათანადო ჩაჭიდება ვეღარ უზრუნველყო. ნარბოლევს რაიკონენმა გამაცხადა, რომ ფეტელის გასწრების შანსი ერთხელ მიეცა, მაგრამ არასწორი ტრაექტორია აირჩია და ამიტომ ვერ გამოიყენა ის. მერე კი საბურავების „დაღლამაც“ იჩინა თავი.
ამჯერად მეხუთე ადგილს დასჯერდა ნიკო როსბერგი, რომელმაც ერთი კვირით ადრე, კარიერაში პირველი გამარჯვება ჩინეთში მოიპივა. გერმანელი რბოლამდე ამბობდა, რომ ამჯერად გამარჯვების იმედი არ ჰქონდა. შუა რბოლაში მას ორი ინციდენტი ჰქონდა, რომლებიც სტიუარდების განხილვის საგანი გახდა. პირველ შემთხვევაში, ლუის ჰამილტონს ჩაუკეტა გზა და ლამის ტრასიდან გადააგდო, მეორედ კი იგივე ილეთი ფერნანდო ალონსოს ჩაუტარა, რის გამოც, ესპანელისგან „ალერსიანი“ ჟესტიკულაცია დაიმსახურა. თუმცა, საბოლოოდ როსბერგი სასჯელს გადაურჩა. ამან კი ალონსო გააბრაზა, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, ამიერიდან ასეთი მანევრები გახშირდებაო...
სხვათა შორის, ესპანელისგან განსხვავებით, როსბერგის გასწრების მანევრი სასურველი შედეგით დაასრულა ჰამილტონმა, რომელიც სამიდან ორ პიტსტოპზე, მექანიკოსებმა ზედმეტად შეაფერხეს - უკანა მარცხენა საბურავის სამაგრი გაიჭედა. ამან ბრიტანელს ძვირფასი წამები დააკარგვინა, რომელთა ფასიც მინიმუმ სამი დაკარგული პოზიცია გახდა. ამასთან, მან ჩემპიონატის ლიდერობაც ფეტელს გადააბარა, რომელსაც ახლა 4 ქულით ჩამორჩება.



ბაჰრეინის დიდი პრიზი

სახირი. დისტანცია 308.238 კმ (5.412 კმ, 57 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:35:10.990
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        +00:03.333
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    00:10.194
4. მარკ უებერი(ავსტრალია, რედ ბული)                        00:38.788
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                      00:55.460
6. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)                00:57.543
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    00:57.803
8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             00:58.984
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             01:04.999
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 01:11.490
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          01:12.702
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)           01:16.539
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         01:30.334
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            01:33.723
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       1 წრე
16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                  1 წრე
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1 წრე
18გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              2 წრე
19. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             2 წრე
20. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                  2 წრე
21. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)                2 წრე
22გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                       3 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)          32 წრე
გ. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                             33 წრე
 
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:36.379, 41-ე წრე



მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 53 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 49; 3. მარკ უებერი - 48; 4. ჯენსონ ბატონი - 43; 5. ფერნანდო ალონსო - 43; 6. ნიკო როსბერგი - 35; 7. კიმი რაიკონენი - 34; 8. რომენ გროჟანი - 23; 9. სერხიო პერესი - 22; 10. პოლ დი რესტა - 15; 11. ბრუნო სენა - 14; 12. კამუი კობაიაში - 9; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 14. პასტორ მალდონადო - 4; 15. დანიელ რიკიარდო - 2; 16. ნიკო ჰულკენბერგი - 2; 17. ფელიპე მასა - 2; 18. მიხაელ შუმახერი - 2
           
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 101 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 92; 3. ლოტუს-რენო - 57; 4. ფერარი - 45; 5. მერსედესი - 37; 6. ზაუბერ-ფერარი - 31; 7. უილიამს-რენო - 18; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 17; 9. ტორო როსო-ფერარი - 6

No comments:

Post a Comment