Monday, July 9, 2012

სპა სამი წლით დარჩა

Spa agrees new three-year grand prix deal
9 ივლისი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში, სულ ცოტა, სამი წლით დარჩა ბელგიის დიდი პრიზი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტოდრომზე - სპა ფრანკორშანზე ტარდება ხოლმე. ბელგიის ვალონიის რეგიონის ეკონომიკის მინისტრმა ჟან-კლოდ მარკურმა საზოგადოებრივ მაუწყებელ RTBF-თან საუბრისას განაცხადა, რომ ფ1-ის მთავარ აღმასრულებელ ბერნი ეკლსტოუნთან მიღწეულია „პრინციპული შეთანხმება“, რომლის შესაბამისადაც, მომდევნო სამ სეზონში, სპას რბოლა კალენდარში დარჩება.
„ჩვენ კონტრაქტის სამი წლით გაგრძელებაზე მოლაპარაკება გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ 2013, 2014 და 2015 წლებში, ბელგიის დიდი პრიზი სპა ფრანკორშანზე ჩატარდება. მე მინდოდა, რომ ვალონიის რეგიონს ამ რბოლის ჩატარება ნაკლები თანხა დასჯდომოდა და შემიძია ვთქვა, რომ მისია შესრულებულია“, - ამბობს მარკური და დასძენს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რბოლის სპაზე ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ის რეგიონს მეტისმეტად ძვირი უჯდება.
გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგიისა და საფრანგეთის დიდი პრიზების მონაცვლეობით ჩატარების შანსი მას შემდეგ დაიკარგა, რაც საფრანგეთმა თავის პრეზიდენტად ნიკოლა სარკოზი აღარ აირჩია. ცნობილია, რომ სარკოზის ადმინისტრაცია ფრანგული ეტაპის კალენდარში დაბრუნების მომხრე იყო, ახალი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანი კი პირიქით - წინააღმდეგია.



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment