Ford Sources Say Next Mustang will Look More Like the Evos Concept
17 აპრილი
როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, ყველასა და ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასეა ავტომობილებშიც. რაოდენ პოპულარულიც უნდა იყოს ესათუის მოდელი, მას შეცვლის დრო აუცილებლად დაუდგება. და თუ „უოლ სტრიტ ჯორნელის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ცვლილების დრო „ფორდ მუსტანგსაც“ დაუდგა.
გამოცემამ დაუსახელებელი წყაროსგან, რომელიც „ფორდის“ გეგმებს იცნობს, მიიღო ინფორმაცია, რომ მე-6 თაობის „მუსტანგი“, რომელიც 2014 წელს უნდა გამოვიდეს (როცა ამ მოდელს 50 წელი შეუსრულდება), აღარ შესრულდება რეტრო სტილში და ის თანამედროვე გარეგნობას მიიღებს.
„უოლ სტრიტ ჯორნელის“ წყარო ამბობს, რომ ახალი „მუსტანგი“ შეინარჩუნებს ზვიგენის ცხვირის ფორმის მქონე რადიატორს, როგორც ეს კლასიკურ მოდელზეა. სამაგიეროდ, ის უფრო „ფორდ ფიუჟენს“ დაემსგავსება, ვიდრე ახლანდელ „მუსტანგს“.
უფრო მეტიც, ინფორმაციის წყარო, რომელსაც ახალი „მუსტანგის“ მაკეტი აქვს ნანახი, ამბობს, რომ „ეს ავტომობილი ძალიან ჰგავს კონცეპტუალურ „ევოსს“, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ შარშან, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა. ამ ავტომობილს ოთხივე კარი თოლიას ფრთის სტილში ეღება, თუმცა „მუსტანგის“ შემთხვევაში, მას ორი კარი ექნება და ისინი ალბათ ჩვეულებრივად გაიღება.
მიზეზი, რის გამოც „ფორდი“ თავისი პოპულარული მოდელის რადიკალურ სახეცვლილებას აპირებს, რეტრო სტილის პოპულარობის დაკარგვაშია. ამასთან, მეხუთე თაობის „მუსტანგი“ მეტისმეტად დიდიცაა. ყოველივეს შედეგი კი ისაა, რომ მისი გაყიდვები 2006 წლის 166 530-დან შარშან 70 438-მდე დაეცა.
„ფორდის“ მარკეტოლოგთა გათვლებით, ახალი „მუსტანგი“ ეგრეთ წოდებული Y თაობის მყიდველისთვისაა გათვალისწინებული, რომელიც 1980-1999 წლებშია დაბადებული. ამერიკაში ამ თაობის 80 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი „მუსტანგი“ გლობალური მოდელი იქნება და გაცილებით დიდ ბაზარზე გავა, რაც მის პოპულარობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
No comments:
Post a Comment