New Mercedes-Benz Citan Van is a Renault Kangoo in Disguise
17 აპრილი
„მერსედეს-ბენცმა“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, მცირე ზომის ფურგონ „სიტანის“ (ეს სახელი ორი სიტყვის - სიტის და ტიტანის კომბინაციაა) შესახებ პირველი ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა. ეს არის პირველი ავტომობილი, რომელსაც გერმანული კომპანია „რენო/ნისანთან“ პარტნიორობით ქმნის. ამ ავტომობილის პრემიერა სექტემბერში, ჰანოვერის კომერციული ავტომობილების შოუზე გაიმართება.
გარეგნულად „სიტანს“ თავისი ფრანგი ნათესავისგან ძარის მხოლოდ რამდენიმე ელემენტი განასხვავებს. უპირველესად, ეს რადიატორს, კაპოტს და წინა ფრთებს ეხება. რა თქმა უნდა, მანქანის შტუტგარტულ წარმომავლობაზე (არადა, მას საფრანგეთში გამოუშვებენ), სამქიმიანი ემბლემაც მიგანიშნებთ. სალონშიც ბევრი რამ „კანგუსგან“ გადმოიტანეს. მოკლედ, ეს უფრო „რენოა“, ვიდრე „მერსედესი“, თუმცა გერმანულ კომპანიას ბიზნესის გასაფართოებლად ასეთი ნაბიჯის გადადგმა სჭირდებოდა.
„კანგუს“ გერმანელი ნათესავი წინაამძრავიანია. ის სამი განსხვავებული სიგრძისა იქნება. ყველაზე მოკლეს სიგრძე 3.94 მეტრია, საშუალოსი 4.32 მეტრი და ყველაზე გრძელის - 4.71 მეტრი. გარდა ამისა, „სიტანი“ იქნება სატვირთო, ნახევრად სატვირთო და სამგზავრო.
ძრავების გამაში სამი ტურბოდიზელი და ერთიც მექანიკურ დამჭირხნიანი ბენზინის ძრავი შედის. დიზელის აგრეგატები საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემით და მყარნაწილაკიანი ფილტრებითაა აღჭურვილი. ისინი 74-დან 109-მდე ცხენის ძალას ავითარებენ. ბენზინის ძრავის სიმძლავრე კი 113 ცხენის ძალაა. ძრავებს 5 და 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება.
ბენზინისძრავიანი „სიტანის“ სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა პაკეტი „ბლიუეფისიენსი“, სისტემა სტარტ-სტოპი, აკუმულატორების დამატებიი ბლოკი და გენერატორი, ასევე რხევაზე დაბალი წინააღმდეგობის მქონე საბურავები. მთელი ეს ეკო-პაკეტი დიზელისძრავიან ვერსიებზე ოპციის სახითაა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ყველა ვერსიის სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა სტაბილურობის ადაპტირებადი ელექტრონული პროგრამა, რომელიც ავტომობილზე დადბული ტვირთის წონასაც გაითვალისწინებს.
„მერსედეს სიტანს“ „რენოს“ ის ქარხანა გამოუშვებს, რომელიც „კანგუს“ უშვებს. ეს ქარხანა ქალაქ მობეჟში მდებარეობს. ახალ ავტომობილს გერმანული კომპანიის ევროპელი დელერები შემოდგომაზე მიიღებენ.
No comments:
Post a Comment