29 ივლისი
სილი სეზონი თავის მსხვერპლს მოითხოვს და ასეთ „მსხვერპლად“,
უნგრული რბოლის წინ, კიმი რაიკონენი მოგვევლინა, რომელიც, პადოკში გავრცელებულ
ხმებს თუ დავუჯრებთ, შეიძლება მომავალ სეზონში „ფერარიში“ ვიხილოთ. არადა,
ბუდაპეშტამდე ცნობილი იყო, რომ ფინელი პილოტი და „ლოტუსი“ ახლოს არიან კონტრაქტის
გაგრძელებასთან.
„ფერარი“ აშკარად უკმაყოფილოა ფელიპე მასას შედეგებით
- მიუხედავად იმისა, რომ მრბოლებს შორის ფერნანდო ალონსო დამაჯერებლად ლიდერობს, იტალიურ
გუნდს კონსტრუქტორთა პირველობაზე მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია. ეს კი საკმარისი
მიზეზია იმისათვის, რომ გუნდმა მეორე კარგი პილოტის მიწვევაზე იზრუნოს.
ბუდაპეშტშივე ცნობილი გახდა, რომ მარანელოელებმა
მასასთან კონტრაქტის გაგრძელების ოპციაზე უარი თქვეს. ისინი კონტრაქტს ამოწურავენ
და მერე გადაწყვეტენ, მასა დარჩება, თუ მის ადგილზე სხვას მოიწვევენ. თუ
ბრაზილიელი დაიტოვეს, მასთან სრულიად განსხვავებული პირობებით გააფორმებენ ახალ
კონტრაქტს. მაგრამ ეს ინფორმაცია უფრო იმის მომასწავებელია, რომ „სკუდერიას“ სხვა
პილოტებთანაც (მათ შორის, შესაძლოა, რაიკონენთანაც) აქვს მოლაპარაკება და თუ
რომელიმე ისეთთან მიაღწია თანხმობას, ვინც მასაზე უკეთესად მიიჩნია, ბრაზილიელს
სხვაგან მოუწევს ადგილის ძებნა. „თუ“ მთლიანად გამოირიცხება, თუ „ფერარი“ რაიკონენის
გადაბირებას შეძლებს.
ამჟამად, იტალიურ გუნდში გადასვლის კანდიდატებს
შორის, რაიკონენის გარდა მოიაზრებიან ნიკო ჰულკენბერგი, პოლ დი რესტა, სერხიო
პერესი და რომენ გროჟანიც კი. მაგრამ მარანელოელები თვლიან, რომ ესენი მასას ბევრი
ვერაფრით სჯობნიან და არც საკმარისი გამოცდილება აქვთ. რაიკონენი კი სულ სხვაა...
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, „ფერარიმ“ ფინელ
პილოტს ალონსო ამჯობინა და ფაქტობრივად, რაიკონენს ფ1-დან წასვლა აიძულა. მაშინ
ყველაზე მეტად ლუკა დი მონტეძემოლომ იაქტიურა, რომელსაც ფინელთან ურთიერთობა ახლაც
დაძაბული ჰქონია. თავად რაიკონენმა განაცხადა, რომ „ფერარიში“ გადასვლის
შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ის უკვე გაეცნო „ლოტუსის“
ახალი (მომავალი სეზონის) მანქანის საწყის მახასიათებლებს. პადოკში იმასაც მოკრავთ
ყურს, რომ მალე რაიკონენი და „ლოტუსი“ კონტრაქტს ერთი სეზონით გააგრძელებენ.
სხვათა
შორის, „ლოტუსთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს გროჟანსაც უმთავრდება, რაც იმას
ნიშნავს, რომ ფრანგ პილოტს დიდი არჩევანი ექნება. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ
ამ ეტაპზე „ლოტუსს“ თუნდაც „ფერარი“ ამჯობინოს - სწორედ ინგლისური საჯინიბოს
დამსახურებაა ის, რომ გროჟანს ფ1-ში მეორე შანსი მიეცა, ეს კი ძალიან იშვიათად ხდება
ხოლმე...
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment