15 მაისი
როდესაც „მაკლარენმა“ ამერიკის ბაზარზე უახლესი MP4-12C
ამერიკის ბაზარზე შეიტანა, მის მარკეტოლოგებს ჰქონდათ იმის შიში, რომ ამერიკელები
ამ ავტომობილს არ მიიღებდნენ. და ამის მთავარი მიზეზი ის ფაქტი გახდებოდა, რომ „მაკლარენი“
ფორმულა ერთის გრანდია, სპორტისა, რომელსაც ამერიკაში ნაკლებად აღიარებენ. მაგრამ
ეს შიში არ გამართლდა! ამერიკელებმა იქ ჩატანილი სუპერ ავტომობილები „დაიტაცეს“. და
მაშინ, უოკინგელებს გაახსენდათ, რომ რამდენიმე ათეული წლის წინათ, ისინი ამერიკულ სარბოლ
ტრასებზეც დომინირებდნენ...
ინგლისურმა კომპანიამ (უფრო გუნდმა) ამერიკაში
პირველ წარმატებებს კანადურ-ამერიკული გამოწვევის თასზე (კანადან-ამერიკენ ჩელენჯ
კაპ, შემოკლებით, კან-ამ) მიაღწია, რომლისთვისაც სპეციალურად ამზადებდა პროტოტიპის
კლასის სარბოლ ავტომობილებს. ბრიუს მაკლარენმა და კომპანიამ ამ სერიაში ზედიზედ
ხუთი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, კან-ამის სერია „მაკლარენის“ გაბრწყინების ერთადერთი
არენა არ ყოფილა. ბრიუსმა ოკეანის გაღმა გაცილებით მაღალი მწვერვალები დაიპყრო!
1970 წელს, „მაკლარენმა“ პირველად იასპარეზა ინდიანაპოლისის
500-მილიან რბოლაში. თანაც, საკუთარი მანქანით... მომდევნო სეზონში, „მაკლარენი“
ისევ ძველ აგურნაშენზეა, ოღონდ რადიკალურად განსხვავებული კონსტრუქციის ბოლიდით (M16).
ამ მანქანით, ამერიკელმა პიტერ რევსონმა კვალიფიკაციაში პოული აიღო, რბოლა კი
მეორე ადგილზე დაასრულა! კიდევ ერთი წელი და ლეგენდარულმა ამერიკელმა მარ დონოჰიუმ,
„სუნოკო-პენსკეს“ „მაკლარენ M16B-თი“ (ფოტოზე) ინდი 500 მოიგო.
როგორც გუნდმა, „მაკლარენმა“ ინდი 500-ზე ცოტა
მოგვიანებით, 1974 წელს გაიმარჯვა (ოფენჰაუზერის ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით,
რომელიც თითქმის 700 ცხენის ძალაზე მეტს იძლეოდა). წინა წელს, ასევე ლეგენდარულმა
ამერიკელმა ჯონი რეზერფორდმა პოულის აღება შეძლო, მაგრამ რბოლა მეცხრე ადგილზე დაასრულა.
მაგრამ შემდეგ სეზონში უკვე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა და ერთი ლიტრი
რძეც დალია (ინდი 500-ის ძველისძველი ტრადიცია). მანვე შემდეგ სეზონში რბოლა
მეორეზე დაასრულა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ისევ მოიგო...
„მაკლარენისთვის“ 1974 წელი განსაკუთრებით ტრიუმფალური
იყო: ინგლისურმა ბრენდმა (მისი დამაარსებელი, ახალზელანდიელი ბრიუს მაკლარენი, 32 წლისა,
საკუთარი საკუთარი სარბოლი მანქანის - კან-ამის პროტოტიპის, M8D-ს ტესტირებისას,
ინგლისის გუდვუდში დაიღუპა), ინდი 500-ის გარდა, ფორმულა 1-ის (ბრაზილიელ ემერსონ
ფიტიპალდისთან ერთად), ფორმულა 2-ის და კან-ამის ტიტულებიც მოიპოვა! ეს
განუმეორებელი მიღწევაა ავტოსპორტის ისტორიაში. დაკიდევ, „მაკლარენმა“ ამერიკელებს
თავი იმითაც დაამახსოვრა, რომ მისმა ბოლიდმა (M24), ინდი 500-ის ისტორიაში
პირველმა (ოფიციალურად, არაოფიციალურად კი ეს მიღწევა მარიო ანდრეტის ეკუთვნის) შეძლო
ამ ოვალის 200 მილი/საათში (დაახლოებით 320 კმ/სთ) წრის (საშუალო) სიჩქარით გავლა.
მაშინ ყველას სურდა ამ მანქანის მართვა...
დღეს, ინდიანაპოლისის ტრეკის შუა მოედანზე, ამ
ლეგენდარული რბოლის პირველი გამარჯვებული „მაკლარენის“ გვერდით, MP4-12C დგას,
როგორც სიმბოლო იმისა, თუ როგორ განვითარდა მას შემდეგ „მაკლარენი“, რომელმაც
არცთუ დიდი ხნის წინ, საგზაო ავტომობილების წარმოებასაც მიჰყო ხელი და ამ სფეროში
ძალიან ამბიციური გეგმები აქვს...
No comments:
Post a Comment