Thursday, July 19, 2012

მე-1000 „ლამბორგინი ავენტადორი“

Lamborghini Celebrates Production of 1,000th Aventador LP700-4
19 ივლისი
სულ რაღაც 15 თვე დასჭირდა „ლამბორგინის“ სანტ’აგატა ბოლონეზეს ქარხანას იმისათვის, რომ მეათასე „ავენტადორ LP700-4“ დაემზადებინა. ასე სწრაფად იტალიურ კომპანიას V12 ძრავით აღჭურვილი სუპერ ავტომობილის პირველი ათასი ეგზემპლარი ჯერ არასდროს გამოუშვია.
მაგალითისთვის, „ავენტადორის“ წინამორბედმა „მურსიელაგომ“, რომლის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის 2001 წლის მოტორ შოუზე ჩატარდა, ათასიანი ზღვარი, წარმოების დაწყებიდან ორი წლისა და ხუთი თვის შემდეგ გადაკვეთა. წინა მოდელებს კი, იმავე მიღწევისთვის ამაზე გაცილებით მეტი სჭირდებოდა.
„ლამბორგინის“ ინფორმაციით, „ავენტადორიზე“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამ ავტომობილის დღიური წარმოება სამიდან 4.5-მდე გაზარდა. და ამის მიუხედავად, თუ დღეს სასურველ ავტომობილს შეუკვეთავთ, მას მხოლოდ 18 თვის შემდეგ მიიღებთ.
რაც შეეხება მეათასე ნომრის მატარებელ „ავენტადორს“, მისი შეძენის პატივი წილად ვინმე გერმანელ ჰანს შაიდეკერს ერგო, ვისაც ავტომობილის გასაღები პირადად „ლამბორგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა გადასცა (ფოტოზე). საინტერესოა, რომ შაიდეკერისთვის ეს პირველი „ლამბო“ არაა. მის ფარეხში ლეგენდარული „დიაბლოც“ დგას.
შეგახსენებთ, რომ „ავენტადორ LP700-4“ 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული, რომლის მიერ გადამუშავებულ მამოძრავებელ ძალაც ყველა ბორბალს უნაწილდება. ამ ეკიპირებით, ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას 2.9 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment