New Audi A6 L e-tron Concept Plugs-in to the 2012 Beijing Auto Show
23 აპრილი
ჟენევური მოტორ შოუს შემდეგ, „აუდი“ თავის ჩინელ თაყვანისმცემლებს შეპირდა, რომ პეკინის ავტო შოუზე, A6-ის ბაზაზე შექმნილ „ტექნოლოგიურ ექსპერიმენტს“ წარადგენდა. რეალურად კი, პეკინში წარდგენილი „A6 L e-ტრონი“ იმ ეკოლოგიური ტექნოლოგიის (e-ტრონი) ათვისების გაგრძელება აღმოჩნდა, რომელიც გერმანულმა კომპანიამ სამი წლის წინ დაიწყო.
ამჯერად, ექსპერიმენტი სედან A6-ს, უფრო სწორედ, მის გრძელბაზიან ვერსიას შეეხო, რომელიც მხოლოდ ჩინური ბაზრისთვისაა შემუშავებული. „აუდი A6 L e-ტრონის“ გაბარიტებია: სიგრძე 5.02 მეტრი, სიგანე 1.87 მეტრი, სიმაღლე 1.46 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 3.01 მეტრი.
სახელმა ალბათ გიკარნახათ, რომ „აუდი A6 L e-ტრონი“ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. ოღონდ, აქ ახალი (მითუმეტეს, საექსპერიმენტო) არაფერია - ავტომობილს მამოძრავებელ სისტემას ზუსტად ის დანადგარი ანიჭებს, რომელიც „აუდმ“ თავის ფლაგმან A8-ს ჰიბრიდულ ვერსიაზე უკვე გამოიყენა. მასში 2.0-ლიტრიანი TFSI (208 ცხ.ძ) და 94-ცხენისძალიანი ელექტროძრავია შეწყვილებული.
ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, რომელსაც სითხით გაგრილების სისტემა ემსახურება, ყველაზე უსაფრთხო ადგილას (ავტომობილის უკან) არის მოტავსებული, რაც ავარიის შემთხვევაშიც, მას მექანიკური დაზიანებისგან იცავს. მისი ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ მხოლოდ ელექტროძრავით, ავტომობილმა 80 კილომეტრის გავლა შესძლოს. ოღონდ, ამ დროს მისი სიჩქარე მუდმივად 60 კმ/სთ უნდა იყოს. ელემენტების შევსება მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემის დახმარებით ხდება. „A8 ჰაიბრიდის“ მსგავსად, „A6 L e-ტრონს“ მხოლოდ შიდაწვის ძრავით, მხოლოდ ელექტროძრავით და ორივეთი ერთდროულად გადაადგილებაც შეუძლია.
რაც შეეხება გარეგნობას, კონცეპტუალური ავტომობილი e-ტრონის სტილშია შესრულებული. ამ სტილის ძირითადი თავისებურებანია დიდრონი რადიატორი ხშირი განივი ტიხრებით და ზედა ნაწილში მოტავსებული ოთხრგოლიანი ემბლემით, ვიწრო შუქდიოდური ფარებით (წინაe-ტრონებთან შედარებით, ამჯერად ფარები ოდნავ დამსხვილებულია). ასევე ყურადღებას იმსახურებს 21-დუიმიანი ბორბლები, რომლებიც ტურბინის სტილშია შესრულებული და საჭის რგოლის უკან არსებული მაჩვენებელთა დაფის მარცხენა მხარეს მოთავსებული ძალმზომი, რომელმაც ტახომეტრი შეცვალა.
„აუდი“ აცხადებს, რომ ტექნოლოგია „e-ტრონით“ აღჭურვილი პირველი სერიული ავტომობილი ახალ A3-ზე იქნება ბაზირებული და ის ბაზარზე 2014 წელს გამოვა.
No comments:
Post a Comment