Saturday, May 12, 2012

პერესი: უკეთესი შედეგი შესაძლებელი იყო


Happy Perez says better result was possible
12 მაისი
სერხიო პერესი (ფოტოზე, რბოლისას) ამბობს, რომ ესპანური დიდი პრიზის კვალიფიკაციის უკეთ დასრულება შეეძლო. არადა, თავადვე აღიარებს, რომ სესია მაინც იმაზე უკეთესი შედეგით დაასრულა, ვიდრე ელოდა. მექსიკელმა მრბოლმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თავადაც მაღალი კლასის პილოტია და თავისი შესაძლებლობების წარმოჩენაში, „ზაუბერის“ მანქანაც უწყობს ხელს.

საკვალიფიკაციო სესია მან მე-6 შედეგით დაასრულა, რბოლას კი მე-5 პოზიციიდან დაიწყებს. მესამე ადგილამდე პერესს დაახლოებით ორი მეათედი წამი დააკლდა, თუმცა ნარბოლევს დარდობდა, რომ თავისი მანქანისგან მაქსიმუმის გამოწურვა ვერ შეძლო.
„თავისუფალი პრაქტიკები ჩემთვის იოლი არ ყოფილა, მაგრამ კვალიფიკაციაზე მანქანა შესანიშნავი იყო. ვფიქრობ, ამ შედეგით უკმაყოფილო არ უნდა ვიყო. ეგ კი არა, ეს იმაზე მეტიცაა, ვიდრე ველოდით. კონკურენცია იმდენად დიდია, რომ ერთ მეათედ წამსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს კი ფიქრობ, რომ უფრო სწრაფადაც შეგეძლო გაგევლო. ამ მხრივ, მე-6 შედეგი დიდი ვერაფერი მიღწევაა, რადგან ოდნავ უკთესი დროით, უკეთესი პოზიციაც ხელმისაწვდომი იქნებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ რბოლაში კარგი ტემპის აკრეფა შეგვიძლია. ბევრი რამ, საბურავების ცვეთის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ამ ტრასაზე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მინდა, რბოლა რაც შეიძლება მეტი ქულით დავასრულო და იქნებ, სასიამოვნო სიურპრიზიც შემოგთავაზოთ“, - ამბობს პერესი.
არ გაუმართლა მის თანაგუნდელ კამუი კობაიაშის, რომელმაც კვალიფიკაციის მეორე ეტაპის გავლა ვერ შეძლო. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მის მანქანაზე ჰიდრავლიკა გამოვიდა მწყობრიდან. არადა, იაპონელი ამბობს, რომ ხუთეულში შესვლა შეეძლო.
„კვალიფიკაციაზე მართლა კარგად გამოვედით. და ვგრძნობ, რომ გაცილებით უკეთესი შედეგი შეიძლებოდა მქონოდა. პირველ ნაწილში, ტრეფიკი მიშლიდა ხელს, მეორეშიც, როცა საუკეთესო დრო დავაფიქსირე, წინ ტრეფიკი მყავდა. რა თქმა უნდა, უკეთესი დროც შემეძლო. დარწმუნებული ვარ, მოწინავე ხუთეულისთვის ვიბრძოლებდი“, - ამბობს კობაიაში.

No comments:

Post a Comment