Sunday, July 29, 2012

ჰამილტონმა უნგრული დიდი პრიზი მესამედ მოიგო

Hamilton holds off Raikkonen to win the Hungarian Grand Prix
29 ივლისი
ლუის ჰამილტონმა ფერნანდო ალონსოს 31-ე დაბადების დღის გამარჯვებით აღნიშვნის საშუალება არ მისცა. თავად გაიმარჯვა და საჩემპიონო ფერხულს დაუბრუნდა. მართალია, სეზონმა ეკვატორი უნგრეთში გადალახა და წინ ჯერაც 9 დაძაბული რბოლაა, თუმცა არდადეგების წინ ალონსო დამაჯერებლად ლიდერობს და ბუნებრივია, გამოკვეთილი ფავორიტიცაა. თან, საიუბილეოდ სარგებელი მაინც ნახა - თავის უახლოეს მდევარ მარკ უებერთან უპირატესობა გაზარდა - ახლა ის ავსტრალიელს ზუსტად 40 ქულას უგებს, ანუ ორ გამარჯვებაზე 10 ქულით ნაკლებს. მოკლედ, არდადეგებზე კარგ ხასიათზე გავიდა...
ჰამილტონმა „ლოტუსის“ ორივე მრბოლს აჯობა: სტარტიდან, რბოლის პირველ ნახევარში, რომენ გროჟანს, რომელმაც პიტსტოპამდე ისე სდია, გასწრების რეალური შანსი არ მისცემია. მეორე ნახევრიდან კი კიმი რაიკონენს, რომელიც შეტევისთვის საჭირო ერთწამიან დისტანციაზე კი მიუახლოვდა, მაგრამ ბრიტანელმა ადვილად დაიცვა თავისი მოწინავე პოზიცია და უნგრეთის ბოლო ექვს დიდ პრიზიზზე, „მაკლარენს“ მეხუთე გამარჯვება მოუპოვა.
რაიკონენმა თანაგუნდელს მეორე პიტსტოპის შემდეგ გაასწრო - ტრასაზე რომ გამოვიდა, გროჟანმაც სწორედ მაშინ ჩაამთავრა სტარტ/ფინიშის სწორი. ორი „ლოტუსი“ გვერდიგვერდ აღმოჩნდა. ფრანგს ამ დროს ოდნავ მეტი სიჩქარე ჰქონდა, მაგრამ როგორც კი რაიკონენს გაუსწორდა, ორივე სამუხრუჭე ზონაში შევიდა. ფინელს ხელსაყრელი, შიდა ტრაექტორია ეკავა და დაწინაურება ამის ხარჯზე სცადა. მართალია, გროჟანმა დათმობა არ ისურვა, მაგრამ გარე ტრაექტორიიდან ბერი ვერაფერი მოახერხა და უაზროდ გარისკვას, მესამე ადგილით დაკმაყოფილება ამჯობინა.

სებასტიან ფეტელი ამჯერად მეოთხე ადგილს დასჯერდა. ამგვარად, მან ტრადიცია (რომელიც აშკარად არ ეპიტნავება) არც ამჯერად დაარღვია - უნგრეთი ისევ მოგების გარეშე დატოვა. თუმცა, სლონსოს ცოტათი მაინც დაუახლოვდა - მასთან 42 ქულას აგებს.
ისევ არ გაუმართლა მიხაელ შუმახერს, ვისაც უნგრეთში ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული. მას პრობლემები ჯერ კიდევ სტარტამდე დაეწყო: შუქფარის გაუმართაობის გამო, ჩარლი უაიტინგმა პელოტონი მეორედ გაახურა, მაგრამ შუმახერის „მერსედესი“ ამჯერად ადგილიდან ვერ დაიძრა. მექანიკოსებმა ის პიტლეინზე სასწრაფოდ შეაგორეს და მალევე მანქანის მოსულიერებაც შეძლეს. მაგრამ შუმიმ ბოქსები მაშინ დატოვა, როდესაც სხვები უკვე სასტარტო რიგში იკავებდნენ კუთვნილ ადგილს. მოკლედ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონისთვის რბოლა არაოფიციალურ ტესტებად იქცა, რომლის დროსაც, პიტლეინზე საჯარიმო გავლაც მოუხდა. ფინიშამდე 11 წრით ადრე კი, ბოქსებშივე საბოლოოდ შევიდა...
„სხვა ტრასაზე რომ ვყოფილიყავით, სადაც გასწრება გაცილებით ადვილია, რბოლა ალბათ სხვა შედეგით დასრულდებოდა. კარგია, როდსაც არდადეგების წინ მოიგებ და იცი, რომ შენს მანქანას მოგება შეუძლია. ეს შესანიშნავი გრძნობაა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც უნგრული დიდი პრიზი 2007 და 2009 წლებშიც აქვს მოგებული.
ჰამილტონისთვის ეს მიმდინარე სეზონში მოპოვებული მეორე გამარჯვებაა. პირველი კანადაში მოიგო, თუმცა მას შემდეგ, სამ რბოლაში მხოლოდ ოტხი ქულის აღება შეძლო, რამაც საჩემპიონო ბრძოლას თითქოს ჩამოაშორა. ბუდაპეშტში გამარჯვების შემდეგ კი ლიდერ ალონსოს 47 ქულით ჩამორჩება, ანუ თითქმის ორი გამარჯვებით.
„ამ რბოლაში გამოჩნდა, რომ ჩვენ ბრძოლა შეგვიძლია. თუ ასე გავაგრძელებთ, მაშინ დაწევის შანსიც გვექნება. ახლა სტაბილურობა გვჭირდება და მანქანის სრულყოფაშიც არ უნდა ჩამოვრჩეთ მეტოქეებს. და თუ ეს შევძელით, ეჭვი არ მეპარება, რომ დაწევაც გამოგვივა“, - დასძენს ჰამილტონი.


უნგრეთის დიდი პრიზი
ჰუნგარორინგი, დისტანცია 306.630 კმ (70 წრე, 4.381 კმ)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:41:05.503
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         +00:01.032
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   00:10.518
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               00:11.614
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   00:26.653
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 00:30.243
7. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                          00:33.899
8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      00:34.458
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:38.350
10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   00:51.234
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          00:57.283
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             01:02.887
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       01:03.606
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         01:04.494
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1 წრე
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1 წრე
17გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)            1 წრე
18r. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                      2 წრე
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 2 წრე
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         2 წრე
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           3 წრე
22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                3 წრე
გ. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)                8 წრე
გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 11 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:24.136, 68-ე წრე



მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ფერნანდო ალონსო - 164 ქულა; 2. მარკ უებერი - 124; 3. სებასტიან ფეტელი - 122; 4. ლუის ჰამილტონი - 117; 5. კიმი რაიკონენი - 116; 6. ნიკო როსბერგი - 77; 7. ჯენსონ ბატონი - 76; 8. რომენ გროჟანი - 76; 9. სერხიო პერესი - 47; 10. კამუი კობაიაში - 33; 11. პასტორ მალდონადო - 29; 12. მიხაელ შუმახერი - 29; 13. პოლ დი რესტა - 27; 14. ფელიპე მასა - 25; 15. ბრუნო სენა - 24; 16. ნიკო ჰულკენბერგი - 19; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 18. დანიელ რიკიარდო - 2



კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბულ-რენო - 246 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 193; 3. ლოტუს-რენო - 192; 4. ფერარი - 189; 5. მერსედესი - 106; 6. ზაუბერ-ფერარი - 80; 7. უილიამს-რენო - 53; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 46; 9. ტორო როსო-ფერარი - 6






ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment