15 მაისი
ჰოლივუდის ვარსკვლავი პატრიკ დემპსი რბოლებში
ახალბედა არაა. ამ ვირუსით მაშინ „დაავადდა“, როდესაც მისმა მეუღლემ, სკიპ
ბარბერის მძღოლთა სამდღიან კურსზე სწავლა ურჩია, მსახიობს ავტოსპორტი შეუყვარდა.
ასე განსაჯეთ, მან რამდენჯერმე იასპარეზა გრანდ-ამერიკენის სერიაში, სამი წლის წინ
კი ლე მანის 24-საათიან რბოლაშიც კი მიიღო მონაწილეობა და GT2 კლასში, „ფერარი F430
GT-ით“ მე-9 ადგილი დაიკავა.
ლე მანს რომ გემო გაუგო, მას შემდეგ, დემპსი ამ
ლეგენდარულ რბოლაში კვლავ მონაწილეობაზე ოცნებობს. ოღონდ, მას თავისი გუნდის
მანქანით ასპარეზობა სურს. ახლახანს, სებრინგის (აშშ) 12-საათიანი რბოლის
უქმეებზე, მან საკუთარი საჯინიბოს - „დემპსი რეისინგის“ ჩამოყალიბების შესახებ
განაცხადა, რომლითაც ამ სეზონში, ამერიკული ლე მანის სერიაში (ALMS), P2 კლასში
იასპარეზებს. ეს იქნება მოსამზადებელი ეტაპი იმისათვის, რომ მომავალ სეზონში,
თავისივე გუნდით ლე მანის რბოლაზე იასპარეზოს.
ახლახანს, „დემპსი რეისინგმა“ ALMS-ის რბოლაშიც -
ლაგუნა სეკას „მაზდა რეისუეიზე“ იასპარეზა. P2 კლასის V8-ძრავიან
„ლოლა B12/87-ის“ საჭესთან თავად დემპსი იჯდა, რომელმაც თანამედროვე სპორტული
პროტოტიპის მართვის გამოცდლება პირველად მიიღო.
„ეს ჩემთვის ჩვეული გარემოა, თუმცა გაცილებით
ინტენსიური - დამუხრუჭება, აჩქარება, მოსახვევების გავლა და რა თქმა უნდა,
სიმძლავრე, ყველაფერ ამით, პროტოტიპები სულ სხვა დონეა, ვიდრე GT
კლასის მანქანები, რომლებსაც ადრე ვმართავდი. ეს საოცარი მანქანაა, რომლით
ასპარეზობაც განსაკუთრებული მოვლენაა ჩემთვის“, - რბოლის წინ განაცხადა ემის ნომინანტმა
მსახიობმა.
ლაგუნა
სეკას სადებიუტო რბოლა დემპსიმ და მისმა გუნდმა, აბსოლუტურ ჩათვლაში 30-ე, თავის
კლასში კი მე-4 ადგილზე დაასრულეს, რაც სრულიად ახალი გუნდისა და ახალბედა
მრბოლისთვის ურიგო შედეგი არაა. ისინი ამ სეზონში კიდევ რამდენიმე რბოლაში
იასპარეზებენ, მომავალი სეზონიდან კი ჩემპიონატის სრულფასოვანი მონაწილეები გახდებიან.
No comments:
Post a Comment