26 ივლისი
ახლახანს „ჰიუნდაიმ“ ავსტრალიაში მნიშვნელოვანი
ზღვარი გადალახა - მემილიონე ავტომობილი გაჰყიდა. ეს საპატიო ნომერი მიიღო ქროსოვერმა
ix35-მა,
რომელიც ზოგიერთ ბაზარზე (მათ შორის ამერიკაშიც) „ტუსანის“ სახელით იყიდება.
მემილიონე ავტომობილი ქალაქ პერტის იმ დილერმა გაჰყიდა, რომელმაც 26 წლის წინაც, ავსტრალიის
მიწაზე „ჰიუნდაის“ პირველი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.
„ძალიან გვიხარია, რომ მემილიონე ავტომობილი ზუსტად
იქ გაიყიდა, სადაც ეს ისტორია 26 წლის წინ დაიწყო. მემილიონე მყიდველს რაღაც
განსაკუთრებულ საჩუქარს გავუგზავნით, რათა მან ჩვენი სიხარული და ზეიმი გაიზიაროს“,
- განაცხადა „ჰიუნდაის“ მარკეტინგის დირექტორმა ოლივერ მანმა.
კორეულ კომპანიას 18 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ
ავსტრალიაში პირველი ნახევარი მილიონი ავტომობილი გაეყიდა. მეორე ნახევარ მილიონს
კი 8 წელი ეყო. სწორედ 8 წლის წინ ჩამოყალიბდა „ჰიუნდაი მოტორ კომპანი ავსტრალია“,
კორეული კომპანიის ავსტრალიური შტო, რომელმაც მწვანე კონტინენტზე რამდენიმე ახალი
ავტომობილი წარადგინა.
„ჰიუნდაისთვის“ ავსტრალიაში ყველაზე წარმატებული
შარშანდელი წელი იყო, როცა კორეული კომპანიის ემბლემით 87 008 ავტომობილი გაიყიდა.
ავსტრალიაში „ჰიუნდაის“ 150 დილერი მუშაობს, რომელთა წყალობითაც, ეს კომპანია
იქაური საავტომობილო ბაზრის 8.6 პროცენტს აკონტროლებს.
„ჰიუნდაის“ მოდელთაგან, ოზეთში ყველაზე მეტი
პოპულარობით კომპაქტური i30 სარგებლობს, რომელიც იქ შარშან 28 869 ადამიანმა
იყიდა.
ამჟამად
ავსტრალიის ბაზარზე „ჰიუნდაი“ მეხუთე უდიდესი ავტოკომპანიაა.
No comments:
Post a Comment