Saturday, May 12, 2012

ჰამილტონმა „მაკლარენს“ 150-ე პოული მოუპოვა

Hamilton takes McLaren's 150th pole
12 მაისი
ლუის ჰამილტონმა ესპანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და ამით, „მაკლარენს“ 150-ე პოულ პოზიცია მოაპოვებინა. ეს ამ სეზონში მის მიერ მოპოვებული მესამე პოულია. მეორე საუკეთესო დრო, ყველასათვის მოულოდნელად, ვენესუელელმა პასტორ მალდონადომ აჩვენა და ამით, როგორც იქნა, „უილიამსი“ მოწინავეთა შორის დააბრუნა. რამდენად დიდხანს, ამას სეზონის მსვლელობისას ვნახავთ. მესამე უსწრაფესი კი ფერნანდო ალონსო იყო - როგორც ჩანს, „ფერარის“ მიერ მანქანის მოდერნიზაციას უკვალოდ არ ჩაუვლია...

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ამ სეზონის ყველაზე საინტერესო კვალიფიკაცია იყო. სესიის ბოლო წამებზე, მალდონადომ საუკეთესო დრო აჩვენა და ისე ჩანდა, რომ პოულიც მას დარჩებოდა, მაგრამ ჰამილტონმა შეუძლებელი შეძლო - ვენესუელელის დროს ნახევარი წამი მოაკლო. მაგრამ წრე დაასრულა თუ არა, გუნდმა რადიოთი მაშინვე მანქანის გაჩერება სთხოვა, რადგან ტელემეტრიამ არასტანდარტული სიტუაცია დააფიქსირა.
ეს პრობლემა ერთადერთი არაა, რაც „მაკლარენს“ კვალიფიკაციის დროს ჰქონდა. ჯენსონ ბატონი მეორე სექტორს ვერ გასცდა, რადგან მანქანა არ ემორჩილებოდა (ნარბოლევს ის ცუდ ბალანსს უჩიოდა). ყოველივეს მიუხედავად, „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, პრობლემა სერიოზული არააო. „ვფიქრობ, ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო კვალიფიკაცია იყო. ბარსელონაში რბოლა ყოველთვის მსიამოვნებს და ამ სიამოვნებას გამარჯვება აძლიერებს ხოლმე“, - განაცხადა ჰამილტონმა.
ბრიტანელმა მოიგო, მაგრამ დღის გმირად თავისუფლად შეგვიძლია მალდონადო ჩავთვალოთ. ეს მრბოლი თავისი სისწრაფით და ჟინიანი სტილით ყოველთვის გამოირჩევა, მაგრამ ბარსელონაში პოულისთვის ბრძოლას მისგან არავინ, ალბათ თავადაც არ ელოდა. მაშინაც კი, როდესაც კვალიფიკაციის მეორე ნაწილი საუკეთესო დროით დაასრულა. საინტერესოა ერთი რამ - ეს „უილიამსის“ ისეთივე ერთჯერადი გაბრწყინებაა, როგორიც 2010 წლის ბრაზილიის პოულის ნიკო ჰულკენბერგის (უილიამსი) მიერ მოგება იყო, თუ უბრალოდ, ბრიტანული გუნდის მორიგი ერთჯერადი გამოღვიძება ვიხილეთ? ნებისმიერ შემთხვევაში, მალდონადო დღის გმირია.
სესიის მესამე ნაწილში, სწრაფი წრე არც კი დაუფიქსირებიათ სებასტიან ფეტელს, მიხაელ შუმახერს და კამუი კობაიაში. ისინი საბურავებს გაუფრთხილდნენ. კვლავ საუკეთესოთა შორისაა „ლოტუსის“ ორივე პილოტი. თან, რომენ გროჟანმა მასზე გაცილებით გამოცდილ კიმი რაიკონენს ერთი ნაბიჯით აჯობა. მექსიკელმა სერხიო პერესმა კი დაამტკიცა, რომ ამ სეზონში, „ზაუბერი“ ანგარიშგასაწევი ძალაა და თუ ასე გაგრძელდა, მისგან არც გამარჯვება უნდა გაგიკვირდეთ.
სიმბოლურად გამოვიდა ნიკო როსბერგი, რომელმაც ჰამილტონთან 1.298 წამი წააგო. ბატონივით, კვალიფიკაციის მეორე ნაწილი ვერც მარკ უებერმა გაიარა, თუმცა ავსტრალიელი ოპტიმიზმს არ კარგავს და მის განწყობას „რედ ბულის“ შეფი ქრისტიან ჰორნერიც იზიარებს - სამაგიეროდ, მარკს მარაგში ახალი რეზინის ოთხი კომპლექტი აქვსო, - ამბობს ის და მიანიშნებს, რომ რბოლაში ავსრტალიელის კოზირი კარგად მოფიქრებული სტრატეგია იქნება. სხვათა შორის, უებერს ბარსელონაში წინა ორი კვალიფიკაცია აქვს მოგებული.
საკვალიფიკაციო დროის ლიმიტში ვერ ჩაეტია „ისპანიას“ ინდოელი ნარაინ კართიკეიანი, თუმცა რბოლის სტიუარდებმა მას სტარტზე გამოსვლის უფლება მისცეს.

ესპანეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:21.707
2. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:22.285
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:22.302
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:22.424
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:22.487
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:22.533
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:23.005
8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               დროის გარეშე
9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 დროის გარეშე
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:22.944
12. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:22.977
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:23.125
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:23.177
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:23.265
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:23.442
17. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:23.444
- - - - - - - - - -
18. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:24.981
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:25.277
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:25.507
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:26.582
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:27.032
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:27.555
კვ.გ. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)            1:31.122

შენიშვნა: კვ.გ. - კვალიფიკაციის გარეშე

No comments:

Post a Comment