Sunday, May 27, 2012

უებერი - მეექვსე გამარჯვებული!

Webber wins from pole in Monaco
27 მაისი
მარკ უებერმა მონაკოს დიდი პრიზი მოიგო და მიმდინარე ჩემპიონატის ტრადიციაც გაგრძელდა - უკვე გამართულ 6 რბოლას, ამდენივე გამარჯვებული ჰყავს. ჩემპიონატს კი ერთპიროვნული ლიდერი გამოუჩნდა - ფერნანდო ალონსო. საოცარია, მაგრამ რაც უფრო ხშირად ამბობენ „ფერარის“ წარმომადგენლები, საჩემპიონო ბრძოლისთვის ჯერ მზად არ ვართო, მით ხშირად ჩანს მათი ჯილა მოწინავეთა შორის. „მაკლარენი“ კი, ვისაც ყველა ფავორიტად მიიჩნევს, კვარცხლბეკიდანაც დაიკარგა...
რა იქნება შემდეგ ეტაპებზე? რა თქმა უნდა, მარჩიელობა არ ღირს, მაგრამ ფაქტია, რომ პელოტონში კიდევ არიან პილოტები, რომლებსაც გამარჯვება შეუძლიათ. პირველ რიგში, ესენი ლუის ჰამილტონი, კიმი რაიკონენი და მიხაელ შუმახერი არიან. მერე რა, რომ ჰამილტონი ვერაფრით ახერხებს თავისი მანქანის პოტენციალის (იქნებ, ეს პოტენციალიც მირაჟია, რომელიც მუჯელოს ტესტების შემდეგ გაქრა?) სრულად გამოყენებას, რაიკონენსაც საჭესთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოელია, შუმახერს კი, როცა გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი უჩნდება, არ უმართლებს? და ვინ იცის, იქნებ, მონაკოში ფელიპე მასას გამოფხიზლება დაიწყო?.. სერხიო პერესმა კი, რბოლის უსწრაფესი წრით მიგვანიშნა, მონაკოში ბოლო წრიდან ვერ მოვიგებ, მაგრამ შემდეგ ეტაპებზე, გამარჯვებისთვის ბრძოლაში ხელს რა შემიშლისო.
მოკლედ, ამ კითხვაზე პასუხს უახლოეს რბოლებში მივიღებთ და ალბათ ფორმულა ერთის მოყვარულთა უმეტესობას საწინააღმდეგო არაფერი ექნება იმისა, თუ აქ ჩამოთვლილ მრბოლებსაც ვიხილავთ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. მანამდე კი უებერის გამარჯვებაა აქტურლური საკითხი. წელიწადნახევარია, ავსტრალიელი ფეტელის ჩრდილში მოექცა, რაშიც წვლილი „რედ ბულის“ „კარდინალ“ ჰელმუტ მარკოს და რა თქმა უნდა, თავად ფეტელს (შესანიშნავი გამოსვლებით) მიუძღვის. მაგრამ ხომ გახსოვთ, მარკო გუნდში 2010 წელსაც იყო, მაგრამ უებერმა ტიტულისთვის ბოლომდე ბრძოლა შეძლო. ჰოდა, ვინძლო, ამ სეზონშიც იგივე განმეორდეს და თუ უებერს მაშინ არ გაუმართლა (სხვა თუ არაფერი, ნახევარი სეზონი ლავიწის ტრავმით ჩაატარა), ამჯერად მაინც მიაღწიოს საწადელს.
უებერი კარგი სტარტის სპეციალისტად არ ითვლება, მაგრამ ამჯერად ამ საქმეშიც ივარგა და თავიდანვე დაწინაურდა. ლიდერობა მხოლოდ მაშინ დათმო, როდესაც ბოქსებს რეზინის შესაცვლელად მიაშურა. მაგრამ საბოლოოდ, მაინც პილოტონის სათავეში დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10-15 წრეზე, მდევრებს მასზე მაღალი ტემპი ჰქონდათ, წინ მაინც აღარავინ გაუშვა. რა თქმა უნდა, ამაში მონაკოს ვიწრო ტრასაც დაეხმარა, სადაც კერს-ითა და DRS-ითაც კი, გასწრება ძალიან ძნელია. მოკლედ, უებერმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და მრბოლთა კლასიფიკაციაში ფეტელს გაუთანაბრდა, რომელთან ერთადაც, მეორე ადგილს იყოფს.
გასული სეზონის ბოლო ეტაპზე (ბრაზილია) გამარჯვების შემდეგ, უებერმა პირველი რბოლა მოიგო. ეს მის კარიერაში მერვე დიდი პრიზია. „რედ ბულის“ პილოტებმა კი მონაკოში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს და თანაც, მესამედაც პოულიდან აიღეს სტარტი. ამ სამიდან ორი გამარჯვება უებერზეა, ვინც პირველად 2010 წელს მოიგო.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ რბოლის დაწყებამდე, პადოკში გაჩნდა ხმები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ „რედ ბულის“ მანქანის ძირი არ შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტს. მაგრამ გუნდმა ამ საკითხის შესასწავლად, დროულად მოიწვია FIA-ს ტექნიკური დელეგატი, რომელმაც ეს ვარაუდი უარყო.


