13 ივნისი
„ბეემვემ“ შარშან საზოგადოებას თავისი ახალი ქვე
ბრენდი - i წარუდგინა, რომელშიც თავის ეკოლოგიურ ავტომობილებს გააერთიანებს.
წამოწყება ფართომასშტაბიანია და დროთა განმავლობაში, მისი საწარმოო პროგრამა
პრაქტიკულად იმდენივე მოდელს და მათს მოდიფიკაციებს გააერთიანებს, რამდენსაც
ბავარიელები ამჟამად აწარმოებენ. შორეულ მომავალში კი i-ს მარკით გამოშვებული
ავტომობილები, გერმანული კომპანიის საწარმოო ღერძს შექმნიან.
13 ივნისს ბავარიელებმა ლონდონის პარკ ლეინზე,
სპეციალიზებული მაღაზია გახსნეს, რომელიც მყიდველს მხოლოდ i-მარკით წარმოებულ
ავტომობილებს შესთავაზებს. მართალია, „ბეემვე“ თავისი პირველი ელექტრომობილის - i3-ს
წარმოებას მერმისს დაიწყებს, მაგრამ მაღაზია უკვე შეუდგა საქმიანობას. ოღონდ, ჯერ
გაყიდვებს არა. ამ ეტაპზე, ის დაინტერესებულ პირებს, ბავარიული კომპანიის
ელექტრომობილებისა და ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს გააცნობს და მათს ავკარგიანობაზე
წარმოდგენას შეუქმნის.
„ამ მაღაზიის გახსნით, ჩვენ ავტომობილების
კომერციისადმი სრულიად ახალ მიდგომას გამოვხატავთ. „ბეემვე i პარკ ლეინი“, „ბეემვე
პარკ ლეინისა“ და „მინი პარკ ლეინის“ მახლობლად მდებარეობს, რითაც დაინტერესებულ
პირებს მივანიშნებთ, რომ ეს ახალი ბიზნესი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მისი
მეშვეობით კი ავტომოყვარულებისთვის, ელექტრომობილების შესახებ დაწვრილებითი
ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. ეს ელექტრული გადაადგილებისადმი ჩვენი
დამოკიდებულების კიდევ ერთი დემონსტრირებაა“, - განაცხადა „ბეემვეს“ ჯგუფის
დირექტორთა საბჭოს წევრმა იან რობერტსონმა.
მართალია, „ბეემვე i პარკ ლეინი“ გაიხსნა, მაგრამ
ის მუშაობას 25 ივლისს დაიწყებს. გერმანული კომპანია კი მსგავს შოურუმებს მსოფლიოს
სხვა დიდ ქალაქებშიც გახსნის. რობერტსონი ამბობს, რომ ელექტრომობილებით ვაჭრობის
უფლება, i-მაღაზიების გარდა, „ბეემვეს“ გამორჩეულ დილერებსაც მიეცემათ. მაგალითად,
ევროპაში ამ უფლებას ბავარიელთა დილერების 10 პროცენტი მიიღებს.
რა თქმა უნდა, ასეთი შოურუმები, შესაბამის
სერვისსაც უზრუნველყოფენ. თუმცა, მათს სერვის-პერსონალს აუცილებლად დაემატებიან
კარბონის, აკუმულატორების და ელექტრული დანადგარების სპეციალისტები.
ბრენდ i-ს პირველი ავტომობილი ბაზარზე მომავალი
წლის ბოლოს გამოვა. ეს იქნება სუპერმინი ჰეჩბეკი i3, რომელსაც რამდენიმე თვეში,
პლაგ-ინ ჰიბრიდული კუპე i8 მოჰყვება.
No comments:
Post a Comment