Saturday, June 30, 2012

„აუდი R8 e-ტრონმა“ ნურბურგრინგზე ელექტრომობილების რეკორდი გააუმჯობესა

Audi R8 e-tron Quietly Sets a New Nürburgring Record for Production EVs at 8:09
30 ივნისი
მართალია, გერმანიის ნურბურგრინგის ავტოდრომის ჩრდილოურ მარყუჟზე, ელექტრომობილების აბსოლუტური რეკორდი (7:47.794) ისევ „ტოიოტას“ სარბოლ პროტოტიპ EV P001-ს ეკუთვნის, მაგრამ სერიული ელექტრომობილების კატეგორიას ამიერიდან ახალი რეკორდსმენი ჰყავს - „აუდი R8 e-ტრონი“, რომლითაც გერმანელმა მრბოლმა მარკუს ვინკელჰოკმა 20.8-კილომეტრიანი ტრასა 8 წუთსა და 09.099 წამში გაიარა.

ცნობისათვის, ამავე ავტომობილის შიდაწვისძრავიანი ვერსიით, გერმანულმა ჟურნალმა „შპორტ აუტომ“ ჯერ 2007 წელს, ტრასას V8-ძრავით აღჭურვილი R8-თ 8 წუთსა და 04 წამში შემოუარა, ორი წლის შემდგ კი იმავე ავტომობილის V10-ძრავიანი ვერსიით, 7 წუთსა და 44 წამში გაიარა. ამგვარად, R8-ს ელექტრული ვერსია, პრაქტიკულად V8-ძრავიანი ვერსიის ტემპერამენტით დაიკვეხნის.
ნურბურგრინგზე სერიული ელექტრომობილების რეკორდის დამყარებასთან დაკავშირებით, „აუდიმ“ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რეკორდსმენი ავტომობილი თითქმის არ განსხვავდება სერიულისგან. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ სერიულ ვერსიას მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ ნიშნულზე აქვს შეზღუდული. ნურბურგრინგზე გასვლამდე კი მანქანას სიჩქარის შემზღუდველი მოხსნეს, რისი წყალობითაც, სარეკორდო წრეზე მოძრაობისას, მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ 250 კმ/სთ-ს მიაღწია.
სხვათა შორის, ვინკელჰოკმა რეკორდს დამყარების შემდგ, იმავე წრეზე მეორე „R8 e-ტრონითაც“ იასპარეზა, რომელსაც შემზღუდველი მოხსნილი არ ჰქონდა. ამჯერად მან ზედიზედ ორი წრე გაიარა, რომელთაგან ერთს 8:30.873 მოანდომა, მეორეს კი - 8:26.096.
„რეკორდული გარბენი ჩემთვის ფანტასტიური გამოცდილებაა. რა თქმა უნდა, „R8 e-ტრონი“ სარბოლი ავტომობილი არაა, სერიული ავტომობილია. შესაბამისად, მისი ძარის აეროდინამიკაც შესაბამისად არაა მომართული. მაგრამ დაბლა განლაგებული სიმძიმის ცენტრისა და წონის სასურველი ბალანსის წყალობით, მას სპორტული თვისებები აქვს“, - ამბობს ვინკელჰოკი.
„R8 e-ტრონი“ ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც „თავ-თავიანთ“, წინა და უკანა ღერძებთანაა დაკავშირებული. თითოეული ძრავი 375 ცხენის ძალას და 820 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.. ამასთან, „აუდი“ ირწმუნება, რომ სტარტზევე უკანა ღერძი 4 900-ზე მეტ ნიუტონმეტრ პიკურ მაბრუნ მომენტს ღებულობს...
„R8 e-ტრონი“ 1780 კილოგრამს იწონის. ის აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით, 215 კილომეტრის გავლა შესძლოს. „აუდი“ ირწმუნება, რომ მის ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 4.6 წამში შეუძლია...




ასევე წაიკითხეთ

ქართული ტუნინგი


გოჩა ქსოვრელის დიზაინი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/12/2.html

No comments:

Post a Comment