„შესანიშნავი დღეა გუნდისთვისაც და ჩემთვისაც. ბედნიერი ვარ, რომ აქ კიდევ ერთხელ მოგება შევძელი. ბოლო წრის მოლო მოსახვევამდე გარანტირებული არაფერი მქონდა, რადგან მეტოქეები კუდზე მყავდნენ“, - ნარბოლევს განაცხადა უებერმა, ვინც ასევე აღნიშნა, რომ ფინიშამდე გაურკვევლობას მოსალოდნელი წვიმაც აძლიერებდა. ბოლოს ალაგ-ალაგ წამოჟინჟლა კიდეც, მაგრამ ისე არა, რომ ლიდერებს საბურავების შეცვლა ეფიქრათ...
აღსანიშნავია, რომ ფინიშის ხაზი პირველმა სამმა პილოტმა ერთწამიან ინტერვალში გადაკვეთა, პირველი ექვსეული კი ერთმანეთტან მხოლოდ ექვსმა წამმა დააშორა. საბოლოოდ, მეორე ადგილი ნიკო როსბერგმა შეინარჩუნა, მესამეზე კი ალონსო გავიდა, რომელიც ჩემპიონატის ლიდერიც გახდა. უებერი და ფეტელი მას სამი ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ ფეტელმა სწორი ტაქტიკა აირჩია - რბილი საბურავი რბოლის საწყის 46 წრეზე იმყოფინა. სხვათა შორის, როსბერგმა იმავე რბილი საბურავით, რბოლის ბოლო 50 წრე გაიარა, უებერმა კი - 49.
კვლავ არ გაუმართლა ჰამილტონს, რომელმაც სტარტი მესამედან კი აიღო, მაგრამ ფინიშს მეხუთემ უწია. ეს ორი ადგილი კი ისევ პიტლეინზე დაკარგა, რადგან მისმა პერსონალმა რეზინის გამოცვლას 6 წამზე მეტი მოანდომა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე იგივე პროცესისთვის მეტოქეებმა იმყოფინეს.
ალონსომ ნარბოლევს განაცხადა, ჩვენი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ჰამილტონზე და ფეტელზე წინ დამემთავრებინა რბოლა და ეს შევძელიო. კარგად იასპარეზა ფელიპე მასამაც, რომელმაც რბოლა ექვსეულში, ლიდერებთან ერთად დაასრულა და ალბათ ცოტა ხნით გადადო „ფერარისთან“ დამშვიდობება.
რბოლის დასაწყისში, პირველივე მოსახვევში მცირე შეჯახება მოხდა, რომლის გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ინციდენტში რომენ გროჟანი და მიხაელ შუმახერი მონაწილეობდნენ. შუმახერი ფრანგის გასწრებას მარცხნიდან ცდილობდა, როცა მეტოქეებისგან შევიწროებულმა გროჟანმაც მანქანა მარცხნივ მიმართა. მისი „ლოტუსის“ უკანა მარცხენა ბორბალი შუმახერის „მერსედესის“ წინა მარჯვენაზე ავარდა. კიდევ კარგი, სიჩქარე არცერთს აკრეფილი არ ჰქონდა და ინციდენტი მხოლოდ „ლოტუსის“ საკიდარის დაზიანებით და რბოლიდან გროჟანის გამოთიშვით ამოიწურა.
შუმახერმა, ვინც კვალიფიკაციის მოგების მიუხედავად, გადადებული ხუთადგილიანი ჯარიმის გამო, სტარტი მე-6 ადგილიდან აიღო, რბოლის გაგრძელება კი შეძლო, მაგრამ ფინიშს მაინც ვერ მიაღწია - 15 წრით ადრე გაჩერდა. პირველივე წრეზე, რბოლას ასევე ესპანეთის დიდი პრიზის გამარჯვებული, პასტორ მალდონადო გამოეთიშა.

მონაკოს დიდი პრიზი
მონტე კარლო, დისტანცია 260.520 კმ (78 წრე, 3.340 კმ)
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:46:06.557
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:00.643
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   00:00.947
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               00:01.343
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            00:04.101
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             00:06.195
7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               00:41.537
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            00:42.562
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         00:44.036
10. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        00:44.516
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1 წრე
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1 წრე
13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1 წრე
14. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1 წრე
15. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               2 წრე
16გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             8 წრე
გ. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                            14 წრე
გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)        13 წრე
გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 15 წრე
გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                   63 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          73 წრე
გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                   76 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         77 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   78 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:17.296, 49-ე წრე



მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ფერნანდო ალონსო - 76 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 73; 3. მარკ უებერი - 73; 4. ლუის ჰამილტონი - 63; 5. ნიკო როსბერგი - 59; 6. კიმი რაიკონენი - 51; 7. ჯენსონ ბატონი - 45; 8. რომენ გროჟანი - 35; 9. პასტორ მალდონადო - 29; 10. სერხიო პერესი - 22; 11. პოლ დი რესტა - 21; 12. კამუი კობაიაში - 19; 13. ბრუნო სენა - 15; 14. ფელიპე მასა - 10; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 7; 16. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 17. დანიელ რიკიარდო - 2; 18. მიხაელ შუმახერი - 2



კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 146 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 108; 3. ფერარი - 86; 4. ლოტუს-რენო - 86; 5. მერსედესი - 61; 6. უილიამს-რენო - 44; 7. ზაუბერ-ფერარი - 41; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 28; 9. ტორო როსო-ფერარი - 6

No comments:

Post a Comment