19 ივლისი
გერმანიის დიდი პრიზის წინ, ლუის ჰამილტონმა
განაცხადა, რომ არანორმალურად იგრძნობს თავს, თუ „მაკლარენის“ გარდა, რომელიმე
სხვა გუნდში აღმოჩნდება. ამით მან მიანიშნა, რომ სხვაგან გადასვლას არ აპირებს.
არადა, უკვე რამდენიმე კვირაა, კულუარებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ
თითქოს, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი გუნდის შეცვლას აპირებდეს.
და ამ ხმებიდან გამომდინარე, ჰამილტონის რომელიმე
ტოპ გუნდში გადასვლაზე ბევრი ვარაუდი გამოითქვა. მაგრამ ბრიტანელმა მრბოლმა ყველა
ამ ჭორს წერტილი დაუსვა.
„ამ გუნდთან ბევრი რამ მაკავშირებს. მე მათ ვენდობი,
ჩვენ ოჯახივით ვართ. სხვა რაიმე განსხვავებული ჩემთვის არანორმალური იქნება.
ჩემთვის ასეა - როდესაც რამეს პირველად აკეთებ, უნდა დარწმუნდე, რომ ყველაფერს
კარგად ხედავ. ყველა ვარიანტი უნდა შეაჯერო და იცოდე, რა გინდა. და, რა თქმა უნდა,
არ უნდა იჩქარო. შეცდომას ყველაზე ხშირად მაშინ უშვებენ, როდესაც გადაწყვეტილების
მიღებისას ჩქარობენ“, - ამბობს ჰამილტონი და იმედს გამოთქვამს, რომ „მაკლარენში“
იქნება, როცა ეს გუნდი მორიგ წარმატებას მიაღწევს.
„ბოლო 10-15 სეზონი ამ გუნდისთვის საკმაოდ ძნელი
იყო. და მე მინდა, აქ ვიყო, როდესაც ისინი მწვერვალებს მიაღწევენ. მათ ეს მიკასთან
(ჰაკინენთან) ერთად შეძლეს. და ვფიქრობ, ახლა ჩვენი ჯერია. ვგრძნობ, რომ ეს
შემიძლია. ყოველთვის, როდესაც წარუმატებელი რბოლის შემდეგ ბოქსში ვბრუნდები, ჩვენი
ბიჭების შემართება მამხნევებს. როცა ვხედავ, რა თავდაუზოგავად მუშაობენ, მეც
ოპტიმისტი ვხდები“, - დასძენს ჰამილტონი.
კითხვაზე,
ამ სეზონში მოუგებელი რბოლების გამო, მისი ერთგულება „მაკლარენის“ მიმართ ხომ არ
შესუსტდა, ბრიტანელი მრბოლი პასუხობს: „ასე არ ვფიქრობ. ისინი ყოველთვიოს
ახერხებენ სიტუაციის შემობრუნებას. ამ გუნდში უზარმაზარი მხარდაჭერა მაქვს, რასაც
ბევრი სხვაგან ვერ ინატრებს. რონისგან (დენისი), ნორბერტისგან (ჰაუგი) და
მარტინისგან (უიტმარში), ყოველთვის მხარდაჭერა მაქვს. გვილხინს, თუ გვიჭირს, ისინი
ყოველთვის გვერდით არიან. ძალიან საიმედო ხალხია და ვთვლი, რომ ასე თავისთავად არ
ხდება“.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment