Thursday, July 26, 2012

„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

Toyota drives past GM in global sales for 1st half of 2012
26 ივლისი

შარშან რომ „ტოიოტამ“ გაყიდვებში მსოფლიო პირველობა დაკარგა, ყველამ იცოდა, რომ ეს იაპონიასა და ტაილანდში მომხდარი კატაკლიზმების ბრალი იყო. მაგრამ თუ დაკარგულ პოზიციას ასე სწრაფად დაიბრუნებდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისი ორი მთავარი მეტოქე - „ჯენერალ მოტორსი“ და „ფოლკსვაგენი“ ჩინეთში გაყიდვებს ორნიშნა პროცენტული რიცხვით ზრდიან, ამას ალბათ თავად იაპონურ კომპანიაშიც ვერ წარმოიდგენდნენ.

ექვსი თვის მონაცემებით, „ტოიოტამ“ მოწინავე პოზიცია დაიბრუნა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ წლის მონაცემებითაც პირველი იქნება. იაპონური კომპანიის ანგარიშზე 4.97 მილიონი ავტომობილია, „ჯენერალ მოტორსის“ გაყიდვებმა 4.67 მილიონს მიაღწია (შარშანდელი მაჩვენებელი 4.54 მილიონი იყო), „ფოლკსვაგენის“ მაჩვენებელი კი 4.45 მილიონია.
„ტოიოტას“ ასეთი გამოცოცხლება იმის შედეგია, რომ იაპონურმა კომპანიამ საშინაო და ამერიკულ, მისთვის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე, გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა. სამაგიეროდ, ამერიკულ და გერმანულ გიგანტებს ძალიან გაუჭირდათ ევროპაში, სადაც კრიზისი მძვინვარებს და როგორც ჩანს, ასე მალე არ ჩაივლის. ევროპაში გაყიდვების კლებამ კი მათი ჩინური წარმატებები დაჩრდილა.
„ტოიოტასა“ და „ჯენერალ მოტორსის“ გაყიდვებს შორის სხვაობა დაახლოებით 300 000 ავტომობილია, ანუ, იაპონური კომპანიის გაყიდვების დაახლოებით 7 პროცენტი. ერთი შეხედვით, ეს ბევრი არ არის, თუმცა არ არსებობს მიზეზი, რომლის წყალობითაც გენერლები ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას შეძლებენ. საინტერესოა, რომ პირველი კვარტლის შემდეგ, იაპონური კომპანია ამერიკელ მეტოქეს 210 000 ავტომობილით (გაყიდულით) სჯობდა, გერმანელს კი - 330 000 ავტომობილით.

„ჯენერალ მოტორსი“ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი 77 წლის განმავლობაში იყო. მაგრამ 2008 წელს მოწინავე პოზიცია „ტოიოტამ“ დაათმობინა, რისი ძირითადი მიზეზი, გენერლებისთვის მთავარ, ამერიკულ ბაზარზე გაყიდვების კატასტროფული შემცირება გახდა. ამას მოჰყვა ამერიკული კომპანიის ხელოვნურად გაკოტრება და სახელმწიფოსგან გაწეული მრავალმილიარდიანი დახმარება. რის შედეგადაც, ამერიკულმა კომპანიამ სული მოითქვა და შარშან ლიდერობა დაიბრუნა. რის ხარჯზე, ზემოთაც ითქვა.
„ტოიოტას“ ფისკალური წლის განმავლობაში (რომელიც 1 აპრილს დაიწყო) 9.58 მილიონი ავტომობილის გაყიდვა აქვს ნავარაუდები, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21 პროცენტით მეტია.

No comments:

Post a Comment